
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსში დარჩენა-გამოსვლის თემაზე მიმდინარე დისკუსიას "უაზროდ" მიიჩნევს და პარტიას კონკრეტული დღის წესრიგის შექმნისა და აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებს.
ხაბეიშვილის განცხადებით, დროის გამოგონილ დილემებზე კარგვის ნაცვლად, მთავარი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შეტევა და საქმის კეთებაა.
ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „მნიშვნელოვანია დღის წესრიგის შექმნა, შეტევა და მოქმედება, ვისაც ჭაობში დარჩენა უნდა, ის თავად გაემიჯნება საქმეს და გააგრძელებს „ყიყინს”
“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას თუ გამოსვლას ეხება:
მნიშვნელობა არ აქვს, „შევალთ“ თუ „გამოვალთ“. მნიშვნელობა აქვს იმას, რა დღის წესრიგს ვქმნით. მთავარია, რას ვაკეთებთ, ვქმნით თუ არა დღის წესრიგს და ვუტევთ თუ არა ივანიშვილს. თუ დღის წესრიგს შევქმნით, მერე სხვები თავად გადაწყვეტენ, არიან თუ არა ამ საქმეში.
ჩემთვის საერთოდ გაუგებარია ეს „შედი-გადი“ ამბავი. თუ სადმე მივდივართ და ვმოძრაობთ, სხვებმა თავად გადაწყვიტონ, გამოგვყვებიან თუ არა. „შედი-გადი“ ნიშნავს ადგილზე ბუქსაობას, დროისა და ენერგიის ფუჭად ხარჯვას.
შევუდგეთ საქმეს, შევქმნათ დღის წესრიგი და ეს უაზრო დისკუსიაც დასრულდება.
ბავშვურად გამოიყურება, რომ ალიანსი სამი თვის წინ შეიქმნა, ხოლო უკვე ოთხი თვეა გაუგებარი დისკუსია მიმდინარეობს - შევიდეთ, გამოვიდეთ თუ საერთოდ რა ვქნათ. ეს იმიტომ გვჭირს, რომ არავინ ვიცით, რას ვაკეთებთ.
აბა, საქმეს მივხედოთ და თუ ამის შემდეგაც დადგება ეს საკითხი, მაშინ ვიმსჯელოთ. ამიტომაც მნიშვნელოვანია დღის წესრიგის შექმნა, შეტევა და მოქმედება. მერე ნახავთ, როგორი ალიანსი ჩამოყალიბდება გარშემო - უფრო ფართო, ძლიერი და ქმედითი.
ვისაც ჭაობში დარჩენა უნდა, ის თავად გაემიჯნება საქმეს და გააგრძელებს „ყიყინს“…
რეალურად, დრო ცოტა გვაქვს და მასაც გამოგონილ დილემებზე ვკარგავთ. საქმეს მივხედოთ. საქმეს”, - წერს ხაბეიშვილი.