
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აშშ-ის საელჩოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე მიწვევის ფონზე, ხელისუფლება კვლავ ვაშინგტონთან ურთიერთობის „გადატვირთვაზე" საუბრობს და აცხადებს, რომ ამისთვის კონკრეტული გზამკვლევი არსებობს. თუმცა, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს განცხადებები ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის სხვა ნაბიჯებთან წინააღმდეგობაში მოდის.
ოპოზიციის შეფასებით, ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივას ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების მიერ ირანთან ურთიერთობის გაღრმავების სიგნალები, მათ შორის ირანში დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებაში მონაწილეობის დაანონსება. მათი თქმით, ასეთ პირობებში ვაშინგტონთან "კონკრეტულ გზამკვლევზე" საუბარი რეალისტური არ არის.
როდესაც პრემიერი ამერიკულ მხარეს "კონკრეტული გზამკვლევით" სთავაზობს ურთოერთობის გადატვირთვას, "ოცნების" ოპონენტები მიუთითებენ, რომ რეალური გადატვირთვის გზამკვლევი არის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს წინადადებები.
"მარკო რუბიოს გზამკვლევი: 1. რუსული, ირანული და ჩინური გავლენის ქსელების განეიტრალება. 2. გამოხატვის შემზღუდავი ყველა რუსული ყაიდის კანონის გაუქმება. 3. ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. 4. პარტიების აკრძალვის უკან წაღება.
"ეს ყველაფერი ქენით, რომ ჩამოიშალოთ, პროამერიკული მთავრობა მოვიდეს და გადაიტვირთება", - წერს "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.
მოსალოდნელი სცენარები
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გადატვირთვის პოლიტიკაში აშშ-ს თავის მოთხოვნები აქვს, ამავე დროს, ჩანს, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში გზებს ეძებს.
- ნიკა ჩიტაძე: "გზამკვლევი რუბიოს მოთხოვნებთან აცდენილია, მაგრამ რადგან კობახიძე საელჩოში მიღებაზე მიიწვიეს, თვითონ აშშ-ც რაღაც გზებს ეძებს საქართველოსთან ურთიერთობებისთვის"
"აშშ-დან თავისთავად ირანის საკითხია და პლუს სხვა კითხვები აქვთ - პოლიტპატიმტრების და სინდისის პატიმრების გათავისუფლება, კანონების გაუქმება და ა.შ. "ოცნება" აცხადებს, რომ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთო, კონკრეტიული გზამკვლევიც "ოცნების" პირობებითაა, სურთ, რომ ურთიერთობა აღდგეს ისე, რომ ნაკლებ დათმობებზე მოუწიოთ წასვლა და ხელისუფლება შეინარჩუნონ.
"ეს გზამკვლევი რუბიოს მოთხოვნებთან აცდენილია, მაგრამ რადგან კობახიძე საელჩოში მიღებაზე მიიწვიეს, თვითონ აშშ-ც რაღაც გზებს ეძებს საქართველოსთან ურთიერთობისთვის. ფაქტია, რომ ტრამპის მარშრუტი საქართველოს გარეშე ვერ იფუნქციონირებს, ამერიკასაც აქვს ინტერესი, თუმცა ისე არა, რომ დემოკრატიული მოთხოვნები დათმოს",- განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ რიტუალური მოვლენები არ უნდა გახდეს აშშ-სთან ურთიერთობებში ხელის შემშლელი. მისი თქმით, ურთიერთობის ხიდი შეიძლება აღდგეს, თუმცა, "სწრაფ შედეგებს არ უნდა ველოდოთ".
"თვალი გადავავლოთ ხამენეის დაკრძალვაზე ვინ მიდის და არის თუ არა ამ ქვეყნების ინტერესში აშშ-სთან ურთიერთობის შენარჩუნება, ან განვითარება ასეთი რიტუალური მოვლენების ხარჯზე. ვგულისხმობ აზერბაიჯანის ინტერესებს, თურქეთის, სომხეთის და ა.შ. აშკარად იკითხება, რომ არის ეტიკეტის ნორმები, რომელსაც შეძლებისდაგვარად ყველა იცავს და ეს პოლიტიკურ ინტერესებთან და პერსპექტივებთან კავშირში არაა.
