
პარტიამ „გახარია - საქართველოსთვის" 26 ივნისს პარლამენტში მომხდარ მასობრივ ჩხუბზე პროკურატურაში საჩივარი უკვე შეიტანა. დანაშაულის ჩადენის კონკრეტულ მუხლსაც ასახელებენ და ითხოვენ, ხელისუფლების წარმადგენლების დასჯას. პარლამენტის სხომაზე დეპუტატების ფიზიკური დაპირისპირების გამო გამოძების დაწყების პრეცედენტი საქართველოში ჯერ არ ყოფილა, თუმცა, როგორც იურისტი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" ამბობს, პროკურატურას საქმის აღძვრისა და გამოძიების დაწყების უფლება ნებისმიერ შემთხვევაში აქვს.
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" პროკურატურას წერილობით 30 ივნისს მიმართა. პარტიის წევრის, ტატა ხვედელიანის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, ხოლო თავდასხმას ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, გამოძიება კვლავაც არ დაწყებულა".
პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ბერდია სიჭინავამ კი კონკრეტული მუხლიც დაასახელა, რომლითაც გამოძიების დაწყებას ითხოვენ:
„3 დღეა გასული, რაც სამართალდამცავი ორგანოები დანაშაულებრივად სდუმან. გვინდა მათ შევახსენოთ „ოცნების" დეპუტატების მხრიდან საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაული. კერძოდ, წინასწარ ორგანიზებული, ჯგუფური თავდასხმა დეპუტატებზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და ვერანაირი ფარისევლური ბოდიში ამას ვერ უშველის, რაც მხოლოდ საზოგადოების რეაქციის გამო მოიხადეს და არა იმიტომ, რომ ნანობენ ჩადენილ დანაშაულს", - თქვა ბერდია სიჭინავამ 29 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.
- ლია მუახაშავრია: „საქმის აღძვრისა და გამოძიების დასაწყებად არავითარი ფორმალური ნებართვა/თანხმობა საჭირო არაა. შესაბამისად, კარგად გამოჩნდება პროკურატურის რეაგირება როგორი იქნება."
იურისტ ლია მუხაშავრიას თქმით, ეს სარჩელი პროკურატურისათვის ერთგვარი ტესტი იქნება.
„სამწუხაროდ, ამის პრაქტიკა არ გვაქვს და პარლამენტში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი ჩხუბები ძალიან ნაკლებად ხდება. თუმცა, ეს ცალსახად დანაშაულია და რა თქმა უნდა, საქმე უნდა აღიძვრას. გამოძიება უნდა ჩატარდეს, რათა დადგინდეს ვინ არის დამნაშავე, რა დოზით და ა.შ.
„რასაკვირველია, გასათვალისწინებელია, რომ ამ ჩხუბის ჩამდენი საქართველოს პარლამენტის წევრია და იმუნიტეტით სარგებლობს, რაც გულისხმობს იმას, რომ მის დაპატიმრებაზე თანხმობა პარლამენტმა უნდა გასცეს. თუმცა საქმის აღძვრისა და გამოძიების დასაწყებად არავითარი ფორმალური ნებართვა/თანხმობა საჭირო არაა. შესაბამისად, კარგად გამოჩნდება პროკურატურის რეაგირება როგორი იქნება.
„მარტო საქმის აღძვრა არაფერს ნიშნავს, თუ გამოძიება სრულყოფილად არ ჩატარდა. ასე რომ, ასეთი ფიზიკური დაპირისპირების ჩამდენი პირი დამნაშავეა, მიუხედავად მისი სტატუსისა", - განაცხადა ლია მუხაშავრიამ „რეზონანსთან".