
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 6 თვეში, ქვეყნის მასშტაბით არაერთი პრევენციული ღონისძიება გაატარა.
„ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტული მიმართულებაა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან პატრულირებას და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტყობინებებზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ. პარალელურად, პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია.
2026 წელს აჭარისა და გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლების მიერ პრევენციული ღონისძიებები გატარდა მდინარეებზე - ჭოროხი, ტარჩენა, ენგური, ჩხოუში, მუნჩია, ხობისწყალი, ჭანისწყალი, ლესისწყალი, მტკვარი, ასევე, გრიგოლეთის, ფოთისა და ბაზალეთის ტბებზე, სიონისა და ჟინვალის წყალსაცავებზე.
გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ კი პრევენციული ღონისძიებები გატარდა თბილისის ზღვაზე.
ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ჯამში 3 500 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ბადე და 65-მდე თევზმახე - ე.წ. „გოდორი“, „ფაცერი“ და „ოჩხი“. თევზმახეებსა და ბადეებში გახლართული თევზი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს“, - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.