
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისარ მარტა კოსთან ერთად, სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვია, ერევანსა და ბაქოში ოთხ ძირითად საკითხზე გამახვილდება ყურადღება, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, თუმცა რეგიონული ვიზიტის პროგრამაში საქართველო არ არის.
ევროკომისიის პრესსპიკერის პაულა პინიოს ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენი ვიზიტების ფარგლებში ოთხ პრიორიტეტულ საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას.
„მათ შორის: სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა; რეგიონის, ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებადების გაუმჯობესება; სამხრეთ კავკასიასთან ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავება; რუსეთის ეკონომიკური ზეწოლის წინაშე სომხეთის მხარდაჭერა", - აღნიშნა პინიომ.
ევროკომისიის პრეზიდენტი 1-ელ ივლისს ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება, ხოლო 2 ივლისს ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებებს გამართავს. შეხვედრების შემდეგ პრესკონფერენციები გაიმართება.
რას ნიშნავს საქართველოსთვის გვერდის ავლა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირის დელეგაციის სტუმრობა სომხეთ-აზერბაიჯანში არის იმ პოლიტიკის განხორციელება, რაც "ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა".
"ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა - საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება. როგორც მათმა ელჩმა ჰერჩინსკიმ განაცხადა, ეს მათ შორის ევროკავშირ-საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების გაუქმებას მოიცავდა. შესაბამისად, ის, რომ ფონ დერ ლაიენი სომხეთ-აზერბაიჯანში ჩადის და აქ არ ჩამოდის, ამ პოლიტიკის განხორციელებაა.
- ზაალ ანჯაფარიძე: "ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა - საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება"
"ის, ფონი, რაც ზოგადად ევროსტრუქტურებში და ევროპულ დედაქალაქებშია შექმნილი - ევროპარლამენტის მიერ მიღებული ცნობილი რეზოლუციების, განცხადებების და იმ ნაბიჯების შედეგად რაც საქართველოსთან მიმართ იდგმება, საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირის სტრუქტურებს შორის ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას ხელს ნამდვილად არ უწყობს.
"ჩვენი პარლამენტარები იქ ჩასულები იყვნენ, კოლეგებს შეხვდნენ, იყო იმის მცდელობები, რომ ურთიერთობებში რაღაცნაირად პოზიტიური ძვრები დაწყებულიყო, მაგრამ ალბათ გარკვეული დრო დასჭირდება იმას, რომ ამ შეხვედრებმა კონკრეტული შედეგი გამოიღოს.
"შეხვედრების შინაარსი არ ვიცი, თუკი დაარწმუნეს იმაში, რომ ასეთ კალაპოტში ორმხრივი ურთიერთობის გაგრძელება არცერთ მხარეს ხელს არ აძლევს, პირიქით, ხელს უწყობს მაგალითად რუსეთს, რომლის ინტერესებშიცაა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა რაც შეიძლება გაცივდეს.
"ჯერჯერობით ასეთი მოცემულობა გვაქვს და ამის გამოხატულებაა ის, რომ ფონდ დერ ლაიენი და მისი დელეგაცია თბილისში არ ჩამოდიან",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
კითხვაზე, რა სიგნალია ეს ევროკავშირის მხრიდან, კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა გვითხრა, რომ ესაა მესიჯი ევრობლოკიდან, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა არ შეესაბამება ქვეყნის მიერ გაცხადებულ მიზნებს და თანამშრომლობისგან თავს იკავებენ.
"რომ საქართველო მატყუარა, ფარისეველი სახელმწიფოა და თავის გაცხადებულ პოზიციებს არ შეესაბამება. აზერბაიჯანი შეესაბამება, ის ევროკავშირსა და ნატოში არ მიისწრაფვის, არ აქვს პრეტენზიები, რომ მსოფლიოში საუკეთესო დემოკრატიული სახელმწიფოა და ამ მიმართულებით რაღაც წარმატებები აქვს, ის ამბობს, რომ მას აქვს თავისი ხედვები, ჩამოყალიბებული პოზიციები, არავის თავის საქმეში არ რევს და არავის საქმეში არ ერევა.
"ვინაიდან აზერბაიჯანი თავს ასეთად აცხადებს, მსოფლიო ისეთს იღებს, როგორიც არის. სომხეთიც ასეა, ამბობს, რომ რუსეთთან პრობლემები მაქვს, ვალდებული ვარ მქონდეს ურთიერთობა ირანთან, რადგან ჩაკეტილი ვარ. თუმცა, ნელ-ნელა ვაპირებ ევროკავშირისკენ ვიმოძრაო იმდენად, რამდენადაც მიმიღებს. სომხეთს ოქროს ფორმულირება აქვს - მზად ვართ ევროკავშირთან ვითანამშრომლოთ იმდენად, რამდენადაც ევროკავშირი იქნება მზად.
