რეზონანსი
03.07.2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 ივლისიდან ორი წლის ვადით, საქართველო საბანკო საქმისა და ფინანსების დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელ ქვეყნად აირჩიეს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

აღნიშნული სტატუსით საქართველო წამყვან როლს შეასრულებს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის დაგეგმვასა და კოორდინაციაში, მათ შორის, მისი პერიოდული სხდომების ორგანიზებაში წევრ სახელმწიფოთა საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით. ეს სტატუსი აღრმავებს საქართველოს მრავალმხრივ თანამშრომლობას შავი ზღვის აუზის ქვეყნების ცენტრალურ ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან, ასევე ხელს უწყობს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას.

დარგობრივი ჯგუფის მთავარი მიზანი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს შორის საბანკო და საფინანსო სფეროში მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ხელშეწყობაა. მათ შორისაა რეგულირების, ზედამხედველობისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხებზე დიალოგის გაღრმავება, საერთო პროექტების ინიცირება და განვითარების სტრატეგიების შემუშავება.

„შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობა ხაზს უსვამს ქვეყნის სტრატეგიულ როლს რეგიონში და მნიშვნელოვანია საბანკო-საფინანსო სექტორში კავშირების გაღრმავებისთვის. სტატუსი განამტკიცებს საქართველოს მრავალმხრივ თანამშრომლობას შავი ზღვის აუზის ქვეყნების ცენტრალურ ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან, რაც ხელს უწყობს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას სხვადასხვა მიმართულებებით“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია 13 ქვეყანას აერთიანებს. მათ შორის, თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბულგარეთს, საბერძნეთს, მოლდოვას, რუმინეთს, სერბეთსა და ა.შ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×