
პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ირანის ყოფილი სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრების გადაწყვეტილებამ მწვავე პოლიტიკური დისკუსია გამოიწვია. მთავარი საკითხი ისაა, თუ როგორ აისახება ეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობაზე. ანალიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, იმ ფონზე, როდესაც თავად აშშ ცდილობს ირანთან ურთიერთობის დალაგებას, ყაველაშვილის ვიზიტი ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან ანტიამერიკულ ნაბიჯად არ იქნება აღქმული.
ირანის სამთავრობო მედიის ცნობით, 9 ივლისს ალი ხამენეის დაკრძალვაზე ელოდებიან საქართველოს, თურქმენეთის, პაკისტანის, სომხეთის და აზერბაიჯანის პირველ პირებსა და ოფიციალურ დელეგაციებს. ირანის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, უცხოელი მაღალი თანამდებობის პირები თეირანში პარასკევს ჩავლენ და ირანელ ოფიციალურ პირებთან ორმხრივი შეხვედრებიც გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მედიას დაუდასტურა, რომ პრეზიდენტი ყაველაშვილი დაკრძალვაზე გაემგზავრება.
ოპოზიციაში კი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ. „ლელო - ძლიერი საქართველოს" საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ ყაველაშვილის წასვლა კიდევ ერთი ლუსტრაცია იქნება, რომ „ოცნებას" დიქტატურულ რეჟიმებთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიერთება აქვთ გადაწყვეტილი:
„ყველას გვახსენდება ის კადრი, თუ როგორ იდგა კობახიძე „ჰეზბოლას" და „ჰამასის" ტერორისტი ლიდერების გვერდით. ამიტომ (ყველაშვილის) წასვლის შემთხვევაში, ეს იქნება კიდევ ერთი ლუსტრაცია იმისა, რომ ამ რეჟიმს მთლიანად საქართველოს ავტორიტარიზაცია და მისი საგარეო პოლიტიკის მიერთება აქვს გადაწყვეტილი ირანთან, რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა დიქტატურებთან, სადაც ის ხედავს საკუთარ ადგილს, სადაც ქართველი ხალხი არ ხედავს საკუთარ ადგილს".
რა განცადებები კეთდებოდა აშშ-დან
აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი განსაკუთრებით ბოლო თვეებში მწვავედ აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას და განსაკუთრებით უსვამდა ხაზს საქართველოს მმართველი პარტიის ურთიერთობებს ირანთან, რუსეთთან და ჩინეთთან. უილსონი აცხადებდა, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება ხელს უწყობს აღნიშნული ქვეყნების ინტერესებს. ივნისის დასაწყისში მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან „ქცევის შეცვლას" მოითხოვს.
„ანტიამერიკული „ქართული ოცნების" რეჟიმი ხელს უწყობს ირანისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის უკანონო ქმედებებს, მაშინ როცა საკუთარ ხალხს უკანონოდ აპატიმრებს. მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ არაკეთილსინდისიერი სახელმწიფოსგან ქცევის შეცვლას მოითხოვს", - აღმიშნავდა უილსონი.
დაახლოებით იგივე შინაარსის კითხვა დაუსვა მან 3 ივნისს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, რის საპასუხოდაც რუბიომ განაცხადა:
„მართალი ხართ. ყველაფერი, რაც ახლა აღწერეთ, ჩვენ აქამდეც გვაშფოთებდა. მას შემდეგ მათ გარკვეული ნაბიჯები გადადგეს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მათ სურთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება. ჩვენ ავუხსენით მათ, თუ რა იქნებოდა ამისთვის საჭირო; ჩვენ ვხედავთ გარკვეულ დადებით გამოხმაურებებს და ამიტომ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს შემთხვევაში დავინახავთ ტრაექტორიის შეცვლას იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ის დღეს იმყოფება.
„მათ (საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა) გვკითხეს, რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის, ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, რომ ამის საფუძველზე შევძლებთ განვავითაროთ და შესაძლოა შევცვალოთ არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობის, არამედ მათი ქცევის ტრაექტორიაც".