"სულ სხვა სიტუაციაა საქართვლოში - ქვეყანამ თქვა, რომ ვაღიარებ ევროკავშირის ღირებულებებს და მინდა გავხდე მისი წევრი, განცხადებაც შეიტანეს, რის საფუძველზეც მოგვცეს პირობები, რაც ვერ, ან არ შევასრულეთ. როცა უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მისცეს, საქართველოს მოქალაქეები აღშფოთდნენ, ქუჩაში გამოვიდნენ, ევროკავშირმა დაინახა, რომ ქართველი ხალხი ღირსია, თუმცა მთავარობა არა და ერთი წლის თავზე ჩვენც მოგვცეს სტატუსი.
- პაატა ზაქარეიშვილი: "ევროკავშირი ჩახსნის ყველა ურთიერთობებს საქართველოსთან და იტყვის, რომ თქვენ იტყუებით, ფარისევლობთ"
"ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი პოლიტიკა სინქრონიზირებული იქნება ევროკავშირის პოლიტიკასთან. გვქონდეს ურთიერთობა ჩინეთთან და ევროკავშირსაც აქვს, მაგრამ შენი პოლიტიკა ჩინეთთან სინქრონიზირებული უნდა იყოს ევროკავშირის პოლიტიკასთან ჩინეთთან მიმართებაში.
"ასეთი პოზიციაა, რომ თქვენ იტყუებით და ფარისევლობთ, ამიტომ ვერ ვხედავთ ვერანაირ საფუძველს ვითანამშრომლოთ სახელმწიფოსთან, რომელიც პირველ რიგში თავის ხალხთან ტყუის და ჩვენ გვატყუებს",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
როგორია ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივა
როგორც ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, ვერც ზედმეტად ოპტიმისტურ შეფასებებს გააკეთებს და არც ის ითქმის, რომ ყველაფერი დასრულდა.
"მე პირადად ახლა ვერც ისეთ პერსპექტივას დავხატავდი, რომ ყველაფერი დასრულდა და ყველაფერი ცუდადაა, მაგრამ არც რაღაც ზედმეტად ოპტიმისტურ შეფასებებს გავაკეთებ იმ ინფორმაციის საფუძველზე. რაც მე გამაჩნია, რაც საჯარო სივრცეში დევს, საქართველო-ევროკავშირის ამჟამინდელი ურთიერთობებიდან გამომდინარე.
"თუმცა, ის, რომ ევროპის დედაქალაქებში ჩვენს საპარლამენტო დელეგაციებს იღებენ, უსმენენ, სავარაუდოდ რაღაც კონტაქტები არის, როგორც საჯარო, ისე არასაჯარო, იმის გარკვეულ იმედს მიტოვებს, რომ შესაძლოა ამან რაღაც გარკვეული დროის მერე პოზიტიური შედეგი გამოიღოს.
"დღეს თვითონ გეოპოლიტიკური მოცემულობაც ისეთია, ის ევროკავშირს პირდაპირ კარნახობს, რომ საქართველოსთან ასეთ კონტაქტში ურთიერთობების გაგრძელება ისევ ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესებს თუ ურტყამს მხოლოდ",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
პაატა ზაქარეიშვილი გვეუბნება, რომ ევროკავშირი ჩათვლის რომ ქვეყანა ფარისევლობს და ჩახსნის ყველა ურთიერთობას.
"პერსპექტივაა ის, რომ ევროკავშირი ჩახსნის ყველა ურთიერთობებს საქართველოსთან და იტყვის, რომ თქვენ იტყუებით, ფარისევლობთ. ქრისტე დედამიწაზე ვიღაცასთან ბრძოლისთვის არ მოსულა, ერთადერთი რაღაცას ებრძოდა ის მაინც და ესენი იყვნენ ფარისევლები, ვინც ხალხს ატყუებს და ვინც ამბობს, რომ მორწმუნეები ვართ და ამ დროს არ არიან.
"ფარისევლებთან ბრძოლა წამყვანი ღირებულებაა ქრისტიანულ სამყაროში და ევროკავშირი ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა. მატყუარაზე დიდი ბოროტება არ არსებობს, როცა გეუბნება ერთს, და აკეთებს მეორეს, საქართველო ამ კატეგორიის ფარისეველია და ამას ისინი ხედავენ",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.