თამთა ჩაჩანიძე
02.07.2026

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის "ძალის გამოუყენებლობის" შესახებ შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს.

მოსკოვი ამტკიცებს, რომ ასეთი დოკუმენტი "რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას გააძლიერებს", მაშინ როცა თბილისი ამ მოთხოვნას წლებია კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ კონფლიქტის მხარე თავად რუსეთია.

რუსეთის პოზიციაა, რომ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება საქართველომ პირდაპირ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან "გააფორმოს", რომლებსაც მოსკოვი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოიხსენიებს. დე ფაქტო ხელისუფლებები რუსულ მიდგომას სრულად იზიარებენ.

ქართულმა დელეგაციამ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობას და „ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას".

"საქართველოს მხარემ მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხი.

"ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ქართულმა დელეგაციამ "ღრმა შეშფოთება გამოთქვა 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გაფორმებული ე.წ. შეთანხმებისა და მისი ნაჩქარევად იმპლემენტაციის გამო".

ქართული მხარის შეფასებით, "მსგავსი ტიპის ე.წ. შეთანხმებები იურიდიული თვალსაზრისით ბათილია, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს და აფერხებს კონსტრუქციულ დიალოგს".

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდი 30 ივნის-1-ელ ივლისს გაიმართა, საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, რუსეთის დელეგაციას კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. 

რა მიზანი აქვს რუსეთს

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით ჩანს, რომ რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში გარკვეული გეგმები აქვს, თუმცა 2008 წლის სცენარის განმეორება დღეს არ ძალუძს.

"როგორც ჩანს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში შორს მიმავალი გეგმები აქვს, განსაკუთრებით როცა ბოლო გადაადგილებებით რუსეთის ფედერაციის პირდაპირი წარმომადგენელი დანიშნეს ცხინვალში. შეიძლება ვცდები, მაგრამ რუსეთს როგორც ჩანს სურს საქართველოსთან მიმართებით კონფედერაციული მოწყობის პირობები განიხილოს და ამით ქვეყანა პრორუსულ სივრცეში შეიყვანოს. მე მგონი სწორედ ამას ამზადებს რუსეთი და ესაა პუტინის და მისი გარემოცვის გეოპოლიტიკური მიდგომა.

"რა ძალის გამოუყენებლობა, ჩვენ არასდროს არ გამოგვიყენებია ძალა პირველი, ჩვენ ყოველთვის თავს ვიცავდით. ალბათ რუსეთს სურს საქართველო იყოს რაღაც კონფედერაციული გაერთიანება, სადაც ცხინვალი, აფხაზეთი და დანარჩენი საქართველო  ერთ დონეზე ე.წ. სახელმწიფოების მოდელში მოექცევა რუსული პირდაპირი გავლენის ფორმატში. ეს სხვათა შორის ახალი კონცეფცია არაა, თავის დროზე პრიმაკოვის დოქტრინაც მოიცავდა.

  • ვახტანგ მაისაია: "არ მგონია მაგ დონეზე რუსეთმა გარისკოს, მაშინ, 2008 წელს ამის პოტენციალი ჰქონდა და მან ეს წარმოაჩინა, მაგრამ ახლა არ აქვს, რომ ორ ფრონტს გაუმკლავდეს"

"ნატოს ხსენება, ნიშნავს, რომ რაღაცით ხომ უნდა განამტკიცონ თავიანთი ნათქვამი. ერთის მხრივ ეს რუსეთის შორსმავალი გეგმებია და მეორეს მხრივ ერთგვარი მუქარაცაა. სხვათა შორის, ოკუპირებული ცხინვალიდან მანამდე დაიმუქრნენ თბილისზე თავდასხმით და ეს ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

"როცა რუსეთი 2008 წელს საქართველოში შემოიჭრა, საბაბად ნატო გამოიყენა და მერე მედვედევმა თქვა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს კი არა, ნატო-ს სამხედრო ძალას დავუპირისპირდითო.

"ახლაც იგივე რიტორიკაა, ნატო-ს კვლავ ახსენებენ და როგორც ჩანს რუსეთი აქტიური ღონისძიებების დაწყებას აპირებს, თან არ დაგვავიწყდეს, რომ სექტემბერში რუსეთის საპარლამენტო არჩევნებია და უკრაინასთან უკან დახევის ფონზე რაღაც ქულების მომტანი ნაბიჯების გადადგმა აწყობს პუტინს. ისიც საგულისხმოა, რომ სიის პირველ ხუთეულში უკრაინასთან ომში ე.წ. გმირები ჰყავს შეყვანილი.

"როგორც ჩანს, პუტინისთვის მთავარი მიმართულება წინასაარჩევნო კონტექსტში უკრაინა და კავკასიის რეგიონი იქნება",- განაცხადა მაისაიამ.

მაისაია ამბობს, რომ 2008 წლის სცენარი და პირდაპირი სამხედრო შემოჭრა მოსალოდნელი არაა.

"არ მგონია მაგ დონეზე რუსეთმა გარისკოს, მაშინ, 2008 წელს ამის პოტენციალი ჰქონდა და მან ეს წარმოაჩინა, მაგრამ ახლა არ აქვს, რომ ორ ფრონტს გაუმკლავდეს, შესაძლოა გამოიყენოს მარიონეტული ომის პრინციპი და პროვოკაციები მოაწყონ მარიონეტული რეჟიმების დახმარებით. შეიძლება დივერსიები, ან კიბერ შეტევები მოაწყონ, მოხდეს საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის მეტი ინტენსიფიკაცია და ა.შ. თორემ კონკრეტულ სამხედრო მოქმედებებს გამოვრიცხავ",- განაცხადა მაისაიამ. 

რას აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის შემდეგ გაავრცელა.

„30 ივნისს - 1-ელ ივლისს ჟენევაში გაიმართა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი. მასში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის რესპუბლიკის, საქართველოს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, გაერო-ს, ეუთო-სა და ევროკავშირის თანათავმჯდომარეობით.

"რუსული მხარე მოწოდებით გამოვიდა, დისკუსიების არსებული მანდატის შესაბამისად, რომ მიღებულ იქნას პრაქტიკული ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მტკიცე უსაფრთხოებას.

  • რუსეთის საგარეო: "საუბარია საქართველოსა და ორ სუვერენულ რესპუბლიკას შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავების შესახებ. შეთანხმების მიღწევა მთელ რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს"

"საუბარია საქართველოსა და ორ სუვერენულ რესპუბლიკას შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავების შესახებ. შეთანხმების მიღწევა მთელ რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში საუბარია საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობის შესახებაც.

„რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერ შეთავაზებული ნაბიჯების აქტუალობა იზრდება ნატო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაფართოების ფონზე, მათ შორის, ამ აგრესიული ალიანსის მიერ სამხრეთ კავკასიის ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების ჩატარებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, „თბილისის მხრიდან ჰუმანიტარული დღის წესრიგის გარკვეულ საკითხებზე სპეკულაციების გაგრძელება მიუღებელია".

„მორიგი რაუნდის წინა დღეს, კიდევ ერთხელ იქნა მიღებული უკიდურესად პოლიტიზირებული გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ, რომელსაც საქართველო ყოველწლიურად წარადგენს. ეს არსებული შეთანხმებების დარღვევით მოხდა, რომელთა თანახმად ამ საკითხის განხილვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში უნდა მოხდეს და არა იმ პლატფორმებზე, სადაც სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებს წვდომა არ აქვთ და ქართულ მხარესთან დებატებში თავიანთი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა არ აქვთ", - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×