ეკონომიკური განვითარების ახალი ტალღა სწორედ ცენტრალური აზიიდან მოდის, რომელიც ჩინეთს ესაზღვრება
თამარ ვეფხვაძე
30.06.2026

საქართველოს, როგორც მშვიდობიანი, უსაფრთხო და სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა სულ უფრო მეტად იზრდება. მით უფრო, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ჩრდილოეთის კორიდორი, ხოლო აშშ-ირანის კონფლიქტის გამო, ჰორმუზის სრუტე, იგივე სამხრეთის კორიდორი არასაიმედოა. ამ ფონზე, საქართველოსა და მასზე გამავალ შუა დერეფანს ალტერნატივა არ აქვს. ამას მოწმობს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი ყაზახეთში, ხოლო მანამდე უზბეკეთში, თურქმენეთში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში. 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყაზახეთში ვიზიტი ნაყოფიერი გამოდგა. საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.

ეს ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის არსებულ სტარტეგიულ ურთიერთობას სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები სკეპტიკურად უყურებენ, როგორც საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობას, ასევე შუა დერეფნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასაც. სწორედ მათ გასაგონად განაცხადა ანალიტიკოსმა ირაკლი გოგავამ, რომ შეიძინონ პოლიტიკური რუკა და ნახონ, რა რეგიონშია საქართველო, ნახონ მისი მეზობლები, პოტენციური სატრანსპორტო დერეფნები.

„მათი პოტენციალი არის უზარმაზარი, ვინაიდან აქვთ ბუნებრივი რესურსების უზარმაზარი რაოდენობა და მათი განვითარება ათწლეულების განმავლობაში არის გარდაუვალი. ამას ვერ ვიტყვი დასავლეთის ქვეყნებზე. მაგალითად, ევროკავშირში სტაგნაციაა, მათი ბუნებრივი რესურსები არის შეზღუდული. ისინი დამოკიდებულები არიან მსოფლიოს და მათ შორის, შუა აზიის და ყაზახეთის რესურსებზე, როგორც ნედლეულზე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის პერსპექტიული ვექტორები, რა თქმა უნდა, არის ცენტრალური აზიის ქვეყნები - ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ვინაიდან განვითარება სწორედ აქეთ მოდის. ისინი ესაზღვრებიან ასევე ჩინეთს, რომელიც ასევე აღმავალ ვექტორზეა“, - განაცხადა გოგავამ. 

იგივე პოზიცია აქვს ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძეს, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო-ყაზახეთის სტრატეგიული პარტნიორობა და შუა დერეფანი საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობაა. მეტიც,  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია მხოლოდ მორიგი დიპლომატიური დოკუმენტი არ არის. 

„დღეს ყაზახეთი ცენტრალური აზიის უდიდესი ეკონომიკაა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი 300 მილიარდ დოლარს აღემატება და რეგიონის ეკონომიკის დაახლოებით 60%-ს ქმნის. საქართველო კი, მიუხედავად შედარებით მცირე ზომისა, შავი ზღვის აუზში ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანზიტო პლატფორმაა. სწორედ ამიტომ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება გაცილებით მეტია, ვიდრე სავაჭრო ბრუნვის ზრდა ან ახალი შეთანხმებების გაფორმება. 

ბოლო წლებში საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობები მზარდი დინამიკით ვითარდებოდა. 2025 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოს ექსპორტმა ყაზახეთში დაახლოებით 850 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 926 მილიონ დოლარს გადააჭარბა. შედეგად, ყაზახეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე დამკვიდრდა. ეს მაჩვენებლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე წლის წინ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად დაბალი იყო. შესაბამისად, აშკარაა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პოტენციალი ჯერ კიდევ შორს არის ამოწურვისგან“, - განუცხადა „რეზონანსს“ცუცქირიძემ. 

ამ ურთიერთობების მთავარი ღერძი შუა დერეფანია. თუკი რამდენიმე წლის წინ, ეს პროექტი რეგიონულ ინიციატივად განიხილებოდა, დღეს ის თანდათან ევრაზიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სატრანსპორტო მარშრუტად ყალიბდება. 

„უკრაინაში ომის, გლობალური მიწოდების ჯაჭვების ცვლილებისა და საერთაშორისო ვაჭრობის ახალი რეალობის ფონზე, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ალტერნატიული მარშრუტების მნიშვნელობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. სწორედ ამ გარემოებამ აქცია შუა დერეფანი გეოეკონომიკური ინტერესების ცენტრად. ეს დერეფანი ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას, კასპიის ზღვის გავლით, საქართველოსა და ევროპასთან აკავშირებს. ყაზახეთი ამ სისტემის ცენტრალური აზიის მთავარი კვანძია, ხოლო საქართველო - შავი ზღვის მიმართულებით გასასვლელი საკვანძო რგოლი. 