ყაველაშვილის თეირანში წასვლა და აშშ-სთან გადატვირთვის პოლიტიკა
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აშშ-სთან გადატვირთვის პოლიტიკა ფაქტობრივად არც არსებობს და ამაზე „კიდევ რაღაცის დამატება" სიტუაციას უფრო გაართულებს.
„აშშ ირანთან ურთიერთობების დალაგებას თავად ცდილობს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც ახლა ამ დაკრძალვაზე წასვლა არ ღირს. თავისუფლად შეუძლიათ საელჩოში მისვლა და სამძიმრის გამოცხადება, რაც ვფიქრობ, რომ ნორმალურია, მაგრამ არა თეირანში წასვლა. პროცესი ბოლომდე არ დასრულებულა და მაინც არ იქნება დადებითად აღქმული აშშ-ის მხრიდან, როგორც არ უნდა დამთავრდეს აშშ-ირანის ურთიერთობები. ხელისუფლებამ არჩევანი უნდა გააკეთოს. რთული თემაა, მაგრამ ალბათ სჯობს ყაველაშვილი არ წავიდეს.
- ვახტანგ ძაბირაძე: „აშშ ირანთან ურთიერთობების დალაგებას თავად ცდილობს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც ახლა ამ დაკრძალვაზე წასვლა არ ღირს. თავისუფლად შეუძლიათ საელჩოში მისვლა და სამძიმრის გამოცხადება".
„აშშ-სთან გადატვირთვის პოლიტიკა ფაქტობრივად არც არსებობს, ქართული მხარე გადატვირთვაზე ლაპარაკობს, მაგრამ ამერიკული მხარე ამას ყურადღებას არ აქცევს. ამ ურთიერთობების საკითხი ისედაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და აშშ-სთან ისედაც გართულებულ ურთიერთობებში კიდევ რაღაცის დამატება არანაირ სკანდალებს და აჟიოტაჟებს არ გამოიწვევს, მაგრამ ვაშინგტონის მხრიდან აღქმული იქნება, როგორც აშშ-ს საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი. ვფიქრობ, ხელისუფლება ამას არ უნდა დათანხმდეს", - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ირანში ჩასვლა შეიძლება ტრამპის ადმინისტრაციაში მაინცდამაინც არ მოეწონოთ, თუმცა ეს აჟიოტაჟს არ გამოიწვევს.
„აშშ ირანთან მოლაპარაკებას აწარმოებს და ცდილობს, რომ მასთან რაღაცნაირად ურთიერთობები აღადგინოს და თუ ცერემონიულ დაკრძალვაში საქართველოდან ოფიციალური პირი მონაწილეობას მიიღებს და სავარაუდოდ, ალბათ სხვა ლიდერებიც მიიღებენ მონაწილეობას, ჯო უილსონის და მსგავსი ტიპის პოლიტიკოსები ამას რა თქმა უნდა შესაბამის სარჩულს დაუდებენ. აშშ-ის ადმინისტრაციაში შეიძლება ეს ამბავი მაინცდამაინც არ მოეწონოთ, მაგრამ არ მგონია რაღაც განსაკუთრებული აჟიოტაჟი მოჰყვეს მათგან.
- ზაალ ანჯაფარიძე: „აშშ-ის ადმინისტრაციაში შეიძლება ეს ამბავი მაინცდამაინც არ მოეწონოთ, მაგრამ არ მგონია რაღაც განსაკუთრებული აჟიოტაჟი მოჰყვეს მათგან."
„საქართველოს ოფიციალური პირების მხრიდან ირანთან ყოველი კონტაქტი უსიამოვნო კითხვებს იწვევს. განსაკუთრებით ბოლოდროინდელი საინფორმაციო ხმაურის შემდეგ, რაც მოჰყვა „ჰადსონის ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ირანის ტერორისტული დაჯგუფებები იმყოფებიან. გასაგებია, რომ ამან უარყოფითი საინფორმაციო და განწყობითი ფონი შექმნა და რადგან ირანი აშშ-სთვის - მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებებშია - მაინც აღიქმება, როგორც მოწინააღმდეგე", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.