ერთვება თუ არა ანა წითლიძე ენმ-ის თავმჯდომარეობისათვის ბრძოლაში
ნატალია ჯვარიძე
30.06.2026

ენმ-ის მოქმედ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა ერთ კვირაში უმთავრდება, თუმცა ამ დრომდე არც ყრილობის ზუსტი თარიღია ცნობილი და არც თავმჯდომარეობის კანდიდატთა ვინაობა. ამის ფონზე „ნაცმოძრაობა" შიდა რეფორმაზე დაიწყო საუბარი, რომელიც მართვის დეცენტრალიზაციასა და საწევრო გადასახადების შემოღებას გულისხმობს და ესეც, შესაძლოა, სწორედ მომავალი თავმჯდომარის კანდიდატურას უკავშირდებოდეს.

ენმ-ის ოფისში სამშაბათს გამართულ პრეზენტაციას არ ესწრებოდა პარტიის მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. რეფორმის პროექტი ირაკლი ფავლენიშვილმა და ანი წითლიძემ წარმოადგინეს. წითლიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ გამორიცხავს და ეს პრეზენტაცია, შესაძლოა, მისი მხრიდან ერთგვარი წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისი იყოს.

აქამდე პარტიის თავმჯდომარის არჩევნების მხრივ, განხილვის მთავარი ფოკუსი ორ ფიგურაზე იყო მიმართული - მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.

ბოკუჩავა არ უარყოფს, რომ შესაძლოა თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი იყოს, თუმცა ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

  • ანა წითლიძე: „ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ენმ-ში სახელის და გვარების ცვლილებას, ვინ იქნება კანდიდატი, ან ვინ შეიძლება გაიმარჯვოს, ეს იქნება ანა წითლიძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, თინა ბოკუჩავა, თუ ნებისმიერი სხვა".

„არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება მივიღო. კი, რა თქმა უნდა, შესაძლოა ჩავერთო საარჩევნო პროცესში. ეს გადაწყვეტილება არ მიმიღია. აბსოლუტურად ღიად ვამბობ, რომ ბოლო პერიოდი, მათ შორის სტრასბურგიდან მოყოლებული და ახლაც, წინა კვირას შეხვედრა გვქონდა მაგალითად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ქალთა პლატფორმის ფარგლებში ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ვრჩები პარტიაში, აქტიურობას რიგითი წევრის სტატუსიდანაც გავაგრძელებ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ნანუკა ჟორჟოლიანი პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად „ნაცმოძრაობას" პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა, თუმცა ამას პარტიის ლიდერთა დიდი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. თავად ჟორჟოლიანი ასევე აცხადებს, რომ მისი კანდიდატობა საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

რაც შეეხება წითლიძეს, მან პირველ არხზე სტუმრობისას კითხვას, შეიძლება თუ არა მისი მოხსენიება პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად, ასე უპასუხა:

„ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" სახელის და გვარების ცვლილებას, ვინ იქნება კანდიდატი, ან ვინ შეიძლება გაიმარჯვოს, ეს იქნება ანა წითლიძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, თინა ბოკუჩავა, თუ ნებისმიერი სხვა... „ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის, რაზეც ისაუბრა თავად მიხეილ სააკაშვილმაც, რომ პარტიაში განხორციელდეს სისტემური რეფორმები და პარტია გახდეს სახალხო".

რეფორმა

„ერთიან ნაციონალური მოძრაობაში" აცხადებენ, რომ იწყებენ პარტიის ორგანიზაციული განვითარების ახალ ეტაპს, რომელიც მიზნად ისახავს ტრადიციული, ვერტიკალური პარტიული სტრუქტურის გარდაქმნას თანამედროვე, ციფრულ და მოქალაქეთა ფართო ჩართულობაზე დაფუძნებულ ქსელურ მოდელად.