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ტვირთბრუნვამ 2024 წელს 4.1 მილიონ ტონას გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 63%-იანი მატებაა. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, მათ შორის მსოფლიო ბანკის პროგნოზითაც, 2030 წლისთვის დერეფანში ტვირთნაკადებმა შესაძლოა, 11 მილიონ ტონას გადააჭარბოს, რაც დღევანდელ მოცულობას თითქმის სამჯერ აღემატება“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ გიორგი ცუცქირიძემ. 

მისივე თქმით, საქართველოსთვის ეს მხოლოდ სატრანზიტო შემოსავლების საკითხი არ არის. შუა დერეფნის განვითარება ზრდის პორტების, რკინიგზისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის დატვირთვას, აჩენს ახალ სამუშაო ადგილებს, იზიდავს ინვესტიციებს და ქვეყნის ეკონომიკაში დამატებით ღირებულებას ქმნის. ცუცქირიძის განცხადებით, „საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, ქვეყნის წლიური სატვირთო გამტარუნარიანობა დაახლოებით 27 მილიონ ტონამდე გაიზრდება, ხოლო აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის დასრულება მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრანზიტის დროს და გაზრდის კონკურენტუნარიანობას.

„აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. თუ 2025 წელს, საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 9-10%-იანი ზრდის ტემპით ვითარდებოდა, შუა დერეფანში ტვირთბრუნვის 63%-იანი ზრდა აჩვენებს, რომ ტრანზიტისა და ლოგისტიკის სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ მიმართულებად ყალიბდება. ეს ნიშნავს, რომ საუბარი აღარ არის მხოლოდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე - საუბარია ეკონომიკური ზრდის ახალ წყაროზე, რომელსაც შეუძლია საქართველოს რეგიონული კონკურენტუნარიანობა და საინვესტიციო მიმზიდველობა მნიშვნელოვნად გააძლიეროს", - დასძინა  გიორგი ცუცქირიძე.

საქართველოსა და მასზე გამავალ შუა დერეფანს უალტერნატივოდ მიიჩნევს ეკონომისტი ოთარ ანგურიძე, რომელიც „რეზონანსთან“ საუბრისას გაიხსენა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყაზახეთში ვიზიტს წინ უძღოდა მისი ვიზიტები უზბეკეთსა და ყირგიზეთში. მისი თქმით, ამ ქვეყნებშიც ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გაფორმდა. 

„მსოფლიოს გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური სიტუაცია იმგვარია, რომ საქართველოზე გამავალი საერთაშორისო კორიდორი უალტერნატივოა. მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ რუსეთი ჯერ კიდევ სანქციების ქვეშ არის, პარალელურად ირანთან კონფლიქტი კვლავ გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება გაფორმდა ამერიკასა და ირანს შორის, პერიოდულად წერტილოვანი დარტყმებ ორივე მხარე აგრძელებს. ჰორმუზის სრუტე კვლავ დაძაბულობის კერად რჩება და არავინ იცის, იგი ფართომასშტაბიან კონფლიქტში როდის გადაიზრდება. შესაბამისად, საქართველოზე გამავალ შუა დერეფანს ალტერნატივა აღარ აქვს ამ მოცემულობიდან გამომდინარე. 

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პარალელურად, ჩვენმა მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველოში ომი არ იქნება, ამიტომ ამ გზავნილმა ძალიან დიდი დატვირთვა და შინაარსი შეიძინა საერთაშორისო პარტნიორების თვალშიც. ის ვიზიტები კი, რასაც პრემიერი ახორციელებს, სწორედ იმის გამოძახილია, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ დამაკავშირებელი დერეფნის ერთადერთი მშვიდი, სტაბილური ქვეყანა საქართველოა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელიც გააჩნია“, - განუცხადა „რეზონანსს“ ოთარ ანგურიძემ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიმდინარეობს შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელის საპროექტო სამუშაოები. ეს კაბელი შავი ზღვის ფსკერზე განთავსდება და ესეც ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას და მასშტაბებს კიდევ უფრო გაზრდის. 

„აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულება, რომელიც პრემიერის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება შუა აზიის ქვეყნებში, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ნებისმიერი ახალი ხელშეკრულება, რომელიც ქართული პროდუქციის ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, ცალსახად მისასალმებელია. დივერსიფიცირება და ახალი ბაზრების ათვისება წინგადადგმული ნაბიჯია, მით უმეტეს, როდესაც ორიენტირებულები ვართ ტურიზმის განვითარებაზეც. ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული ტურისტი უცხოური ვალუტის შემომტანია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც აისახება ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებაზე“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ ოთარ ანგურიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×