"არ არის მიზანშეწონილი, რომ ცოცხალი პირუტყვი გაიყვანონ უცხო ქვეყნებში, რადგან ჯერ ჩვენი მოთხოვნილება უნდა დავაკმაყოფილოთ, რაც დღეს არ ხერხდება“
თამარ ვეფხვაძე
01.07.2026

საქართველოდან ცოცხალი პირუტყვის აზერბაიჯანში ექსპორტი შემცირდება. ამის მიზეზი ის რეგულაციაა, რომელიც აზერბაიჯანმა შეცვალა, უფრო ზუსტად, გაამკაცრა. ეს ნიშნავს, რომ ცხვრის და მსხვილფეხა ცხოველის ექსპორტის დროს, შემცირდება სულადობა. მართალია, ცოცხალი პირუტყვის ქართველ ექსპორტიორებს პრობლემა შეექმნებათ, მაგრამ სპეციალისტების განცხადებით, ეს ცუდი სულაც არ არის. პირიქით, თუ ცოცხალი პირუტყვის ექსპორტი დაიკლებს, ამით ადგილობრივი ბაზარი იხეირებს. 

აზერბაიჯანის გადაწყვეტილებით, ცხვრის და მსხვილფეხა ცხოველის გადაყვანაზე რეგულაცია მკაცრდება და მცირდება სულადობა, რომლის გადაყვანაც ერთი მანქანით ერთდროულად იქნება შესაძლებელი. ცოცხალი პირუტყვის ქართველი ექსპორტიორების განცხადებით, ეს შეზღუდვა საქართველოდან ცოცხალი ცხოველის ექსპორტს შეამცირებს.

რას ნიშნავს ახალი რეგულაცია, რომელიც საქართველოდან ცოცხალი პირუტყვის გასვლას შეაფერხებს? ექსპორტიორების განცხადებით, თუ ადრე, ერთი მანქანის საშუალებით, 450 სული ცხვარი მიდიოდა, ახალი რეგულაციით,  მანქანაში 150 სული ცხვარი უნდა იყოს. გარდა ამისა, თუ აქამდე, მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა 100 სული იყო ერთ მანქანაში, ახლა 60 სულზე დაიყვანეს ეს რაოდენობა. 

ცოცხალი პირუტყვის ქართველი ექსპორტიორები შიშობენ, რომ აზერბაიჯანის მიერ შემოღებული ახალი რეგულაცია გასაყვანი პირუტყვის თვითღირებულებას გაზრდის, რადგან ტრანსპორტირება ძვირდება და ეს აუცილებლად შეამცირებს საქართველოდან ცოცხალი ცხოველის გაყვანას. 

აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ექსპორტიორები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. თუმცა, მეორე მხრივ, ობიექტური რეალობის გათვალისწინებით, შესაძლოა, ექსპორტის ამგვარი შეზღუდვა ცუდი სულაც არ იყოს. საქართველოდან უამრავი რაოდენობის ცოცხალი პირუტყვი გადის აზერბაიჯანსა და არაბეთის ქვეყნებში, არადა ხორცი და ხორცპროდუქტები ჩვენ სხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს. რაც მთავარია, უკვე ადგილობრივ ბაზარზე სურსათი საკმაოდ ძვირია, რის გამოც პრემიერ-მინისტრი ქმნის სამთავრობო, ასევე საპარლამენტო კომისიას და ითხოვს პროდუქტების გაიაფების გზების ძიებას.

ზუსტად ასე ფიქრობენ სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტები. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ანზორ მესხიშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მიერ დაწესებული რეგულაციის წინააღმდეგი არ არის, რადგან მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რომ წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი საქართველოდან განუსაზღვრელი რაოდენობით გაჰყავდეთ. 

