
არასრულწლოვნების ტრეფიკინგი ბათუმში - დააკავეს მშობლები, რომლებიც შვილებს მოწყალებას აიძულებდნენ. შსს-მ ხელბორკილები დაადო 3 პირს, რომელთა შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ტრეფიკინგის გეგმა შეიმუშავეს, რომელშიც საკუთარი არასრულწლოვანი შვილები ჩართეს.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, ბათუმში, ტურისტულ ადგილებსა და სხვა ტერიტორიაზე, მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ. ასევე დგინდება, რომ შეგროვილ თანხას ბრალდებულები ისაკუთრებდნენ.
სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი არა ერთი მტკიცებულება მოიპოვეს. ამ ეტაპზე, დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვის-ცენტრებში არიან განთავსებულნი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.