
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, შპს „ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ბიოლოგიურ მშობლებსა და სუროგატ დედებს შორის შუამავალი კომპანია შპს „ქინდერლი ჯორჯია“ დააფუძნეს. კომპანიის სახელით ბიოლოგიურ მშობლებთან ხელშეკრულებებს დებდნენ და ვალდებულებას იღებდნენ, რომ სუროგატ დედებს მოიძიებდნენ და ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით ბავშვის გაჩენას უზრუნველყოფდნენ.
აღნიშნული გზით ბრალდებულებმა ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან მოიზიდეს დიდი ოდენობით თანხები და სუროგატი დედების სხვადასხვა ხარჯების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების დაფარვის ნაცვლად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად მიითვისეს როგორც პოტენციური მშობლების, ასევე სუროგატი დედების კუთვნილი 2 060 006,5 ლარზე მეტი თანხა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები, მათგან ერთი დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება) სრულად ცნო დამნაშავედ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
რეესტრის მონაცემებით, შპს „ქინდერლი ჯორჯიას“ ძირითადი მფლობელი და გენერალური დირექტორი სომხეთის მოქალაქე არმენ მელიქიანია, რომელიც კომპანიის წილის 67%-ს ფლობს, რომელიც 2025 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს. კომპანიის მეორე თანადამფუძნებელი კი უკრაინის მოქალაქე რუსლან ტიმოშენკოა, რომელიც საწესდებო კაპიტალში 33%-იან წილს ფლობს. ტიმოშენკოს სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
ბრალდებულებს დაარსებული ჰქონდათ შპს „ქინდერლი ჯორჯია“, რომელიც წარმოადგენდა შუამავალ კომპანიას ბიოლოგიურ მშობლებსა და სუროგატ დედებს შორის. კერძოდ, ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით შპს „ქინდერლი ჯორჯია“ ახდენდა სუროგატი დედების მოძიებას და მათთან დებდა ხელშეკრულებას ბიოლოგიური მშობლების სახელით, როგორც მათი წარმომადგენლები.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა აღნიშნული შპს-ს სახელით, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისაგან მოიზიდეს დიდი ოდენობით თანხა და ნაცვლად იმისა, რომ ბიოლოგიური მშობლებისგან მიღებული თანხა გამოეყენებინათ სუროგატი დედების სამედიცინო და ყოველდღიური ხარჯებისთვის, ასევე ბინის ქირისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების დასაფარად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ბიოლოგიური მშობლებისგან მიღებული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.