როგორც პრეზენტაციაზე განაცხადეს, რეფორმის მთავარი მიზანია პარტიის გახსნა, გამჭვირვალობის ზრდა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში წევრების, მხარდამჭერების უფრო აქტიური მონაწილეობა. მათივე ცნობით, კონცეფცია ეფუძნება ოთხ ძირითად მიმართულებას:

დელიბერაციული დემოკრატიის გაძლიერება - იქმნება მოქალაქეთა ასამბლეებისა და რეგიონული სათათბირო ჯგუფების სისტემა, სადაც პარტიული სტრატეგიის ფორმირებაში მონაწილეობენ როგორც წევრები, ისე დამოუკიდებელი ექსპერტები;

ციფრული პარტიის პლატფორმა - ინერგება ერთიანი ციფრული ეკოსისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შიდა არჩევნებს, პრაიმერის პროცესებსა და წევრთა ჩართულობას გამჭვირვალე, დაცულ ონლაინ გარემოში;

ფინანსური გამჭვირვალობა და მიკროდონაციები - პარტია გადადის მცირე, რეგულარული შენატანების მოდელზე, რაც ამცირებს მსხვილი ფინანსური გავლენების რისკს და ზრდის ანგარიშვალდებულებას.

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ანი წითლიძის განაცხადებით, საწევროების სისტემა ნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობის" წევრები პარტიასთან თავიანთ ბმას, მათ შორის ამოწმებენ საწევროების შემოტანით. თანხა კი განსაზღვრული არ არის და ის უნდა დაამტკიცოს პოლიტსაბჭომ.

  • რამაზ საყვარელიძე: „ასეთი გაჭიანურება ალბათ იმით აიხსნება, რომ ვინც უნდა დაასახელოს კანდიდატები და ვადა, იმ ჯგუფმა ჯერ თვითონ ვერ გადაწყვიტა, პროცესები რა მიმართულებით წაიყვანოს."

„ნაციონალური მოძრაობა" ისედაც ერთადერთი პარტიაა, რომელიც შიდა დემოკრატიის მხრივ ყველა ერთად აღებულ პარტიას უსწრებს, მათ შორის თავმჯდომარის არჩევნებით, მაგრამ დღეს წარდგენილი კონცეფცია უკვე გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის" გარდაქმნას საერთოდ სხვა ტიპის პარტიად.

„სიახლე არის, რომ პარტიის წევრები შემოვიდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საუბარი არ არის პარტიის წევრების რაღაც კონკრეტულ წრეზე, საუბარია „ნაციონალური მოძრაობის" ათასობით წევრზე, რომლებიც სპეციალური ელექტრონული აპლიკაციის მეშვეობით შემოვლენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს არის რეალურად ჰორიზონტალური მართვა და ეს არის დეცენტრალიზაცია, რომელიც გულისხმობს მოქალაქეების მონაწილეობას, მაგალითად, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რაც პარტიას აქვს გადასაწყვეტი - იყოს თუ არ იყოს ალიანსში, პირობითად, შევიდეთ თუ არა პარლამენტში, დაუჭიროს თუ არა მხარი კონკრეტულ ინიციატივას. ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ პარტიის წევრებმა. ეს ასევე გულისხმობს მოქალაქეთა ასამბლეების, რეგიონული ჰაბების შექმნას მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში, რომელიც უკვე პარტიის წევრების გარდა, პარტიის მხარდამჭერებს აძლევს შესაძლებლობას, ელექტრონული აპლიკაციის მეშვეობით მონაწილეობა მიიღონ პარტიის სხვადასხვა აქტივობაში. არა მხოლოდ მონაწილეობა მიიღონ, თვითონ იყვნენ ინიციატორები", - განაცხადა ანი წითლიძემ.

რატომ ჭიანურდება ყრილობის მოწვევა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე დროის გაწელვას უკავშირებს იმას, რომ სავარაუდოდ, მსჯელობა მიდის კანდიდატებსა და არჩევნების ვადაზე.

„ყრილობა ყველა შემთხვევაში უნდა გაიმართოს. ალბათ, მალე გადაწყვეტენ და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. ჯერჯერობით, სავარაუდოდ, მსჯელობა ვადასა და კანდიდატებზე მიმდინარეობს",- თქვა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ენმ-ში ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, პროცესები რა მიმართულებით წაიყვანონ.

  • ნიკა ჩიტაძე: „ალბათ, სააკაშვილის მხარდაჭერას ამა თუ იმ კანდიდატზე, გარკვეული შედეგი ექნება, რადგან ყველა შემთხვევაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს".

„ასეთი გაჭიანურება ალბათ იმით აიხსნება, რომ ვინც უნდა დაასახელოს კანდიდატები და ვადა, იმ ჯგუფმა ჯერ თვითონ ვერ გადაწყვიტა, პროცესები რა მიმართულებით წაიყვანოს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვამბობთ, დემოკრატიაა და ხალხი წყვეტს, ვინც პროცესს ორგანიზებას უწევს, მას თავისი ინტერესები აქვს და ხალხს მათთვის მისაღები გადაწყვეტილებისკენ უბიძგებენ. თუმცა, თუ ჯერ თვითონ არ აქვთ გადაწყვეტილი, მოლოდინის რეჟიმი ურჩევნიათ", - აღნიშნა საყვარელიძემ.

