
ხელისუფლება აცხადებს, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო "ეფექტიანად მუშაობს", რადგან საჯარო სივრცეში გინების, შეურაცხყოფის და ბულინგის ფაქტები, "მნიშვნელოვნადაა შემცირებული". აქვე აღსანიშნავია, რომ სამმართველომ მუშაობის ერთი თვის განმავლობაში 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა.
სამმართველომ მუშაობა 1-ელ ივნისს დაიწყო, 15 ივნისამდე, ანუ ნახევარ თვეში საერთო სასამართლოებს 60-მდე სავარაუდო სამართალდარღვევის საქმე წარუდგინა.
საჯარო სივრცეში გინების, შეურაცხყოფის და ბულინგის ფაქტები, მნიშვნელოვნადაა შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შსს-ს მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები ეფექტიანად მუშაობს - ამბობს ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა, გამოვლენილი ფაქტებიდან საერთო სასამართლოებში უკვე წარდგენილია 150 საქმე.
„2026 წლის 1-ელი ივნისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც საერთო სასამართლოებში უკვე წარდგენილია 150 საქმე.
საერთო სასამართლოებში წარდგენილი 150 საქმიდან სასამართლოების მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია 33 საქმეზე, საიდანაც 31 შემთხვევაში, სახდელის სახით, გამოყენებულ იქნა ჯარიმა, ხოლო 2 შემთხვევაში - სიტყვიერი შენიშვნა", - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს" შსს-ში.
შემცირდა თუ არა სიძულვილის ენის გამოყენება
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები შემცირდა და სამმართველოს შექმნამ იმოქმედა.
- ედიშერ გვენეტაძე: "ადამიანები, რომლებიც წამდაუწუმ იგინებოდნენ, იფურთხებოდნენ და ადამიანებს შეურაცხყოფებს აყენებდნენ, გაჩუმდნენ. "შიში შეიქმს სიყვარულსაო"
"პირადი გამოცდილებიდან ვხედავ სოციალურ ქსელებში, რომ იმოქმედა, რადგან ადამიანები, რომლებიც წამდაუწუმ იგინებოდნენ, იფურთხებოდნენ და ადამიანებს შეურაცხყოფებს აყენებდნენ, გაჩუმდნენ. "შიში შეიქმს სიყვარულსაო" - ამბობდა დიდი რუსთაველი.
"ამართლებს ეს და ასეც უნდა გაგრძელდეს, რადგან ის, რაც ჩვენს სოციალურ ქსელებში ხდებოდა, ეს ყოვლად წარმოუდგენელი იყო. ეს იყო ადამიანების აბუჩად აგდება, სიძულვილი და ადამიანების ცოცხლად დამარხვა",- განაცხადა გვენეტაძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ სამმართველოს შექმნის შემდეგ, სიძულვილის ენის გამოყენება არ შემცირებულა.
"განსაკუთრებით უფრო იზღუდება იმ ადამიანების აზრი, ვინც ხელისუფლებისადმი ოპოზიციურადაა განწყობილი. ფორმალურად მოხვდა რამდენიმე იმ ადამიანის დანაშაულის დაფიქსირება, ვინც ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე დაწერა რაღაც კომენტარი. იმის ჩვენება უნდათ, რომ ვიკვლევთ ობიუექტურად.
- ნიკა ჩიტაძე: "ფორმალურად მოხვდა რამდენიმე იმ ადამიანის დანაშაულის დაფიქსირება, ვინც ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე დაწერა რაღაც კომენტარი"
"მოქალაქეებზე ზეწოლა გაძლიერდება, შეიძლება ყველაფერი ჩათვალონ სიძულვილის ენად. რასაც ვუყურებ მსგავსი ფაქტები არ შემცირებულა, ისევ იგივე მოცულობის სიძულვილის ენაა გამოყენებული",- განაცხადა ჩიტაძემ.
რას ამბობს მდინარაძე
ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა აღნიშნა, რომ სამმართველოს შექმნის შემდეგ, შეუიარაღებელი თვალით, მარტივი მონიტორინგითაც დასტურდება, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში გინების, შეურაცხყოფის და ბულინგის ფაქტები, მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შს სამინისტროს მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები ეფექტიანად მუშაობს.
"რაც შეეხება მიზანმიმართულ კამპანიას სამინისტროს და კონკრეტული სამმართველოს წინააღმდეგ - აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები მთავარ არგუმენტად იყენებენ იმას, რომ შეურაცხყოფის ობიექტებს არ აქვთ პრეტენზია, თავად კი ხაზგასმით აცხადებენ, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მათთვის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება.
"ჩვენთვის ეს არ არის სიახლე - საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ ეს ხალხი აკანონებდა შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად, ამ ადამიანებმა გახადეს სატელევიზიო ეთერებსა თუ სხვა მედიასაშუალებებში გინება ჩვეულებრივ მოვლენად, რაც საბოლოოდ საზოგადოების უკიდურეს პოლარიზაციაში გადაიზარდა.
"ამ ხალხს, გარე დავალების შესაბამისად, მიზნად ჰქონდა დასახული გინების ნორმად დაწესება. შესაბამისად, არც ის არის გასაკვირი, რომ შს სამინისტროს მიერ განხორციელებული პრევენციული ზომები მათთვის მიუღებელია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გარდა ამისა, მდინარაძის თქმით, ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანის საჯაროდ შეურაცხყოფა შემდგარი ფაქტია, ხოლო მასზე რეაგირება შს სამინისტროს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, მიიჩნია თუ არა შეურაცხყოფილმა პირმა თავი დაზარალებულად.
„სიძულვილის ენით საუბარზე და საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე რეაგირება არ არის დამოკიდებული კონკრეტული პირის საჩივარზე ან პოზიციაზე.
"ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანის საჯაროდ შეურაცხყოფა შემდგარი ფაქტია, ხოლო მასზე რეაგირება შს სამინისტროს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, მიიჩნია თუ არა შეურაცხყოფილმა პირმა თავი დაზარალებულად. ეს მიდგომა ემსახურება საჯარო ინტერესს, რომელიც ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე კონკრეტული პირის სუბიექტური აღქმა.
"ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფის ობიექტი არ არის მხოლოდ ის კონკრეტული პირი, ვისკენაც შეურაცხყოფა მიემართება. პირველ რიგში, ეს ყველაფერი მიმართულია საზოგადოებისა და საჯარო ინტერესის წინააღმდეგ.
"სწორედ ამიტომ, შს სამინისტროს შესაბამისი სამმართველო კიდევ უფრო აქტიურად მიიღებს პრევენციულ ზომებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას საჯარო სივრცეში ადამიანების შეურაცხყოფის, გინების და ბულინგის ფაქტები და ქართულ საზოგადოებას აღარ ჰქონდეს იმის განცდა, რომ შესაძლოა მოძალადე უმცირესობამ ვერბალურად იძალადოს კეთილსინდისიერ უმრავლესობაზე. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება და გარწმუნებთ, ჩვენ ამ ვალდებულებას პირნათლად შევასრულებთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.