რეზონანსი
30.06.2026

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ და უნივერსიტეტის რექტორმა, ირაკლი ბრაჭულმა მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია: ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო თუ კვლევითი პროექტების განხორციელება, რესურსების გაზიარება და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძეს, რომელიც ამავდროულად ქართული უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელია, უნივერსიტეტი დამფუძნებლის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II -ის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა და ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, ირაკლი ბრაჭულმა უმასპინძლეს.

შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ: ქართული უნივერსიტეტის პრორექტორი არჩილ ყანჩაველი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი პაპუნა გურული, დეკანის მოადგილე ხათუნა კუხალაშვილი და სამართლის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი ქეთევან ხურცილავა, ისაუბრეს თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვან ასპექტებზე, რომელიც მომავალი იურისტებისთვის პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სასამართლო გამოთქვამს მზადყოფნას, საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით დაინტერესებულ სტუდენტებს მიეცეს პრაქტიკული საქმიანობის შესაძლებლობა, რაც მათ კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×