ვინ იქნებიან კანდიდატები

ნიკა ჩიტაძე სავარაუდო კანდიდატებზე ამბობს: „ოპოზიციის ნაწილი ალბათ, ნანუკა ჟორჟოლიანს უჭერს მხარს, ნაწილი ბოკუჩავას, თუ მან მოინდომა არჩევნებში მონაწილეობა. შესაძლოა უფრო მეტმა მიიღოს მონაწილეობა".

რამაზ საყვარელიძის ვარაუდით, ერთ-ერთი კანდიდატი შესაძლოა პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი იყოს.

„ბოლო პერიოდში გააქტიურებული პერსონებიდან, ალბათ, თინა ბოკუჩავას გარდა, ქალბატონი ჟორჟოლიანი იქნება კანდიდატი. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ხაბეიშვილმა ციხიდან განაცხადოს პრეტენზია.

„ძნელი სათქმელია, ვის აქვს აქედან უფრო მეტი შანსი. მგონი საერთოდ იმიტომ ჭიანურდება, რომ თვითონ სააკაშვილს არ აქვს მკაფიოდ გაცხადებული მის რჩეულზე. არც ის არის მკაფიოდ გამოვლენილი, პარტიის წევრების განწყობა საითკენაა", - განაცხადა საყვარელიძემ.

სააკაშვილის ფაქტორი და შიდაპარტიული რეფორმები

ნიკა ჩიტაძის აზრით, სააკაშვილის ფაქტორს არჩევნების შედეგებზე გარკვეულ გავლენას მოახდენს:

„ალბათ, სააკაშვილის მხარდაჭერას ამა თუ იმ კანდიდატზე, გარკვეული შედეგი ექნება, რადგან ყველა შემთხვევაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს".

რამაზ საყვარელიძის აზრით, საკმაოდ რთულია ცალსახად იმის თქმა, სააკაშვილის ფაქტორი რამდენად მუშაობას, რადგან თავად პარტიაში მის მიმართ სხვადასხვა განწყობებია.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ სააკაშვილი ხმების მაგნიტია და თუ ამ კრიტერიუმის საფუძველზე მოხდება კენჭისყრა, ალბათ, მის ფაქტორს გავლენა ექნება. თუმცა, თუ გაჩნდა ის განწყობილებები, რომ სააკაშვილი იზიდავს იმ ხმებს, რომლებიც ჩვეულებრივ ენმ-ს აქვს, მაშინ პირიქით, განიზიდავს იმ ადამიანების ხმებს, რომლებიც სააკაშვილის გამო „ნაცმოძრაობის" მიმართ კრიტიკულია. შეიძლება ეს ჯგუფები ერთმანეთს დაეჭიდონ. გავიხსენოთ, აქციებზე სააკაშვილის ფოტოებს ოპოზიციაში ორნაირი რეაქცია ჰქონდათ - ერთმა გამოიტანა წარწერით „თავისუფლება მიშას", ხოლო მეორემ ჩათვალა, რომ შეიძლება ეს წამგებიანი სვლა ყოფილიყო. ასე რომ, ოპოზიციაში თავად სააკაშვილის მიმართაც ყველა ერთნაირად არაა განწყობილი.

„რა თქმა უნდა, შიდაპარტიული რეფორმა კონკრეტულ სახელსა და გვარებს უნდა გულისხმობდეს. დაზუსტებული არაა, ვინ იქნება რეფორმის სახე, მაგრამ ის, რომ რეფორმა საჭიროა, არჩევნების 14-წლიანი სურათი აჩვენებს. იმ შემადგენლობით, რითიც ენმ იბრძოდა და აგრძელებს ბრძოლას, შედეგი არ არის. იქნება თუ არა ახალი სახეებით შედეგი, საკითხავი ესაა. გასაკვირი არაა, რომ სიახლეები მართლაც საჭიროა. თუ პარტიამ მათი მმართველობის 9 წელი კრიტიკულად შეაფასა, მერე უკვე მეტი შანსია რეფორმამ შედეგი მისცეს. თუ არადა მგონი იგივე სიტუაცია იქნება, როგორც ადრე", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×