
ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ნინსიას ავტონომიური რეგიონი კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ უნაყოფო მიწებთან, ქვიშასთან და გობის უდაბნოსთან ასოცირდებოდა. დღეს კი ეს ტერიტორია ჩინეთის მეღვინეობის ფლაგმანია და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ღვინის რეგიონად მიიჩნევა.
რეგიონი უკვე ფლობს 40 ათას ჰექტარზე მეტ ვენახს, აქ ფუნქციონირებს 200-ზე მეტი ღვინის საწარმო, ხოლო წლიური წარმოება 140 მილიონ ბოთლს აღემატება. ნინსიას ღვინოებმა საერთაშორისო კონკურსებზე 1 000-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა, რაც ჩინეთისთვის უპრეცედენტო შედეგია.
ნინსია ჰელანის მთებისა და გობის უდაბნოს შორის მდებარეობს. სწორედ ეს, ერთი შეხედვით, მკაცრი ბუნებრივი პირობები აღმოჩნდა მაღალი ხარისხის მევენახეობისთვის იდეალური. მშრალი ჰავა, წელიწადში 3 000 საათამდე მზის ნათება, დღის და ღამის ტემპერატურებს შორის დიდი სხვაობა და ქვიშიანი ნიადაგი ყურძენს განსაკუთრებულ არომატსა და კონცენტრაციას ანიჭებს.
რეგიონს სიცოცხლეს ჩინეთის „დედა მდინარე“ – ხუანხე აძლევს. მისი წყალი არხების სისტემით ვენახებს მიეწოდება, ხოლო თანამედროვე წვეთოვანი მორწყვის ტექნოლოგიები წყლის თითოეული წვეთის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს.
- ნინსია ჰელანის მთებისა და გობის უდაბნოს შორის მდებარეობს. სწორედ ეს, ერთი შეხედვით, მკაცრი ბუნებრივი პირობები აღმოჩნდა მაღალი ხარისხის მევენახეობისთვის იდეალური
ნინსიაში ასობით თანამედროვე მარანია, რომელთა შორის გამოირჩევა Zhihui Yuanshi Winery და Helanhong Winery. ორივე პრემიუმ კლასის ღვინოს აწარმოებს და აქტიურად ავითარებს ღვინის ტურიზმსაც. ადგილობრივი მეღვინეები საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობენ, იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და თანამშრომლობენ ევროპელ სპეციალისტებთან. განსაკუთრებით წარმატებულია კაბერნე სოვინიონისა და მერლოს ღვინოები, რის გამოც ნინსიას ხშირად „ჩინურ ბორდოს“ უწოდებენ.
ღვინის ინდუსტრიამ მთლიანად შეცვალა რეგიონის ეკონომიკა. ვენახებისა და მარნების გარშემო განვითარდა ტურიზმი, რომელიც ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტ ვიზიტორს იზიდავს. ღვინის სექტორი რეგიონს 45 მილიარდ იუანზე მეტ ეკონომიკურ შემოსავალს აძლევს და ათიათასობით ადამიანს ასაქმებს.
ნინსიას ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების, სახელმწიფოს მხარდაჭერისა და ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენების წყალობით შესაძლებელია გობის უდაბნოს პირას მდებარე უნაყოფო მიწების მსოფლიო დონის მეღვინეობის რეგიონად გარდაქმნა. დღეს სწორედ ნინსია განიხილება ჩინეთის მთავარ ღვინის სავიზიტო ბარათად და ქვეყნის ყველაზე წარმატებულ აგრარულ პროექტად.