
რუსეთის თერთმეტივე სასაათო სარტყელში საწვავის რეკორდული ფასები და გრძელი რიგებია -უკრაინულმა დრონებმა კრემლის ნავთობგადამამუშავებელ ინდუსტრიას სერიოზული დარტყმა მიაყენეს. დეფიციტის დასაფარად მოსკოვმა საგანგებო გეგმა აამუშავა. რუსეთმა ინდოეთიდან ბენზინის საზღვაო იმპორტი დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას სექტორის ორ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა „როიტერსიავრცელებს.
დეფიციტს თან ახლავს ლიმიტების დაწესება, გრძელი რიგები ავტოგასამართ სადგურებზე და ბენზინის ფასის რეკორდული ზრდა. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროსა და ინდოეთის ნავთობის სამინისტროში კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ.
სექტორიდან ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ინდოეთიდან რუსეთის მიმართულებით სულ მცირე 60,000 ტონა ბენზინი უკვე გაიგზავნა. კიდევ ერთი წყარო კი აზუსტებს, რომ ორი ტანკერი, რომელთაგან თითოეული 30,000-დან 40,000 ტონამდე საწვავით არის დატვირთული, გზაშია. მესამე წყაროს ინფორმაციით, რუსეთი სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველთვიურად, ჯამში, 400,000 ტონა ბენზინის იმპორტს გეგმავს.
მათ შორისაა მეზობელი ბელარუსიც, რომელმაც რუსეთისთვის საწვავის მიწოდება უკვე დაიწყო. ზაფხულის სეზონზე, როდესაც საწვავზე მოთხოვნა პიკს აღწევს, რუსეთში ბენზინის მოხმარება დღეში სულ მცირე 110,000 ტონას შეადგენს.
ამ ეტაპზე ზუსტად უცნობია, თუ რომელი ინდური ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მიაწვდის რუსეთს ბენზინს. კვირას, მთავრობის წევრებთან და ოფიციალურ პირებთან გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმებმა გარკვეულ რეგიონებში საწვავის დეფიციტი გამოიწვია, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთი ამ პრობლემას უმკლავდება.
სააგენტო „როიტერსის" გამოთვლებითა და წყაროებზე დაყრდნობით, ბელარუსმა ივნისის პირველ ნახევარში, მაისის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთისთვის ბენზინის სარკინიგზო მიწოდება თითქმის გაასამმაგა და 70,000 ტონაზე მეტს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას რუსეთის პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რაც მიზნად უკრაინული დრონების თავდასხმებით გამოწვეული საწვავის დეფიციტის აღმოფხვრას ისახავს.
ამავდროულად, კანონმდებლობა ითვალისწინებს სუბსიდიებს საწვავის იმპორტზე, რომელიც ინდოეთიდან ტრანსპორტირების ხარჯებსა და ფასებზე იქნება მიბმული. LSEG-ისა და Kpler-ის გემების თრექინგის მონაცემების მიხედვით, ივნისში ინდოეთის მიერ რუსული ნედლი ნავთობის იმპორტმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია, რადგან ადგილობრივმა გადამამუშავებლებმა მასობრივად დაიწყეს რუსული ნავთობის შესყიდვა, რათა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო სხვა წყაროებიდან მიწოდების შეფერხების ეფექტი შეემსუბუქებინათ.
Kpler-ის მონაცემებით, ივნისში რუსულ ნავთობზე ინდოეთის მთლიანი იმპორტის ნახევარზე მეტი მოდიოდა, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა მაისის მაჩვენებელთან (36.5%) შედარებით. Kpler-ისა და LSEG-ის წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ ინდოეთმა, რომელიც ნავთობის მესამე უმსხვილესი იმპორტიორია მსოფლიოში, ივნისში რუსეთიდან დღეში დაახლოებით 2.70 მილიონი ბარელი ნავთობი მიიღო.