ნატალია ჯვარიძე
02.07.2026

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსების მიერ განხორციელებული მასშტაბური იერიშის შემდეგ კიევში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

„სამწუხაროდ, რუსეთის დარტყმების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 90-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. კიევში დარტყმები 20-ზე მეტ ობიექტზე განხორციელდა, მათ შორის უმეტესობა საცხოვრებელი შენობაა. ასევე დაზიანდა სასწრაფო დახმარების ცენტრი, კვლევითი ინსტიტუტი, სასტუმრო და სხვადასხვა ბიზნესები", - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, ახლა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ. ასევე, ჩვენ იმედს ვამყარებთ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე Patriot-ის სისტემების ლიცენზიებთან და თანამშრომლობის სხვა ფორმებთან დაკავშირებით. ეს ის ნაბიჯებია, რომელთაც ამ ომის დასრულება და მსგავსი თავდასხმების აღკვეთა შეუძლიათ", - აცხადებს ზელენსკი.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად კიევში 3 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ანალიტიკოსების დაკვირვებით, რუსეთის მიზანი იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების, განსაკუთრებით კიევის გარშემო ფიზიკური და ლოგისტიკური გადატვირთვა. თითქმის 500 დრონისა და 70-ზე მეტი რაკეტის ერთდროული, სხვადასხვა მიმართულებიდან გაშვება ემსახურებოდა იმას, რომ საჰაერო თავდაცვას ამოეწურა ძვირადღირებული ანტიბალისტიკური რაკეტების, მაგალითად „პეტრიოტების" მარაგი.

მათი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინულმა მხარემ სამიზნეების აბსოლუტური უმრავლესობის ჩამოგდება შეძლო, დარჩენილმა ნაწილმა, განსაკუთრებით ბალისტიკურმა რაკეტებმა, მაინც მიაღწია მიზანს, რაც აჩვენებს, რომ კრიტიკულ მასას საჰაერო თავდაცვაც კი ვეღარ აკავებს სრულად.

ამასთან, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს იერიში იყო პირდაპირი სიგნალი დასავლელი პარტნიორებისთვის. რუსეთი ცდილობს აჩვენოს, რომ მას კვლავ შესწევს ძალა, აწარმოოს უპრეცედენტო მასშტაბის იერიშები.

ანალიტიკოსების აზრით, მოსკოვი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, დაფიქრდეს კონფლიქტის ფასზე, თუმცა ამან შესაძლოა საპირისპირო ეფექტი გამოიღოს და დააჩქაროს უკრაინისთვის ახალი იარაღის გადაცემის პროცესი.

ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ თავდასხმის ძირითადი სამიზნე არა ენერგეტიკული ან კრიტიკული ინფრასტრუქტურა, არამედ საცხოვრებელი უბნები, სასტუმროები და ბიზნესები იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×