
მომავალ კვირაში თინა ბოკუჩავას ენმ-ის თავმჯდომარის უფლებამოსილების ორწლიანი ვადა ოფიციალურად ეწურება, თუმცა პარტიას ამ დრომდე არც ოფიციალური კანდიდატები დაუსახელებია და არც ყრილობის თარიღი. ამ ფონზე, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა პარტიის მომავალზე ახალი განცხადება გააკეთა და კიდევ 4 თავისი ფავორიტი დაასახელა და ენმ-ში ახალგაზრდების მოზიდვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
ამ კონტექსტში სააკაშვილი ახსენებს ენმ-ს აქტიურ წევრებს - ლევან სანიკიძეს, იგორ ნარმანიას, ირაკლი ფავლენიშვილსა და ლაშა ფარულავას. ანალიტიკოსთა შეფასებით, ერთის მხრივ, შესაძლოა, სააკაშვილს სურდეს პარტიის ხელმძღვანელობაში ძველი ლიდერების ჩანაცხლება შედარებით ახალი სახეებით. თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი უშვებს იმ ფაქტს, რომ ამ ოთხეულიდან ერთი, ან რამდენიმე თავმჯდომარეობის კანდიდატადაც დასახელდეს.
მანამდე სააკაშვილმა პარტიას მომავალ თავმჯდომარედ საჯაროდ შესთავაზა ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურა, თუმცა ამას ენმ-ის ლიდერების ნაწილში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და ჟორჟოლინაზე საუბარიც არჩევნების კონტექსტში პრაქტიკულად შეწყდა.
ამის პარალელურად, მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე არ გამორიცხავენ, რომ თავჯდომარეობაზე საკუთარ კანდიდატურას დააყენებენ.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სააკაშვილის მიერ წამოყენებულ ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანზე კანდიდატურაზე შესაძლოა პარტიაში უთანხმოება და აზრთა სხვადასხვაობა იყო, მაგრამ მისი კანდიდატად ოფიციალურად დაყენების გეგმა საბოლოოდ არ ჩავარდნილა.
რაც შეეხება ანა წითლიძეს, 30 ივნისს მან პარტიის ოფისში გამართა შიდაპარტიული რეფორმის გეგმის - „ელექტრუნული რეფორმა - მეტი სახალხოობისა და შიდა დემოკრატიისთვის" პრეზენტაცია. ენმ-ის განცხადებით, ეს არის პარტიის ორგანიზაციული განვითარების ახალი კონცეფცია. რეფორმის მთავარი მიზანია პარტიის გახსნა, გამჭვირვალობის ზრდა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში წევრებისა და მხარდამჭერების უფრო აქტიური მონაწილეობა.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილები იყვნენ ანი წითლიძე, ირაკლი ფავლენიშვილი, ლევან სანიკიძე, გიორგი ბარამიძე და სხვა წევრები, თუმცა მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პრეზენტაციას არ ესწრებოდა.
რას ამბობს სააკაშვილი
პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი წერს, რომ ენმ-ს ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ახალგაზრდობის მოზიდვაა.
„ერთ-ერთი მთავარი, თუ არა ყველაზე მთავარი მიღწევა „ნაცმოძრაობის" არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა. ეს ნამდვილად მებრძოლი ხალხია, ახალი აზროვნებით, სულ სხვა მიზანმიმართულებით.
- მიხეილ სააკაშვილი: „მათ არ ამძიმებს ხელისუფლებაში ყოფნის წარსული ტვირთი და ისინი ბრძოლაში ჩაერთნენ წმინდა წყლის იდეისთვის. ასეთებია ლევან სანიკიძე, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა ფარულავა და რა თქმა უნდა, იგორ ნარმანია."
„მათ არ ამძიმებს ხელისუფლებაში ყოფნის წარსული ტვირთი და ისინი ბრძოლაში ჩაერთნენ წმინდა წყლის იდეისთვის. ასეთებია ლევან სანიკიძე, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა ფარულავა და რა თქმა უნდა, იგორ ნარმანია. ასევე გვყავს უმაგრესი ახალგაზრდები რეგიონებში. შეუძლებელია იმ ძალამ და იდეამ, რომელსაც ასეთი ხალხი უჭერს მხარს, არ გაიმარჯვოს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
მოსალოდნელი პროცესები პარტიაში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ, დიდი ალბათობით, თავმჯდომარეობი9ის კანდიდატების გამოსავლენად, პარტიაში პრაიმერიზი ჩატარდება.
