
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფიოდოროვის განცხადებით, უკრაინამ ბრძოლის ველზე ინიციატივა დაიბრუნა რუსულ სამხედრო ძალებზე, ლოგისტიკურ ობიექტებსა და ნავთობის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შედეგად. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს. როგორც ფიოდოროვმა აღნიშნა, ახლა კიევი ცდილობს, დასავლელი პარტნიორებისგან მილიარდობით დოლარის მოცულობის დამატებითი სამხედრო დახმარება მიიღოს, ვიდრე რუსეთი ახალ ვითარებას მოერგება.
ფიოდოროვის განცხადებით, უკრაინა მოკავშირეებს მოუწოდებს, ისარგებლონ არსებული შესაძლებლობით და დააფინანსონ დრონების, რაკეტებისა და სხვა სამხედრო ტექნოლოგიების ახალი პროგრამები, რაც რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნებასა და უკრაინის ბოლო წარმატებების განმტკიცებას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, საბოლოო მიზანია, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დარწმუნდეს, რომ ამ ომის მოგებას ვერ შეძლებს.
„ჩვენ გვჭირდება დახმარების ახალი ეტაპი, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. თუ საკმარისი რესურსი გვექნება და რუსეთის ადაპტაციამდე სამხედრო ინოვაციების ახალი ციკლის დაწყებას შევძლებთ, კიდევ დაახლოებით ექვსთვიან უპირატესობას მოვიპოვებთ“, - განაცხადა ფიოდოროვმა.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, გასულ კვირას უკრაინამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გადაუდებელი თხოვნით მიმართა, რომ ევროპული პროგრამის ფარგლებში გათავისუფლებული 6.6 მილიარდი ევრო სრულად კიევს გადაურიცხონ. აღნიშნული ფონდის თანხების გამოყოფა წლების განმავლობაში ბლოკირებული იყო უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანი მთავრობის პოზიციის გამო. არსებული წესით, ეს თანხა ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინისთვის უკვე გაწეული სამხედრო დახმარების ნაწილის ასანაზღაურებლად უნდა მოხმარდეს, თუმცა ფიოდოროვი მიიჩნევს, რომ თანხა ეროვნული ბიუჯეტების ნაცვლად პირდაპირ უკრაინამ უნდა მიიღოს.