"შეიძლებოდა კრიზისის დროს ოპეკის ქვეყნებს მინიმუმ 3-ჯერ გაეზარდათ წარმოება, მაგრამ ასე არ მოხდა და ამიტომ დღეს საწვავზე ფასის კლება უკვე გამოწვევაა“
ქეთო გოგოხია
02.07.2026

გლობალურ ბაზრებზე საწვავი იაფდება. ცვლილება ქართულ ბაზარზე საწყის ეტაპზე არაბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა დაიწყეს და ფასი საშუალოდ 10-20 თეთრით შეამცირეს, თუმცა ბრენდირებულ  სადგურებში ამ მხრივ ვითარება, ფაქტობრივად, უცვლელია. როგორც სექტორში აცხადებენ, გლობალური ბაზრის მოცემულობა იძლევა საშუალებას, რომ ფასში საგრძნობი სხვაობა დაფიქსირდეს და მომხმარებელმა შეღავათი იგრძნოს, რაც ჯერჯერობით, ბენზინზე დაწესებული სტანდარტიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება.

ცნობილია, რომ  ირან-აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, ნავთობზე ფასი კვლავ მცირდება. "ბრენტის" ტიპის ნავთობზე ფასი 70 დოლარამდე შემცირდა,  ასევე კლება ფიქსირდება რუსულ ურალსზე და იგი 50 დოლარის ფარგლებშია.

სულ ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  საწვავის საცალო გაყიდვის სექტორი მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მიზეზი მაღალი გადასახადებია, განსაკუთრებით, კალიფორნიის შემთხვევაში, რაც მიუღებელია.

„ბენზინის საცალო გამყიდველებმა ფასი დაუყოვნებლივ უნდა შეამცირონ! არსებული ფასი ძალიან მაღალია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობის უკვე 68 დოლარი ღირს და კიდევ კლებისკენ მიდის. საცალო გამყიდველებმა ამ განცხადებას სწრაფად უნდა უპასუხონ და გააკეთონ ის, რაც სწორია - შეამცირეთ ფასი ჩვენი დიდებული ამერიკელი ხალხისთვის! ხელოვნური ზრდას არ დავუშვებთ, ეს სრულიად უკანონოა. თუ საცალო გამყიდველები ასე არ მოიქცევიან, მათ სერიოზული პრობლემები ელით“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

თეთრი სახლის ლიდერი ამტკიცებს, რომ აშშ-ში ერთი გალონის ფასი 2,5 დოლარამდე უნდა შემცირდეს. საწვავზე ძალიან მაღალი ფასი ნარჩუნდება კალიფორნიის შტატში, რაც მაღალი გადასახადების ბრალია.

„დაიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ ბენზინის ფასი გალონზე დაახლოებით 2.5 დოლარი იყოს. ამასთან, კალიფორნიამ უნდა შეწყვიტოს საწვავზე მაღალი გადასახადების დაწესება. მალე გადასახადი თავად პროდუქტის ფასზე მეტიც კი გახდება. შეერთებული შტატები ამას არ შეეგუება, არც კალიფორნიის მოსახლეობა, რომელსაც ამ აბსურდული გადასახადებითა და საკუთარი ხელისუფლების პოლიტიკით უსამართლოდ ექცევიან“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება საქართველოს, ნავთობის ფასთან  დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა ,,თიბისი კაპიტალმა“, სადაც აღნიშნულია, რომ არსებული სიტუაციის შენარჩუნების შემთხვევაში, ივლისიდან ბენზინის ფასები შემცირებას დაიწყებს.

საინვესტიციო ბანკის პროგნოზი, რომლის მიხედვით, წლის ბოლოს ინფლაცია 6%-ს მიაღწევდა, "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასს დეკემბრისთვის 80-85 აშშ დოლარის დიაპაზონში მოიაზრებდა, რისკის გარკვეულწილად მაღალ დონეზე შენარჩუნების დაშვების ფონზე, შეიცვალა. საერთაშორისო ბაზრებზე ოპტიმიზმის პარალელურად, რისკის პრემია მკვეთრად შემცირდა.

საერთო ჯამში, თიბისი კაპიტალის პროგნოზით, წლის ბოლოს ინფლაცია 5.1%-ს მიაღწევს, იმ დაშვებით, რომ კონფლიქტის ესკალაცია აღარ მოხდება და ბრენტის ტიპის ნავთობი დეკემბრისთვის, დაახლოებით, 70 აშშ დოლარი ეღირება. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილმა ,,რეზონანსთან“  გლობალურ ბაზრებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსხილმა მომპოვებლებმა შეგნებულად შეამცირეს მოპოვება, რითაც გაძვირების დინამიკას ბიძგი მისცეს.