„ალბათ პრაიმერიზი ჩატარდება. ვიცით, რომ „ნაცმოძრაობაში" პრაიმერიზების ჩატარების გამოცდილება არის. შეიძლება ყრილობის თარიღი უახლოეს მომავალში გახდეს ცნობილი. ალბათ კულუარებში მიდის მსჯელობა და შესაძლოა გადაწყვეტილებაც მიღებულია, მაგრამ საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საბოლოოდ ჩამოყალიბდება ყველაფერში პარტია.
„რაც შეეხება კანდიდატებს, ჩემი აზრით, ნაწილი ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას უჭერს მხარს, ნაწილი თინათინ ბოკუჩავას. შესაძლებელია წითლიძემაც დააყენოს საკუთარი კანდიდატურა. ვიცი, რომ ჟორჟოლიანი და ბოკუჩავა ყველა შემთხვევაში იქნებიან", - განაცხადა ჩიტაძემ.
მისი თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატად დაყენების გეგმა არ ჩავარდნილა.
„ნანუკა ჟორჟოლიანი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს შორის. შეიძლება ბევრია ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, ვინც ენმ-ს მხარს არ უჭერს, პროპაგანდასაა აყოლილი, რომ აი, „ნაცების" დროს აწამებდნენ ხალხს ახლაც და „ქოცი" უდრის „ნაცს" და ა.შ., მაგრამ ნანუკას მიმართ სიმპატიითაა განწყობილი, ძალიან ბევრი კეთილი საქმე გააკეთა და შესაძლოა ვინც ენმ-ს მხარს არ უჭერს, ნანუკას ფიგურის გამო დაუჭიროს მხარი.
„შესაძლოა ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას პარტიის შიგნით გარკვეული წინააღმდეგობა დახვდა. არ ვიცი რამდენად იყო კოორდინაცია მიხეილ სააკაშვილსა და პარტიას შორის. შესაძლოა აზრთა სხვადასხვაობა იყოს და ეს ბუნებრივი და ლოგიკურიცაა, „ქართული"ოცნებისგან" განსხვავებით, სადაც ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს და ყველა ემორჩილება", - განაცხადა ჩიტაძემ.
- ნიკა ჩიტაძე: „ვიცი, რომ ჟორჟოლიანი და ბოკუჩავა ყველა შემთხვევაში იქნებიან... ბევრია ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, ვინც ენმ-ს მხარს არ უჭერს, მაგრამ, შესაძლოა, ნანუკას ფიგურის გამო დაუჭიროს მხარი."
კითხვაზე, რას ნიშნავს სააკაშვილის მიერ 4 ფავორიტის დასახელება და ხომ არ სურს სააკაშვილს ძველი სახეების ახლით ჩანაცვლება, ჩიტაძემ გვითხრა:
„ეს ადამიანები ნამდვილად ინტელექტუალები, მშვენიერი ორატორები და მებრძოლები არიან. ძველებიც ძალიან ბევრი ინტელექტუალი და მებრძოლია - გიორგი ბარამიძე, ლევან ბეჟაშვილი და სხვები ძალიან ჭკვიანები არიან. ვფიქრობ, უფრო ახალგაზრდების შემატებაზეა აქცენტი, ვიდრე ძველების ახლით ჩანაცვლებაზე.
„ჩანაცვლება არა, პარტიის წინაშე ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის, მათ მემგონი ბრძოლა უნდა გააგრძელონ. ხალხში საუბარი კი არის, რომ ძველი სახეები მომბეზრდათ და რაღაც, მაგრა რა გარანტია გაქვს, რომ ახალი მოვა და ის უკეთესი იქნება? ბარამიძე, რომელიც ძველი სახეა, რითია ცუდი, რომელიც აფხაზეთში ომობდა, ტყვეების გაცვლაში და შემდგომში რეფორმების განხორციელების პროცესში მონაწილეობდა? ამიტომაც ძველებიც უნდა იყვნენ და ახლებიც. ლევან სანიკიძე უჭკვიანესია, კარგი ორატორია; ფავლენიშვილი და ნარმანია - პატიოსნები, წესიერები, მებრძოლები; ლაშა ფარულავა კორუფციის წინააღმდეგ როგორ იბრძვის და ავლენს ფაქტებს...".
კითხვაზე, ამ ოთხეულიდან რამდენად შეიძლება ვიხილოთ თავმჯდომარეობის კანდიდატად ერთი ან რამდენიმე მაინც, ჩიტაძე ამბობს, რომ ყველაფერი მოსალოდნელია:
„შესაძლებელია, თუმცა არ ვიცი ზუსტად რა ხდება კულუარებში, ყველაფერი მოსალოდნელია".