"აშშ-საქართველოს ურთიერთობა რაღაც ეტაპის მერე გახდა გადასატვირთი, ეს აუცილებლობა ბაიდენის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როცა ამერიკული მხარე საქართველო დღეში სამჯერ აკრიტიკებდა. ეს დემოკრატებისა და ულტრალიბერალების ინტერესი იყო. დღეს ისინი ევროპაში არიან კონცენტრირებული და ვხედავთ, რომ ევროპა საქართველოს მიმართ იმავე პოლიტიკას აგრძელებს.
"ამერიკა ბაიდენის გამო საქართველოს მიმართ ნულოვან პოლიტიკურ პოზიციაზე დარჩა, არაფერი არ აქვს. ეს გადატვირთვა კი არა, ფაქტიურად ახალი პოლიტიკური კურსის კონსოლირებაა, რომელსაც უკვე რესპუბლიკელების ინტერესებს შეესაბამება და არა დემოკრატების.
"თანამშრომლობა არსებითად მაგ ხაზზე მესახება, მითუმეტეს ამერიკისთვის სუვერენიტეტის, ეროვნული ღირებულებების დაცვა მნიშვნელოვანია, რაც საქართველოსთან მიმართებაშიც დაამტკიცეს, როცა პატრიარქს ესტუმრნენ.
"ალბათ ამ ხაზით ნელ-ნელა მთლიანად ამოშენდება ხიდი, მაგრამ სწრაფ შედეგებს არ უნდა ველოდოთ, რადგან აშშ-ს როგორც დიდ ქვეყანას, სხვა ქვეყნებთან აქვს ურთიერთობა, საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას, აგრეთვე ინტერესი აქვს, რომ ყველა ქვეყანასთან ჰქონდეს ურთიერთობა, ოღონდ დადებითი და მშვიდობიანი. აშშ-მა შეიძლება თავის თავს მისცეს უფლება, რომ ზოგს დაუპირისპირდეს და ზოგს ემეგობროს.
- რამაზ საყვარელიძე: "ალბათ ნელ-ნელა მთლიანად ამოშენდება ხიდი, სწრაფ შედეგებს არ უნდა ველოდოთ"
"აშშ-ს მსოფლიო პოლიტიკა საბოლოოდ დალაგებული არაა და აი როგორ დალაგდება, ამის მიხედვით საქართველო მეტ-ნაკლებად აღმოჩნდება ამერიკული ინტერესების სფეროში. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ამოცანა ეგაა, რომ ანტიქართული პოლიტიკა არ იყოს, როგორც ევროპაშია. ევროპაში ხაზგასმით ანტიქართული პოლიტიკაა, მიუღებლობაა აქვს იმ ხელისუფლების მიმართ, ვინც ხალხმა აირჩია.
"აშშ-სთან ჯერჯერობით ეგეთი მდგომარეობა არაა. სასურველია, რომ არც განვითარდეს მაგ მიმართულებით, პირიქით. ვხედავთ, რომ აშშ ცდილობს იპოვოს ბაიდენის დროინდელი შეცდომების გადაფარვის გზები. ამ მიღებაზეც კარგად გამოჩნდა, რომ ამერიკა, რომლის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის სიტყვა იყო საყურადღებო, მიაჩნია, რომ კავკასიური დერეფანი აშშ-ს ინტერესებში უნდა იყოს და ეს ურთიერთობები ამაზე დაყრდნობით განვითარდეს",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
რა თქვა პრემიერმა მიღებაზე
როგორც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 1-ელ ივლისს აშშ-ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველო თანმიმდევრულად თანამშრომლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში.
„როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელებისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა სჭირდებოდა, საქართველო, როგორც ერთგული პარტნიორი, მტკიცე მხარდაჭერით პასუხობდა.
"ბოლო პერიოდის მოვლენები ცხადყოფს, რომ სამხრეთ კავკასიის სტრატეგიული მნიშვნელობა როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ კონტექსტში სულ უფრო იზრდება. ამას განაპირობებს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობის, ეკონომიკური მნიშვნელობისა და გეოპოლიტიკური ფაქტორების ერთობლიობა. სამხრეთ კავკასიის მზარდი სტრატეგიული მნიშვნელობის ფონზე, საქართველოს როლი კრიტიკულია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ძირეული გეოპოლიტიკური ცვლილებების პირობებში, საქართველოს სჯერა, რომ პარტნიორობის გაძლიერება და ფორმალიზება ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს ემსახურება.
"მიუხედავად ბოლო წლებში წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევის მეშვეობით, რომელიც საერთო პრიორიტეტებს, თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებსა და მკაფიო სტრატეგიულ მიზნებს განსაზღვრავს. საქართველო გთავაზობთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და თანამშრომლობის მკაფიო ჩარჩოს დაეფუძნება.
"ჩვენ მზად ვართ, პირდაპირი დიალოგის გზით განვსაზღვროთ საერთო პრიორიტეტები, შევიმუშაოთ აღსრულების პრაქტიკული მექანიზმები და უზრუნველვყოთ ორივე ქვეყნისთვის ხელშესახები შედეგები. ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობის დინამიკა კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ოპტიმიზმს, ღრმად კონსტრუქციული და მომავალზე ორიენტირებული პარტნიორობის მიმართ.
"პარტნიორობის ამ სულისკვეთებით, გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. დაე, ჩვენი ერების მეგობრობა წარმატებით გაგრძელდეს და საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაძლიერდეს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა აშშ-ის საელჩოს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მან ასევე დიდი მადლიერებით გაიხსენა ქართველი სამხედრო პირები, რომლებმაც სამშვიდობო მისიებში სიცოცხლე გაიღეს. პერსელმა მადლობა გადაუხადა საქართველოში ამერიკის საელჩოს გუნდს და ქართველებს მრავალწლიანი ერთგულებისთვის.
"სამ ათწლეულზე მეტია, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ქართველ ხალხთან და ქართულ ინსტიტუტებთან. ჩვენ ერთად მივაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს მრავალი მიმართულებით - დაწყებული თავდაცვისა და სამართალდამცავი სექტორებიდან, დასრულებული ბიზნესის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებით.
"ქართველები და ამერიკელები მხარდამხარ შრომობდნენ ორივე ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ამის უახლესი მაგალითია გასულ კვირას ჩვენი შეხვედრა ფოთში, სადაც ოფიციალურად გამოცხადდა ახალი საზღვაო პორტის გაფართოების პროექტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
"ჩვენი პარტნიორობის განუყოფელი ნაწილია ხალხთაშორისი კავშირები, რაც წლების მანძილზე საელჩოს უპირველესი პრიორიტეტი იყო. ამერიკელებს გამორჩეულად უყვართ საქართველო, მე ამას ნამდვილად ვგრძნობ და მჯერა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკელები და ქართველები ასე კარგად უგებენ ერთმანეთს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენი საერთო სწრაფვაა.
"აშშ-ის სამთავრობო გაცვლითმა პროგრამებმა ახალი საგანმანათლებლო და პროფესიული გზა გაუხსნა ათასობით ქართველ სტუდენტს, მასწავლებელს, მცირე ბიზნესის წარმომადგენელსა და სპეციალისტს. საქართველოს უნიკალური და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია და მოხარული ვარ, რომ ჩვენც ვუჭერთ მხარს მისი დაცვისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის ძალისხმევას.
"და რაც ყველაზე მთავარია, შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში",- დასძინა პერსელმა.