მარიამ ვეკუა
04.07.2026

სანამ ანკარაში ნატო-ს სამიტისთვის ემზადებიან, კრემლმა ბალტიის ქვეყნებს სერიოზული ბრალდება წაუყენა. მათი ინფორმაციით, ლატვია და ესტონეთი უკრაინულ დრონებს „საჰაერო დერეფნებს" უთმობენ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, ეს რუსული „ელექტრონული ბრძოლის" შედეგია - რუსეთი თავად უცვლის ხელოვნურად კურსს უკრაინულ დრონებს, ნატო-ს ქვეყნების ტერიტორიაზე აგდებს და შედეგად მიღებულ ინციდენტებს ალიანსის წევრების დასაშანტაჟებლად იყენებს.

გასულ კვირას ლატვიამ განაცხადა, რომ რუსეთის საზღვართან დრონების ქარხნის გახსნა იგეგმება. პარასკევს კი მოსკოვში განაცხადეს, რომ ლატვია უკვე ეხმარება უკრაინას აღნიშნული სასაზღვრო ზონის საჰაერო სივრცის გამოყენებაში, რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე დარტყმების მისატანად.

ამას დაემატა უკრაინელთა მასშტაბური საჰაერო დარტყმა სანქტ-პეტერბურგზე. სანქტ-პეტერბურგისა და მიმდებარე ლენინგრადის ოლქის ხელისუფლებამ შაბათს განაცხადა, რომ უკრაინული დრონების მასშტაბური თავდასხმის შედეგად ადგილობრივი პორტი და ნავთობის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბეგლოვმა აღნიშნა, რომ 6-მილიონიანი ქალაქი დრონების ფართომასშტაბიანი იერიშის სამიზნე გახდა, რის შედეგადაც დარტყმა ქალაქის ნავთობტერმინალზე განხორციელდა. მისივე თქმით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია და თავდასხმის შედეგები უკვე ლიკვიდირებულია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის განცხადებით, მოსკოვი ფლობს დადასტურებულ ინფორმაციას, რომ ბალტიის ქვეყნებმა უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატებს რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის საკუთარი საჰაერო სივრცე დაუთმეს.

„ჩვენ გვაქვს გადამოწმებული ინფორმაცია, რომ ლატვიამ და ბალტიისპირეთის სხვა რესპუბლიკებმა უკვე გამოყვეს საჰაერო დერეფნები უკრაინული დრონებისთვის, რათა მათ ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანონ", - განაცხადა გალუზინმა.

გასულ კვირას ესტონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, მადის როლმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ტალინი მზად იყო უკრაინის არმიას სანქტ-პეტერბურგზე თავდასხმებში დახმარებოდა. აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებისას რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ესტონეთის ხელისუფლება „ტერორისტული აქტის თანამონაწილეა".

 

  • მიხაილ გალუზინი: „ჩვენ გვაქვს გადამოწმებული ინფორმაცია, რომ ლატვიამ და ბალტიისპირეთის სხვა რესპუბლიკებმა უკვე გამოყვეს საჰაერო დერეფნები უკრაინული დრონებისთვის, რათა მათ ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანონ".

 

ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ტაქტიკა ზუსტად იმეორებს უკრაინაში შეჭრის წინარე პერიოდს - კრემლი როგორც საკუთარი, ისე საერთაშორისო საზოგადოებისათვის ქმნის ილუზიას, რომ რუსეთი კი არ ესხმის თავს ნატო-ს წევრებს, არამედ „იძულებულია უპასუხოს" მათი ტერიტორიიდან მომავალ აგრესიას.

ბრალდებების ქრონოლოგია

ეს ბრალდება იმ დროს გაჟღერდა, როცა ანკარაში ნატო-ს ყოველწლიური სამიტისთვის ემზადებიან, სადაც ბალტიის საგარეო საქმეთა მინისტრები ალიანსს აღმოსავლეთ ფლანგზე მეტი ვალდებულებების აღებისკენ ყველაზე აქტიურად მოუწოდებენ.

გაზაფხულზე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ „რუსეთზე უკრაინული დრონების თავდასხმები ფინეთისა და ბალტიის ქვეყნების გავლით ხორციელდება". მან ეს ფაქტი დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემების არაეფექტურობას, ან ამ ქვეყნების მიერ საკუთარი საჰაერო სივრცის დათმობას მიაწერა.

 

  •  მედია: უკრაინული დრონების მიერ ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცის დადასტურებული დარღვევების რაოდენობამ უკვე ორნიშნა ციფრს მიაღწია, რამაც ნატო-ს სამი უმცირესი წევრისთვის რუსეთის მხრიდან მომავალი თეორიული რისკი მუდმივ პოლიტიკურ საგანგებო მდგომარეობად აქცია.

16 მაისს, გაეროში რუსეთის ელჩმა განაცხადა, რომ მოსკოვი ფლობს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც უკრაინა სამხედრო დრონების გაშვებას ლატვიიდან და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებიდან გეგმავს. მან გააფრთხილა აღნიშნული სახელმწიფოები, რომ ნატო-ს წევრობა მათ საპასუხო დარტყმებისგან ვერ დაიცავს.

2026 წლის მარტიდან მოყოლებული, უკრაინული დრონები, რომლებიც მიზანში იღებდნენ რუსეთის ნავთობის საექსპორტო ინფრასტრუქტურას ბალტიის ზღვის სანაპიროზე (უსტ-ლუგასა და პრიმორსკში), რამდენჯერმე აღმოჩდნენ ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ფინეთის საჰაერო სივრცეში. მაისში ერთ-ერთი დრონი ლატვიის ქალაქ რეზეკნეში ნავთობის საცავს დაეცა, რამაც ოთხი რეზერვუარი დააზიანა და რიგაში კოალიციური კრიზისი გამოიწვია, რასაც თავდაცვის მინისტრის გადადგომა მოჰყვა.

ამ მომენტისთვის, უკრაინული დრონების მიერ ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცის დადასტურებული დარღვევების რაოდენობამ უკვე ორნიშნა ციფრს მიაღწია. როგორც ტელეკომპანია „ალ ჯაზირა" ივნისში აღნიშნავდა, ამ ინციდენტებმა ნატო-ს სამი უმცირესი წევრისთვის რუსეთის მხრიდან მომავალი თეორიული რისკი მუდმივ პოლიტიკურ საგანგებო მდგომარეობად აქცია.

ბალტიელთა პასუხი ბრალდებებზე

ლატვიის თავდაცვის სამინისტრომ გალუზინის ბრალდებებს ფრენების ნებართვის შესახებ „სრულიად უსაფუძვლო ცრუ ბრალდებები" უწოდა და მათი უკან წაღება მოითხოვა. ესტონეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ანტს კივისელგმა კი განაცხადა, რომ ტალინი აქტიურად მუშაობს კიევთან, რათა უკრაინული იარაღი მოკავშირეების საჰაერო სივრცეში არ მოხვდეს.

ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივად აღნიშნეს, რომ ეს ინციდენტები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის პირდაპირი შედეგია და არა ბალტიისპირეთის თანამონაწილეობის მტკიცებულება. ნატოს სამხედრო ანალიტიკოსები ამ შემთხვევების მიზეზად რუსულ ელექტრონული ბრძოლის სისტემებს ასახელებენ. რამდენიმე ანალიტიკოსი კი ამტკიცებს, რომ მოსკოვი განზრახ გადაამისამართებს უკრაინულ საბრძოლო მასალას ნატოს ტერიტორიაზე, რათა ზუსტად ისეთი ბრალდებები წამოაყენოს, როგორსაც ახლა გალუზინი აჟღერებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×