საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს - ყაზახეთი. ეს გადაწყვეტილება წინასწარ არ იყო დაანონსებული და გარკვეული თვალსაზრისით, მოულოდნელი აღმოჩნდა. შესაბამის ერთობლივ დეკლარაციას ორშაბათს ასტანაში მოაწერეს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა. აღნიშნული პარტნიორობა მიზნად ისახავს ურთიერთსასარგებლო კავშირების გაძლიერებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებასა და საერთო ინტერესების დაცვას საერთაშორისო ასპარეზზე.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც „ქართველი და ყაზახი ხალხების ინტერესებს ემსახურება".
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებები და დეკლარაციები სულ რამდენიმე სახელმწიფოსთან აქვსგაფორმებული - ყაზახეთთან, ჩინეთთან, უკრაინასთან, რუმინეთთან და აშშ-სთან (რომლის მოქმედებაც ამჟამად ამერიკული მხარის გადაწყვეტილებით შეჩერებულია), ასევე რეგიონული თანამშრომლობის საკითხში სომხეთსა და აზრბაიჯანთან.
ვიზიტის დეტალები
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში 29 ივნისს გაემგზავრა. დელეგაციაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
ორშაბათს, საქართველოსა და ყაზახეთის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ, ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის ასევე გაფორმდა მემორანდუმები კულტურის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.
გარდა ამისა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის საპატიო ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტისას „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი ორმხრივი ვაჭრობის გაფართოების, საინვესტიციო კავშირების გაძლიერებისა და ორი ქვეყნის ბაზრებზე სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებებით".
მხარეებმა ასევე განიხილეს „სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სფეროებში არსებული შესაძლებლობები. ხაზი გაესვა დაკავშირებადობის, ასევე „შუა დერეფნის" მზარდ სტრატეგიულ მნიშვნელობას და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიზნით ძალისხმევის კოორდინაციის აუცილებლობას".
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრის შემდეგ ყაზახეთის პრეზიდენტის სასახლეში გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებზე, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე - ტურიზმის სფეროში კავშირების გაფართოებასა და ორმხრივი ტურისტული ნაკადების ზრდაზე.
ოფიციალური განცხადებები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ყაზახეთის პრეზიდენტის სასახლეში, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ახალ შესაძლებლობებს შექმნის თანამშრომლობის გასაფართოებლად ორ ქვეყანას შორის არაერთი მიმართულებით.
„მსურს გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენი ლიდერობის მიმართ, რომელმაც ხელი შეუწყო ყაზახეთის უწყვეტ პროგრესს და გააძლიერა მისი, როგორც რეგიონში მნიშვნელოვანი და პატივსაცემი პარტნიორის პოზიცია.
- ირაკლი კობახიძე: „მოხარული ვიქნებით, გიმასპინძლოთ საქართველოში. მადლობას გიხდით ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია."
„მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოგილოცოთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელება და რეფერენდუმის ჩატარება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ლიდერობის პირობებში განხორციელებული რეფორები კიდევ უფრო გააძლიერებს ყაზახეთის განვითარებას და ინსტიტუციურ მდგრადობას. სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის თანამშრომლობის გასაფართოებლად ჩვენს ქვეყნებს შორის არაერთი მიმართულებით. მოხარული ვიქნებით, გიმასპინძლოთ საქართველოში. მადლობას გიხდით ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობას და მოუთმენლად ველით მისი შემდეგი სხდომის გამართვას საქართველოში. მიგვაჩნია, რომ ის დამატებით მუხტს შესძენს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა ისტორიული გადაწყვეტილებაა.
„საქართველო ჩვენთვის გამოცდილი და უაღრესად სანდო პარტნიორია. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს ღრმა ისტორიული ფესვები, საერთო კულტურული ღირებულებები და მჭიდრო ხალხთაშორისი კავშირები, რომლებიც ჩვენი პარტნიორობის მყარ საფუძველს ქმნის. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ თქვენს პირად წვლილს ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის განმტკიცებაში.
„დღეს ჩვენ ხელს მოვაწერთ ერთობლივ განცხადებას, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანს. ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც ემსახურება ჩვენი ხალხების ძირითად ინტერესებს და ქმნის მყარ საფუძველს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის. ეს ყაზახეთში თქვენი ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია და ჩვენს თანამშრომლობაში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.
- ყასიმ-ჟომართ ტოკაევი: „საქართველო ჩვენთვის გამოცდილი და უაღრესად სანდო პარტნიორია... ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის."
„ასევე, მსურს, აღვნიშნო ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია. თქვენი ძლიერი ლიდერობა საშუალებას აძლევს საქართველოს, წარმატებით გაუმკლავდეს რთულ გამოწვევებს და ამავდროულად შეინარჩუნოს განვითარების სტაბილური კურსი. საქართველო განაგრძობს შთამბეჭდავი შედეგების მიღწევას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და საერთაშორისო ასპარეზზე თავისი როლის განმტკიცების მიმართულებით. ჩვენ საქართველოს ვხედავთ, როგორც დინამიკურ და მომავალზე ორიენტირებულ ქვეყანას, რომელსაც ნათელი მომავალი აქვს და გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენი ეროვნული მიზნების მიღწევაში", - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.