თამთა ჩაჩანიძე
29.06.2026

ორშაბათს მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ „დროას" ლიდერ ელენე ხოშტარიას საპატიმროდან მრავალპროფილურ კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ. ეს გადაწყვეტილება ჟურნალისტებს პენიტენციური სამსახურის დირექტორმა გიორგი პატარიძემ აცნობა და განაცხადა, რომ ხოშტარიას ეტაპირება ორი დღის განმავლობაში მოხდება.

„დროას" ინფორმაციით, ხოშტარიას კლინიკაში ჩაუტარდება კომპლექსური გამოკვლევები, საბოლოოდ დადასტურდება მისი დიაგნოზი და გაივლის მკურნალობის შესაბამის კურსს, „მისი მკურნალობის პროცესში კი სრულად იქნებიან ჩართული მისი მკურნალი ექიმები სხვადასხვა პროფილური მიმართულებით".

29 ივნისის შუადღიდან ელენე ხოშტარიას მეგობრები და თანამებრძძოლები პენიტენციურ დაწესებულებასთან შეიკრიბნენ, სადაც ელოდნენ მის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას.

რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად და მისი მდგომარეობის შესასწავლად ექიმები მაკა იოსელიანი და ანი ქავთარაძე, ასევე ადვოკატი შოთა თუთბერიძე მივიდნენ. მსჯავრდებულის გასინჯვის შემდეგ, იოსელიანი, ქავთარაძე და თუთბერიძე პენიტენციური სამსახურის დირექტორს, გიორგი პატარიძეს შეხვდნენ, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.

რამდენიმე დღის წინ ქალი პოლიტიკოსები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასა და რისკებზე ისაუბრეს. უფლებადამცველები კი განიხილავდნენ მრავალპროფილურ და მულტიფიუნქციურ კლინიკაში მის გადაყვანასა და ხოშტარიას მიმართ სასჯელის შეცვლის, გადავადების, ან გათავისუფლების მექანიზმებს.

მანამდე პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, მას უტარდება ყველა საჭირო გამოკვლევა და მკურნალობა.

თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ამა წლის 24 მარტს ცნო. მოსამართლე გიორგი არევაძის განაჩენით, ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს და განაშენის შესაბამისად, ციხიდან 2027 წლის მარტშ გათავისუფლდება.

ხოშტარია ისევ არაფერს არ ითხოვს

ამ პროცესების პარარელურად, „დროას" ლიდერმა ციხიდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც წინა წერილების მსგავსად წერდა, რომ ისევ არაფერს ითხოვს ხელისუფლებისგან.

„პირველ რიგში, ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ასეთი მხარდაჭერისთვის. მორიდებულადაც კი ვგრძნობ თავს - რაღაცნაირად მრცხვენია, რომ ასე შეწუხდით. დღეს სამინისტროსთან რომ იყო შეკრება, ქალბატონი ლანა ღოღობერიძე დავინახე. მთლად დავიწვი სირცხვილით. ძალიან მერიდება, რომ ადამიანები ელემენტარულ საკითხზე ასე წუხდებიან.

  • ელენე ხოშტარია: „ჩემზე არ იდარდოთ საერთოდ არ მადარდებს, რას გადაწყვეტენ. ახლა ჩემი შვილები მოდიან და არც კი მოვუსმენ - რაც უნდა ის გადაწყვიტონ, აბსოლუტურად ვერაფერს ვერ დამაკლებენ".

„მინდა, გითხრათ და ყველამ ძალიან კარგად იცოდეთ, რომ არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც მე რომელიმე „ქოცი", ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული, მსხვერპლის როლში დამინახავს. ძალიან ძლიერად ვარ. აუტანელი არის არა ტკივილი - ამასაც ავიტან და უარესსაც ავიტან - აუტანელია ის, რომ ამ ქვეყანაში სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ღირსება და სიმართლე უბრალოდ აღარ ფასობს და ეს უნდა გამოვასწოროთ. მართლა ძალიან მძიმეა, როცა ყველაფერი გაუფასურებულია.

„მეორე მხრიდან შეხედეთ, რის კეთება უწევთ, რომ სიტუაცია სათავისოდ შემოატრიალონ, მაგრამ არაფერი არ გამოსდით.

„ჩემზე არ იდარდოთ საერთოდ არ მადარდებს, რას გადაწყვეტენ. ახლა ჩემი შვილები მოდიან და არც კი მოვუსმენ - რაც უნდა ის გადაწყვიტონ, აბსოლუტურად ვერაფერს ვერ დამაკლებენ", - აცხადებს ელენე ხოშტარია.

შესაძლო შეწყალება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულება შესაბამის რეაგირებას ახდენს და ექიმები მის მდგომარეობას სწავლობენ. რაც შეეხება შეწყალების საკითხს, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა.

„მას ჯანმრთელობას ვუსურვებ. ისიც გაითვალისწინეთ, რამდენი ადამიანი ავადდება, რაც აბსოლუტურად ჩვეულებრივი და გასაგები მოვლენაა. ადამიანები, როგორც პენიტენციური დაწესებულების გარეთ, ასევე მის შიგნით ავადდებიან და სამედიცინო დახმარების, მომსახურების თვალსაზრისით სახელმწიფო აბსოლუტურად უფასოდ ახდენს მაღალკვალიფიციურ მკურნალობას. როგორც ვიცით, დამატებით სხვა ექიმებიც არიან ჩართული. პატიმარს მოინახულებენ, ამის შემდგომ კიდევ იქნება შეხვედრა და ა.შ.

  • დავით მათიკაშვილი: „ამ საფუძვლით რომ იყოს შეწყალება აქტუალური, მაშინ ყველა, ვინც პენიტენციურ დაწესებულებაში ავადდება, შეწყალებას უნდა ექვემდებარებოდეს. ეს ასე არ არის, რაც ძალიან კარგად ვიცით".

„შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივა და მისი გადასაწყვეტია. პრეზიდენტის პრეროგატივაში ჩვენ ვერ ჩავერევით, მაგრამ პენიტენციური დაწესებულების, ამ შემთხვევაში, ერთ რიგითი ბინადარის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენად გახდება ამის საფუძველი, პრეზიდენტის გადასაწყვეტია. ამ საფუძვლით რომ იყოს შეწყალება აქტუალური, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველა, ვინც პენიტენციურ დაწესებულებაში ავადდება, შეწყალებას უნდა ექვემდებარებოდეს. ეს ასე არ არის, რაც ძალიან კარგად ვიცით", - აღნიშნა მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×