
უკრაინა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე წნეხს აძლიერებს, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში კომპანია „ლუკოილის" კუთვნილ სტრატეგიულ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა და ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი დაზიანდა.
გენშტაბის მიერ დადასტურებული ეს იერიში ნაწილია შორეული რადიუსის დრონების იმ მასშტაბური კამპანიისა, რომელიც რუსული არმიის საწვავით მომარაგების ჯაჭვის გაწყვეტას ემსახურება.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 2 ივლისის ღამეს, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ობიექტებზე, მათ შორის სარკინიგზო ხიდზე, იერიში მიიტანეს.
- გენშტაბის განცხადებით, უკრაინულმა ქვედანაყოფებმა ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში მდებარე კომპანია „ლუკოილის" კუთვნილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს.
უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ოპერაცია „რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის შესუსტების" გეგმის ნაწილია. „ლუკოილის" ეს ობიექტი რუსეთში სიდიდით მეოთხე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ბენზინის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია, რომლის წლიური გამტარუნარიანობა დაახლოებით 17 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს შეადგენს.
საწარმო ასევე უზრუნველყოფს დიზელის, საავიაციო ნავთის, საპოხი მასალებისა და სხვა ნავთობპროდუქტების გამოშვებას, რომელთა ნაწილსაც რუსეთის არმია იყენებს.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, დარტყმის შედეგად ობიექტზე ხანძარი გაჩნდა და დაზიანდა ნედლი ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი . ზარალის ზუსტი მასშტაბების დადგენა ამ დრომდე მიმდინარეობს.
თავის მხრივ, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორმა, გლებ ნიკიტინმა „ტელეგრამზე" დაწერა, რომ 2 ივლისის ღამიდან მოყოლებული რეგიონი უკრაინული დრონების თავდასხმას იგერიებდა, რა დროსაც საჰაერო თავდაცვის ძალებმა 30 საფრენი აპარატი გაანადგურეს. მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
სააგენტო როიტერსი ორ ინდუსტრიულ წყაროზე დაყრდნობით 25 ივნისს იტყობინებოდა, რომ „ლუკოილის" ნიჟნი-ნოვგოროდის ქარხანამ მუშაობა ჯერ კიდევ წინა უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო შეაჩერა.
2026 წლის დასაწყისიდან უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკულ აქტივებზე, მნიშვნელოვნად გაახშირა შორეული რადიუსის უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმები, მათ შორის მოსკოვსა და მის შემოგარენში მდებარე არაერთ ობიექტზე. ეს კამპანია მიზანმიმართულად უკავშირდება ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საწვავის საცავებს, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის სამხედრო პოტენციალის შესანარჩუნებლად.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა იერიშები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სამიზნეებზეც მიიტანეს. უკრაინულმა ძალებმა იერიში სარკინიგზო ხიდზე მიიტანეს, რომელიც მდინარე ჩრდილოეთის დონეცზე მდებარეობს. აღნიშნულ ხიდს რუსული ძალები სამხედრო ქვედანაყოფების, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადასასროლად იყენებენ.
ამასთანავე, გენერალური შტაბის ინფორმაციით, დარტყმები განხორციელდა რუსეთის სამომსახურო-სამეთვალყურეო პუნქტზე ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ სოფელ ვილშანასთან და რუსული დრონების საწყობზე ზაპორიჟიეს ოლქის ოკუპირებულ სოფელ კამიანკასთან.