
მაშინ, როდესაც უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები ფრონტზე პოზიციების შენარჩუნებას ცდილობენ, კიევსა და მის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე პარტნიორს, ოფიციალურ ვარშავას შორის მეორე მსოფლიო ომისდროინდელმა ისტორიულმა ტრავმებმა ხელახლა იფეთქა. სამხედრო დახმარების შეფერხება, დიპლომატიური დემარშები და ჩამორთმეული სახელმწიფო ჯილდოები ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობას სრულმასშტაბიან კრიზისამდე მიჰყავს. ანალიტიკოსები და ევროპელი მაღალჩინოსნები მხარეებს აფრთხილებენ, რომ შიდაპოლიტიკური ქულების წერითა და წარსულის უთანხმოებებით გამოწვეული ეს ბზარი მხოლოდ რუსეთს აძლიერებს, რომელიც ამ დაპირისპირებას დასავლური კოალიციის დასასუსტებლად იარაღად უკვე აქტიურად იყენებს
ვარშავასა და კიევს შორის დავა ზუსტად იმ დროს დაემთხვა, როდესაც ევროპამ აშშ-სთან ერთად მოსკოვზე ზეწოლა ომის დასასრულებლად კვლავ გააქტიურა. ევროპელი ოფიციალური პირები მხარეებს აფრთხილებენ, რომ მეზობლებს შორის დაძაბულობა წყალს მხოლოდ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წისქვილზე ასხამს.
ამას თან ისიც ერთვის, რომ ეს დაპირისპირება უკვე ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობაზე აისახება. სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ უკრაინა პოლონეთისგან „მიგ-29" ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს ვერ მიიღებს, რადგან ვარშავას კიევისგან დრონები არ მიუღია. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთმა „პარტნიორული მიდგომა" შესთავაზა და უკრაინამ ის მიიღო, მაგრამ ვერ განახორციელა.
ორ ქვეყანას შორის სკანდალი იმით დაიწყო, რომ ივნისის დასაწყისში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთ-ერთ უკრაინულ სამხედრო შენაერთს „უკრაინის მეამბოხეთა არმიის გმირების" სახელი მიანიჭა.
„უკრაინის მეამბოხეთა არმია" შეიარაღებული გაერთიანებაა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის და მის შემდგომ პერიოდში მოქმედებდა და უპირისპირდებოდა როგორც ნაცისტური გერმანიის, ისე სსრკ-ს სამხედრო დანაყოფებს. ამის გამო უკრაინაში მათ ეროვნულ გმირებად მიიჩნევენ. თუმცა, პოლონელთა შეფასებით, ეს უკრაინელთა ნაციონალისტური დაჯგუფება იყო, რომელიც ეთნიკურ პოლონელთა მასობრივ მკვლელობებში მონაწილეობდა.
ზელენსკის ეს გადაწყვეტილება პოლონეთში მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს. პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ კი ოფიციალურად ჩამოართვა ზელენსკის პოლონეთის უმაღლესი ჯილდო - თეთრი არწივის ორდენი.
ამას უკრაინელთა საპასუხო ნაბიჯი მოჰყვა. ზელენსკიმ დემონსტრაციულად, ფოსტით გაუგზავნა პოლონური ჯილდო ნავროცკის და ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პროტესტის ნიშნად სხვადასხვა დროს პოლონეთისგან მიღებულ სახელმწიფო ჯილდოებზე ასევე უარი თქვეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა და ყოფილმა პრეზიდენტებმა - ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამ.
მას შემდეგ ურთიერთობა სულ უფრო მწვავდება. 15 ივნისს ევროკავშრმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების პირველი კლასტერი ოფიციალურად გახსნა. რამდენიმე დღეში კი პოლონეთის მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ მთავრობას მოუწოდა, დაბლოკოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება.
