
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გადაცემაში "დღის ქრონიკა" გამოეხმაურა ოპონენტების სპეკულაციებს იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველომ საგარეო პოლიტიკის ვექტორი შეცვალა. მინისტრის განცხადებით, მსგავსი შეფასებები საფუძველს მოკლებულია, რადგან საქართველოს საგარეო პოლიტიკა ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრულ სტრატეგიულ მიზნებს ემყარება, ხოლო საგარეო ურთიერთობების განვითარება საქართველოს სტრატეგიულ არჩევანთან სრულ თანხვედრაშია.
"ეს ძალიან სპეკულაციური ნარატივია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები იყენებენ, რომელსაც არ აქვს არანაირი საფუძველი და აზრსაც არის მოკლებული. უბრალოდ ძალიან ახლომხედველი უნდა იყო, მაშინ როდესაც ერთი მიმართულებით ითხოვ დღეს საქართველოს ურთიერთობების განვითარებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებს ამ ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყნის მომავალს, თუკი ჩვენ მხოლოდ ერთი მიმართულებით ვიქნებით შეზღუდული ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში. საქართველოს აქვს ძალიან მტკიცე სტრატეგიული არჩევანი და სტრატეგიული გზა განსაზღვრულია ჩვენი კონსტიტუციით და ამაზე უფრო მტკიცედ ვერანაირად ვერ განსაზღვრავს ქვეყანა თავის სტრატეგიულ მიზანს და სტრატეგიულ გზას,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, ქვეყნის ინტერესებიდან და გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, აუცილებელია პარტნიორული ურთიერთობების განვითარება სხვადასხვა რეგიონთან, რაც ამავდროულად, ხელს შეუწყობს კონსტიტუციით განსაზღვრული სტრატეგიული მიზნების მიღწევას.
"სტრატეგიული გზა და მიზანი არამც და არამც არ გამორიცხავს იმას, რომ საქართველომ განავითაროს ურთიერთობები თანამედროვე მსოფლიოში სხვადასხვა მოთამაშეებთან, სხვადასხვა რეგიონებთან, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ამ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად,“ - აღნიშნა მინისტრმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ცენტრალურ აზიასთან და აზიის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, ამ თანამშრომლობის განვითარება არა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, არამედ პასუხობს იმ გეოპოლიტიკურ რეალობასაც, რომლის პირობებშიც იზრდება საქართველოს, როგორც დამაკავშირებელი ქვეყნის როლი. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, შუა დერეფნის განვითარება მნიშვნელოვანია როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, ისე თავად ევროკავშირისთვის.
„როდესაც ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, პირველ რიგში აქ ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაციის გზა მოდის ჩვენს თავში და ეს არის ის, რაც ჩვენი სტრატეგიული მიზანია, რაც კონსტიტუციაშიც არის ასახული. მაგრამ ეს მიზანი არ გამორიცხავს და არ უშლის ხელს არანაირად, რომ ჩვენ ურთიერთობები განვავითაროთ, თუნდაც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. დღეს ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ ჩვენთვის და ჩვენი პატარა რეგიონისთვის - ამ შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიის რეგიონზე მაქვს საუბარი. ეს თავად ევროპისთვის და ევროკავშირისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირსაც სჭირდება სწორედ საქართველოს გავლით და შუა დერეფნის გავლით აღმოსავლეთის მიმართულებით კავშირების განვითარება. შესაბამისად, საქართველო აკეთებს იმას, რაც შედის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი რეგიონის, არამედ მთლიანად ევროპული უსაფრთხოების და ევროპულ ინტერესებში. ეს არის ის, რაც კეთდება და სწორედ ამისთვის სჭირდება საქართველოს მტკიცე კავშირები აღმოსავლეთით, ამ შემთხვევაში ცენტრალურ აზიაზე და არა მხოლოდ ცენტრალურ აზიაზე, ზოგადად აზიის მიმართულებაზეც არის საუბარი.“
ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს მიმდინარე ეკონომიკური პროცესების გათვალისწინებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, სრულად გამოიყენოს არსებული შესაძლებლობები და გააძლიეროს პარტნიორობა სწრაფად განვითარებად ეკონომიკებთან.
„დღეს, როდესაც ეკონომიკურ ძალაზე ვსაუბრობთ, როდესაც განვითარებაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ დაინახო, თუ რა ტემპით ვითარდება აღმოსავლეთით ეკონომიკები, რა ტემპით ვითარდება ზოგადად აზიის ქვეყნები და რა წვლილი და რა როლი აქვთ მათ თუნდაც ჩვენი კონტინენტის ეკონომიკურ უსაფრთხოებაში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ კავშირების გაძლიერება და სწორად გამოყენება. ჩვენ გვაქვს ამის საფუძველი, ცენტრალური აზიის ზოგიერთ ქვეყანასთან გვქონდა უკვე ჩამოყალიბებული კარგი ურთიერთობები, კარგი ეკონომიკური კავშირები, თუმცა პოტენციალი არის უზარმაზარი და, რა თქმა უნდა, შეცდომა იქნება, თუ საქართველო ამას არ გააკეთებს დღეს და არ განავითარებს ამ ურთიერთობებს სწორედ ამ მიმართულებით,“ - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.