მარიამ ვეკუა
29.06.2026

ისრაელის მინისტრთა კაბინეტის მიერ სომეხთა გენოციდის ერთხმად აღიარება ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ „ისტორიული სამართლიანობის აღდგენა". ეს არის იერუსალიმის მკვეთრი გეოპოლიტიკური პასუხი ანკარას, რაც ათწლეულების განმავლობაში არსებული ტაბუს მსხვრევასა და ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსის რადიკალურ ცვლილებაზე მიანიშნებს. ანალიტიკოსების შეფასებით, მაშინ, როდესაც ისრაელი თავად დგას გენოციდის მძიმე ბრალდებების წინაშე საერთაშორისო სასამართლოებში, 1915 წლის ტრაგედიის აღიარება თურქეთთან ურთიერთობების საბოლოო გაწყვეტის ფასად გადადგმული სტრატეგიული სვლაა.

კვირას ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ერთხმად დაამტკიცა ინიციატივა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას გენოციდად აფასებს.

აღნიშნული ნაბიჯი, რომელიც ძალაში შესვლამდე პარლამენტის მიერ დამტკიცებას საჭიროებს, ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუარესებაზე მიანიშნებს.

წლების განმავლობაში, თურქეთის განაწყენების შიშით, ისრაელი ამ თემას ოფიციალურ დონეზე არასდროს ეხებოდა. თუმცა, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ღაზაში, ლიბანსა და ირანთან მიმდინარე გაჭიანურებული კონფლიქტების ფონზე.

  • გიდეონ საარი: „ამ გადაწყვეტილების მიღება მორალური და ისტორიული ვალდებულებებიდან გამომდინარე მოხდა... სწორი ნაბიჯის გადადგმა არასდროსაა გვიან".

„მიუხედავად ვრცელი და ცალსახა ისტორიული დოკუმენტაციისა, სომეხთა გენოციდი დღემდე ინსტიტუციონალიზებული უარყოფისა და მინიმიზაციის კამპანიის საგნად რჩება, რაც, ძირითადად თურქეთის მთავრობის მხრიდან, ისტორიის მანიპულაციურ გადაწერასაც მოიცავს", - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა, რომელმაც აღნიშნული ინიციატივა მთავრობას განსახილველად წარუდგინა.

მან აღნიშნა, რომ ისრაელის ლიდერებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, სომეხთა მიმართ განხორციელებული ძალადობა გენოციდად წარსულშიც შეუფასებიათ, თუმცა ისრაელის ქნესეთს (პარლამენტს) ეს გადაწყვეტილება კენჭისყრით ოფიციალურად აქამდე არასდროს დაუდასტურებია.

საარის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება „მორალური და ისტორიული ვალდებულებებიდან გამომდინარე" მოხდა. მთავრობის სხდომაზე მან ასევე განაცხადა, რომ „სწორი ნაბიჯის გადადგმა არასდროსაა გვიან".

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ 1915 წლის მოვლენები გენოციდად უკვე 32-მა ქვეყანამ აღიარა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სირიამ და ლიბანმა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის წარედგინება პარლამენტს დასამტკიცებლად კვირას ისრაელის მინისტრთა კაბინეტის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება.

  • თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ისრაელის მთავრობა, რომლის წინააღმდეგაც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ღაზის მოსახლეობის გენოციდის ბრალდებით საქმე განიხილება, საკუთარი დანაშაულების მიჩქმალვას ცდილობს."

თურქეთმა კი ისრაელის ეს ნაბიჯი „პოლიტიკურად მოტივირებული" გადაწყვეტილებად შეაფასა, რომლის მიზანიც პალესტინელების წინააღმდეგ თავად ისრაელის მიერ განხორციელებული ქმედებებიდან ყურადღების გადატანაა.

„ისრაელის მთავრობა, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალწინ სისტემატურად დევნის პალესტინელ ხალხს და რომლის წინააღმდეგაც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ღაზის მოსახლეობის გენოციდის ბრალდებით საქმე განიხილება, საკუთარი დანაშაულების მიჩქმალვას ცდილობს.

„ეს ბოროტი განზრახვა, რომელიც უგულებელყოფს სამართლებრივ და ისტორიულ ფაქტებს, ააშკარავებს ნეთანიაჰუსა და მისი თანამზრახველების მძიმე მდგომარეობას, რომელთა დაკავების ორდერებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პალესტინელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ფარგლებში გასცა", - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ეს გადაწყვეტილება ასევე დაგმო რეგიონში ისრაელის ერთ-ერთმა საკვანძო პარტნიორმა - აზერბაიჯანმა. ოფიციალურმა ბაქომ ამ ნაბიჯს „ისტორიული ფაქტების დამახინჯება" უწოდა და ისრაელის მთავრობას გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა.

„ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილება ე.წ. „სომეხთა გენოციდთან" დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მიუღებელია 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტების დამახინჯება და რთული ისტორიული საკითხის პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე დაყვანა, რომელსაც არ გააჩნია მყარი სამართლებრივი თუ სამეცნიერო საფუძველი.

  • აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „მსგავსი ქმედებები შერიგებასა თუ ურთიერთგაგებას ხელს არ უწყობს. პირიქით, ისინი ძირს უთხრის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის მცდელობებს."

„მსგავსი ქმედებები შერიგებასა თუ ურთიერთგაგებას ხელს არ უწყობს. პირიქით, ისინი კიდევ უფრო აძლიერებს არსებულ განხეთქილებას და ძირს უთხრის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის მცდელობებს.

„მოვუწოდებთ ისრაელის მთავრობას, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას", -აღნიშნულია განცხადებაში.

გასულ კვირას, გაეროს მიერ მოწვეულმა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა ისრაელი ღაზაში ბავშვების მიზანმიმართულ მკვლელობაში დაადანაშაულა და კიდევ ერთხელ გააჟღერა ბრალდება, რომ ქვეყანა გენოციდს ახორციელებს. ისრაელმა აღნიშნულ ანგარიშს „ცილისმწამებლური ფარსი" უწოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×