საბოლოოდ, ორ ქვეყანას შორის ეს უთანხმოება სრულმასშტაბიან კრიზისში გადაზარდა. მხარეები ერთმანეთს ამ საკითხის შიდა პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოყენებაში ადანაშაულებენ: პოლონელი მაღალჩინოსნების თქმით, ზელენსკის ამით კორუფციული სკანდალებიდან ყურადღების გადატანა სურს, ხოლო უკრაინის ლიდერმა მიანიშნა, რომ ვარშავაში მისი კოლეგა მომავალი წლის არჩევნებზეა ფოკუსირებული.
ამის მიუხედავად, ბოლო დღეებში ემოციები თითქოს დაცხრა. გასულ კვირას პოლონეთის პრეზიდენტმა ახალი ნაცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია:
„ზელენსკისთვის ჯილდოს ჩამორთმევის გადაწყვეტილება უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ არ ყოფილა მიმართული და პოლონეთის მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება, რადგან ჩვენ ვიცით, რომ რუსული აგრესია საფრთხეს უქმნის პოლონეთისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებას".
კითხვაზე, არიან თუ არა უკრაინა და პოლონეთი „ჯერ კიდევ მეგობრები", ზელენსკიმ ამ კვირის დასაწყისში უკრაინულ ტელევიზიას განუცხადა:
„უკრაინა და პოლონეთი პარტნიორებისა და მეგობრების გარდა სხვა ვერაფერი იქნებიან, რადგან ჩვენ მეზობლები ვართ", - განაცხადა ზელენსკიმ და იქვე დაამატა, რომ სწორედ ამ წუთებში უკრაინელი ჯარისკაცები იცავენ პოლონეთს რუსეთისგან და არა პირიქით.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, რომელიც ნავროცკის პოლიტიკური ოპონენტი და კიევის მტკიცე მხარდამჭერია, ორივე ლიდერს „ემოციების დაცხრობისა" და დაძაბულობის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
- კაროლ ნავროცკი: „ზელენსკისთვის ჯილდოს ჩამორთმევის გადაწყვეტილება უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ არ ყოფილა მიმართული და პოლონეთის მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება".
„ფრონტის ხაზი სხვაგან გადის", - დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელ „იქსში".
ევროპელი პარტნიორებიც ორივე მხარეს მოუწოდებენ ამ უთანხმოების დაძლევისაკენ.
„ამ ტიპის სიტუაციაში მხოლოდ ერთი კმაყოფილი დამკვირვებელი არსებობს და ეს უკრაინაში შეჭრილი აგრესორია. ამიტომ ჩვენ მათ წისქვილზე წყალი არ უნდა დავასხათ", - განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა პაულა პინიომ.
ამ დაპირისპირებას მოსკოვშც გამოეხმაურნენ. კრემლის პრესსსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კვლავ იგივე რიტორიკა გაიმეორა და აღნიშნა, რომ უკრაინაში „ნაცისტების განდიდება ხდება".
„ერთის მხრივ, პოლონელები ამით ძალიან უკმაყოფილო არიან, მეორეს მხრივ კი ისინი იმ უკრაინის აღდგენას გეგმავენ, რომელიც სწორედ ამ ნაცისტებს ადიდებს. ეს პარადოქსული სიტუაციაა", - განაცხადა პესკოვმა.
ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ირონიულად აღნიშნა, რომ ეს მოვლენა სამარცხვინო ეპიზოდად იქცა როგორც პოლონეთისთვის, ისე უკრაინისთვის, რადგან ვარშავაში უკან დაბრუნებული „ჯილდოების წვიმა" წამოვიდა.
- ვოლოდიმირ ზელენსკი: „უკრაინა და პოლონეთი პარტნიორებისა და მეგობრების გარდა სხვა ვერაფერი იქნებიან, რადგან ჩვენ მეზობლები ვართ".
უკრაინელმა კანონმდებელმა მიკოლა კნიაჟიცკიმ, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საპარლამენტთაშორისო ჯგუფის თანათავმჯდომარეა, განაცხადა, რომ მოსკოვი ამ დაპირისპირებას იარაღად იყენებს:
„სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ეყრდნობა როგორც პოლონური, ისე უკრაინული საზოგადოების მოუმზადებლობას, უთხრან საკუთარ თავსა და მეზობლებს სრული სიმართლე იმის შესახებ, რაც რეალურად მოხდა".