„საქართველოში სულადობა შეგვიმცირდა, როგორც წვრილფეხა საქონლის, ასევე - მსხვილფეხა საქონლის. პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და საქმე ისე წარვმართოთ, რომ სულადობებიც გავზარდოთ, მეტი რძე, ხორცი და მატყლი ვაწარმოოთ. მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გამოვნახოთ გზები, რათა ადგილობრივი ბაზარი დავაკმაყოფილოთ და რაც ზედმეტი დაგვრჩება, მხოლოდ ის გავყიდოთ. ექსპორტზე ორიენტირებულები არ უნდა ვიყოთ. არ არის მიზანშეწონილი, რომ მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი გაიყვანონ უცხო ქვეყნებში, რადგან ჯერ ჩვენი მოთხოვნილება, ადგილობრივი ბაზარი უნდა დავაკმაყოფილოთ“, - განუცხადა „რეზონანსს“ ანზორ მესხიშვილმა. 

მისი აზრით, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის მეურნეობები იმიტომ არიან ორიენტირებულები ექსპორტზე, რომ მთელ რიგ რაიონებში საძოვრების პრობლემაა. 

„სამწუხაროდ, ადგილობრივ მოსახლეობას ისე უყიდიან საძოვრებს, რომ მათ აზრს არ ეკითხებიან, ამიტომ რა ქნას ამ ხალხმა? თავისი საქონლის საძოვრები აღარ აქვთ, შესაბამისად, ხელშეწყობა სჭირდებათ, რომ პირველ რიგში, საძოვრებით უზრუნველვყოთ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიწები, განსაკუთრებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები არ გაიყიდოს უცხოელებზე! ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ“, - აღნიშნა ანზორ მესხიშვილმა.  

იგივე მოსაზრება აქვს სოფლის მეურნეობის სპეციალისტს, კობა კობალაძეს, რომელმაც „რეზონანსს“ განუცხადა, რომ ცოცხალი პირუტყვის საქართველოდან გაყვანა იძულებითი ღონისძიებაა, რადგან ადგილობრივი ბაზარი არც ისე დიდია.  

„ერთი მხრივ, ცოცხალი პირუტყვის ექსპორტი ხელს უწყობს ქართული ლარის გამყარებას, რადგან დოლარია თუ მანათი, ხურდავდება ლარზე და არაპირდაპირი შემოსავლის წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტში, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი საქონელი გადის უცხოეთში.

საერთოდ, ჩვენთან მეცხვარეობა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, სწორედ ამ ბაზრების გამო, ხორცის რეალიზაციისა და სათიბ-საძოვრების გადატვირთვა-გადაგვარების გამო. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ადგილობრივი ბაზრის განსავითარებლად.

საქართველოში, დაახლოებით, 2 მილიონ ჰექტრამდე სათიბ-საძოვრებია. მათი უდიდესი ნაწილი ეროზირებული და გადაძოვილია. გადაძოვება იმას ნიშნავს, რომ თუ 1 ჰექტარზე უნდა იყოს 7-8 ცხვარი, რეალურად, 70-80 სული ცხვარია. სწორედ ეს იწვევს, როგორც ბალახის, ასევე მთლიანად საფარის ფესვებიანად განადგურებას. ამ მიმართულებით, სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი, მათ შორის, სათიბ-საძოვრების ზედაპირული გაუმჯობესება. არსებობს ძირეული გაუმჯობესებაც, როდესაც საძოვარი უნდა გადაიხნას, რაც ჩვენს შემთხვევაში, ეს სისულელეა, რადგან მას  სათანადო ტექნიკა სჭირდება, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია. 

თითქმის არცერთ დარგში არ გვაქვს სათანადო ტექნიკა და ამ მხრივ, ჩამოვრჩებით არა მარტო მოწინავე ქვეყნებს, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც. არის ასევე თავისუფალი ნიშა - თუ შევძლებთ და ვაწარმოებთ ორგანულ ხორცს, მაშინ აზერბაიჯანის გარდა, საერთაშორისო ბაზრებიც დაინტერესდებიან“, - განუცხადა „რეზონანსს“ კობა კობალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×