,,შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეულია, თუმცა ნავთობის ბაზარზე პრობლემა მაინც არის, განსაკუთრებით მოპოვების მასშტაბთან დაკავშირებით. რატომღაც მგონია, პრობლემა ხელოვნურადაა შექმნილი.  შეგნებულად არის ,,დანაღმული“  ბაზარი,  ვისაც როგორც უნდა გაიგოს. მშვიდობა თუ უნდათ, ამდენი ხნის განმავლობაში მიაღწევდნენ. ტრამპი აცხადებს, რომ შეთანხმდა ირანთან, მაგრამ სად არის შედეგი? მსოფლიო ბაზარი ნავთობის ნაკლებობას განიცდის, ეს ნიშნავს, რომ ნედლი ნავთობის დეფიციტი წარმოიქმნება, რის შემდეგაც ფასები მაღლა იწევს, ეს პროცესები უშლის ხელს მსოფლიო ეკონომიკას. ამჟამად 924 დოლარია ბენზინზე ,,პლატცის“ ფასი, როცა ომამდე 700 დოლარი იყო, ჯერ კიდევ შორს ვართ ომამდე არსებული ფასიდან. 937 დოლარი ღირს დიზელის საწვავი. ,,ვისოლი“ აცხადებს, რომ 10%-ით შეამცირა დიზელის ფასი, თუმცა ბენზინის ღირებულება არ შეცვლილა. 

ზოგადად, ნავთობი ისეთი თემაა, რომ ვერავინ გამოიცნობს, რამდენიმე დღის შემდეგ რა იქნება. შეიძლებოდა ,,ოპეკის“ ქვეყნებს მინიმუმ 3-ჯერ გაეზარდათ წარმოება, მაგრამ ასე არ მოხდა და ამიტომ მივიღეთ ასეთი მასშტაბური გაძვირება და დღეს უკვე ფასის კლება ქართული ბაზრისთვის გამოწვევაა“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

მისი აზრით, თავის დროზე ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო საქართველოში ევრო 5-ის სტანდარტზე გადასვლა, რადგან სწორედ მამ სტანდარტის გამო არის მაღალი ფასი, როცა  ევრო 4-ის სტანდარტთან შედარებით, ხარისხში დიდი სხვაობა არ შეიმჩნევა.

,,ევროსტანდარტი  არც აზერბაიჯანს არ აქვს, არც რუსეთს და სომხეთს, მაგრამ ამით არაფერი შავდება. ჩვენ გაუთვლელი გადაწყვეტილება მივიღეთ, რამაც  ნავთობპოროდუქტები შიდა ბაზარზე გაგვიძვირა. ზოგადად რთული მოცემულობა ირგვლივ. რუსეთის სანავთობო ბაზები, ფაქტობრივად, აღარ არის, უკრაინის მიერ დაბომბილია, ამიტომ დაწესდა შეზღუდვა საქართველოს მიმართულებითაც.

შეიძლებოდა სანავთობო ქვეყნებს მოეწესრიგებინათ სიტუაცია, მაგრამ ეტყობა ეს სიტუაცია  აწყობთ. ახლა თვითონ ტრამპი გამოვიდა სიტყვით, რომ  ნავთობპროდუქტებმა გაიაფება დაიწყოს. ჩვენ სასწრაფოდ უნდა განვიხილოთ საწვავის სტანდარტის თუნდაც დროებით ცვლილება, რომ ჩვეულებრივ საწვავზე გადავიდეთ, რაც ფასის კლების შესაძლებლობას მოგვცემს. ეს უნდა იყოს დროებითი  ღონისძიება. მერწმუნეთ, ხარისხში დიდი სხვაობა არ არის და აქედან გამომდინარე, შეიძლება ამ საკითხის განხილვა. 

რაც შეეხება ფასთან დაკავშირებულ პროგნოზს, ვფიქრობ, მსოფლიოში გაიაფების ტენდენცია გაგრძელდება, დაველოდოთ, მათ შორის ჩვენც. არაბრენდირებულები რომ აიაფებენ სწორედ აქ არის კითხვის ნიშანი“, - დასძინა ვახტანგ იობაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

საწვავის გაიაფების ტენდენციაზე წერს უცხოური მედიაც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ ირანის ნავთობის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას გეგმავს და ეს ქვეყანა ნავთობის მოპოვების გაზრდას აპირებს. რაც შეეხება მოძრაობის სრული დატვირთვით აღდგენას, ანალიტიკსოების თქმით,  ეს ჰორმუზის სრუტის განაღმვის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

ვარაუდია,  რომ "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი მესამე კვარტალში ერთ ბარელში 67 აშშ დოლარი იქნება, ხოლო ამერიკული ნავთობი 62 დოლარი ეღირება. მეორე კვარტალში ნავთობის საშუალო ფასი 94 და 87 აშშ დოლარს შეადგენდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×