
რეპრეზენტაციული დემოკრატიის არსი არის, რომ როდესაც მოქალაქე მიდის და აძლევს ხმას გარკვეულ პოლიტიკურ გუნდს, უცხადებს ნდობას, რომ მისი ინტერესები წარმოადგინოს, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მოქალაქე, მოსახლეობა ქირაობს პოლიტიკურ გუნდს, შეუძლებელია, საზოგადოებამ იქირაოს ის, ვინც უკვე ნაქირავებია, - ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა.
ცოტნე ივანიშვილს კითხვა დაუსვეს, რამდენად სწორია პოლიტიკური ოპონენტების მისამართით ისეთი ტერმინებისა იარლიყების გამოყენება, როგორიცაა აგენტი.
ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, პირადად ის არ აპირებს აღნიშნული ტერმინის გამოყენებას. თუმცა, მისივე თქმით, საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც სხვის მიერ არიან ნაქირავები, შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ის პოლიტიკური ძალა ქვეყნის მოქალაქემ იქირაოს.
„დიახ, საინტერესო თემაა. პირადად მე არ გამოვიყენებ სიტყვა აგენტს. პოლიტიკოსები მართლაც იყენებენ ამ ტერმინს. მე არ ვაპირებ ამ ტერმინის გამოყენებას. თვითონ საკითხი რომ ოდნავ ჩავშალოთ, ზოგადად რეპრეზენტაციული დემოკრატიის არსი, დედააზრი არის ის, რომ როდესაც მოქალაქე მიდის და აძლევს ხმას გარკვეულ პოლიტიკურ გუნდს, ის მასთან დებს, ასე ვთქვათ, ხელშეკრულებას, უცხადებს ნდობას იმისთვის, რომ მან მისი ინტერესები წარმოადგინოს. ცოტა სხვანაირი ფორმულირებაც რომ მივცეთ, რაღაც მომენტში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მოსახლეობა, მოქალაქე ქირაობს გარკვეულ პოლიტიკურ გუნდს, რათა მან მისი ინტერესი წარმოადგინოს, მოემსახუროს მას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც უნდა მართავდეს ქვეყანას, აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს, პირველ რიგში, მის მოსახლეობას. ქირაობის ტერმინს რომ დავუბრუნდეთ, თუ ვიძახით, რომ მოსახლეობა არის ის, ვინც ქირაობს პოლიტიკურ ძალას იმისთვის, რომ მას მოემსახუროს, სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც არიან პოლიტიკური ძალები, კონკრეტიკაში შესვლას არ ვაპირებ, ვინც სხვის მიერ არის ნაქირავები. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ის პოლიტიკური ძალა იქირაოს ქვეყნის მოქალაქემ, რადგან ის პოლიტიკური ძალა უკვე სხვას ემსახურება. შეიძლება, ამ ტერმინის გამოყენება ამ იდეას მივაბათ, რომ შეუძლებელია საზოგადოებამ იქირაოს ის, ვინც უკვე ნაქირავებია“, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.