რეზონანსი
01.07.2026

მე გილაურთან ჩემი, და არა ვინმეს პასუხისმგებლობით, დავიწყე ურთიერთობა, მათ შორის, ისეთ კითხვებზე პასუხების მიღების შემდეგ, რაც ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. შესაბამისად, ამ ურთიერთობაზე პირადად ვარ პასუხისმგებელი და არა ვინმეს გავლით,- ამ მიმართვას საპატიმრო დაწესებულებიდან „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ავრცელებს.

როგორც ხოშტარია აღნიშნავს, თანამშრომლობის არც ერთ ეტაპზე, ნიკა გილაურისგან წინაპირობა - პრემიერობის კანდიდატობა არ ყოფილა.

ამასთან, ელენე ხოშტარიას თქმით, არ ეთანხმებოდა ნიკა გილაურის ჩრდილში ყოფნას.

„თავს ვალდებულად ვთვლი, ნიკა გილაურთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს გავცე პასუხი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს კითხვები როგორ და რატომ გაჩნდა. საზოგადოებას აქვს უფლება იკითხოს, არ გვენდოს, გაგვაკრიტიკოს. ჩვენ კი გვაქვს ვალდებულება - ვუპასუხოთ ყველა მათ კითხვას. ასევე, ნიკა გილაურის წინაშეც ვგრძნობ ვალდებულებას, მასთან თანამშრომლობის შესახებ სრულიად გულწრფელად ვთქვა სიმართლე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არასწორად მიმაჩნია ნიკა გილაურზე მხოლოდ გვარამიამ ილაპარაკოს, რადგან მასთან პირადი თანამშრომლობა გვქონდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოთხივე ლიდერს.

მე გილაურთან ჩემი, და არა ვინმეს პასუხისმგებლობით, დავიწყე ურთიერთობა, მათ შორის, ისეთ კითხვებზე პასუხების მიღების შემდეგ, რაც ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. შესაბამისად, ამ ურთიერთობაზე პირადად ვარ პასუხისმგებელი და არა ვინმეს გავლით.

ურთიერთობის ყველა ეტაპზე და ყველა გადაწყვეტილება იყო შეჯერებული კოალიციის ოთხივე ლიდერთან;

არც ერთ ეტაპზე არ არსებობდა ურთიერთობა, სადაც გილაური რაიმე სახის წინაპირობებს, დავალებებს ან მითითებებს გასცემდა;

თანამშრომლობის არც ერთ ეტაპზე, გილაურისგან წინაპირობა - პრემიერობის კანდიდატობა არ ყოფილა. მისი პრინციპული, სწორი და სრულად ჩვენგან გაზიარებული პოზიცია იყო - საერთო პრემიერობის კანდიდატის აუცილებლობა, მათ შორის, საუბარი იყო სალომე ზურაბიშვილზეც, როგორც ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატზე;

ჩვენი თანამშრომლობის უდიდესი ნაწილი იყო საქართველოს რეფორმების, სატრანზიტო გზის, შუა დერეფნის, ეკონომიკური განვითარების, მმართველობის რეფორმის შემუშავება, რაც ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი გამოცდილება იყო.

ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენი - „კოალიცია ცვლილებისთვის“ ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის „წამოღება“ არასდროს ყოფილა. მეტიც, პირადად ნიკა გილაური ამას პროცესის რისკად და გამარჯვებისთვის არასასურველ სცენარად მიიჩნევდა. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, რომ აუცილებელია ახალი ამომრჩევლის მოზიდვა და არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ამომრჩევლის გაყოფა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს იყო ნიკა გილაურის პოზიცია, რომელსაც ჩვენც სრულად ვიზიარებდით.

არ ვეთანხმებოდი გილაურის ჩრდილში ყოფნას და ამაზე გვისაუბრია, გვიკამათია, გვიმსჯელია. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ამბიციის მქონე აქტორი საჯაროდ უნდა პოზიციონირებდეს.

ნიკა გილაური, არჩევნების გაყალბების შემდეგ, არსად აორთქლებულა. ის აგრძელებდა ურთიერთობას ჩვენთან. ის მონაწილეობდა პროტესტში არჩევნების გაყალბების შემდეგ და იდგა რუსთაველის გამზირზე კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში. ასევე, მან შექმნა საქველმოქმედო ფონდი, რომელმაც დააფინანსა აქციაზე დაზიანებული არაერთი ადამიანის მკურნალობა. ფონდი ეხმარებოდა კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს, რომლებიც სამსახურიდან საქართველოს ევროპული მომავლის ერთგულების გამო გაათავისუფლეს. ფონდმა გადაიხადა არაერთი უკანონო ჯარიმა. გილაურის საქველმოქმედო ფონდი ივანიშვილის რეჟიმმა დააყადაღა. ნიკა გილაური არ არის ერთადერთი, ვინც რაღაც ეტაპზე ამ საქმიდან გავიდა და საერთოდ არ მიმაჩნია, რომ მას რაიმე ვალდებულება გააჩნია ამ მხრივ. საზოგადოებამ თავად განსაჯოს, როდის გამოჩენა და როდის წასვლაა სწორი თუ არასწორი, ეს სხვა საკითხია. მე მიმაჩნია, რომ მას მადლობის გარდა არაფერი ეთქმის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაწეული ბრძოლისთვის.

ვიმეორებ: აბსოლუტურად ყველანაირი კითხვა, კრიტიკა, მიუღებლობა ნებისმიერი პოლიტიკოსის, მათ შორის ჩემს მიმართ, არის ლეგიტიმური და ჩვენ ვალდებულები ვართ, ამ კითხვებს გავცეთ პასუხი. ამასთანავე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩემი პასუხების ადრესატი არის მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოება და არავითარ შემთხვევაში რომელიმე სხვა პარტიის ლიდერი, წევრი ან წარმოადგენელი.

ყველაფრის მიუხედავად, მჯერა, რომ არსებობს სივრცე ერთად ბრძოლისთვის“,-წერს ელენე ხოშტარია წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×