მარიამ ვეკუა
04.07.2026

„ჰიბრიდული ჩარევის" პრევენცია თუ ოპოზიციური ხმების ნეიტრალიზება? - სომხეთის ხელისუფლებამ ემიგრანტებისთვის ბინადრობის მკაცრი საარჩევნო ცენზი დააწესა, რითაც დარტყმა პირველ რიგში რუსეთში მცხოვრებ ამომრჩეველზე მიიტანა. ამას ოპოზიცია და ადგილობრივი უფლებადამცველები არაკონსტიტუციურს უწოდებენ, 7 ივნისის არჩევნების შემდეგ მმართველი გუნდის ძალაუფლების ცემენტირების მცდელობად აფასებენ და საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს გეგმავენ.

სომხეთში იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუდმივად ცხოვრობენ, არჩევნებში ხმის მიცემა აეკრძალათ. საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო.

ამიერიდან, საპარლამენტო არჩევნებსა და რეფერენდუმებში მონაწილეობას სომხეთის მხოლოდ ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც არჩევნებამდე ბოლო 730 დღიდან სულ მცირე 366 დღის განმავლობაში მუდმივად ქვეყანაში ცხოვრობდნენ. ამასთან, აღნიშნული პირობა ძალაში უნდა იყოს მორიგ არჩევნებამდე 48 დღით, ხოლო რიგგარეშე არჩევნებამდე 28 დღით ადრე.

ცვლილებების ავტორები ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმების" დეპუტატები არიან. მათ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები მოქალაქეები ხშირად არ არიან საკმარისად გაცნობიერებული ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ვითარებაში, ან, შესაძლოა, იმ სახელმწიფოს პოლიტიკური დღის წესრიგის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, სადაც ცხოვრობენ.

ოპოზიციურმა ფრაქცია „სომხეთმა" კი განაცხადა, რომ მიღებული ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

ბინადრობის ცენზის შემოღების ინიციატივა მმართველი პარტიის, „სამოქალაქო შეთანხმების" დეპუტატებმა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დააანონსეს. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში არჩევნების დასრულების შემდეგ, 16 ივნისს, შევიდა.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ ხმათა 49,74% მიიღო და მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტების უფლება შეინარჩუნა. მეორე და მესამე ადგილზე პრორუსული პოლიტიკური ძალები გავიდნენ - „ძლიერი სომხეთი" (23,27%) და ალიანსი „სომხეთი" (9,92%). დანარჩენმა პარტიებმა 4%-იანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს.

სომხეთის ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის ბარიერგადალახულმა „სომხეთმა" და „ძლიერმა სომხეთმა", არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი თქვა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ადგილი ჰქონდა ოპოზიციაზე პოლიტიკურ ზეწოლას, ხმების დათვლისას დაფიქსირებულ დარღვევებსა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.

კენჭისყრის მიმდინარეობა მოსკოვშიც გააკრიტიკეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანია დემოკრატიული პროცედურების დარღვევით წარიმართა, ხოლო საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა მოგვიანებით არჩევნების შედეგებს „გარკვეულწილად საეჭვო" უწოდა და აღნიშნა, რომ სომხეთში პოლიტიკური ვითარება კვლავ რთული რჩება.

ოპოზიციონერების კრიტიკა

სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჯგუფმა პარასკევს მიღებული კანონმდებლობა არაკონსტიტუციურად შეაფასა და დაგმო. მათ ღია წერილში აღნიშნეს, რომ კანონი „საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პრინციპებს და არღვევს მოქალაქეების პოლიტიკურ უფლებებს".

პარლამენტში გამართული მოკლე დებატების დროს ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც ეს ინიციატივა არაკონსტიტუციურად შეაფასეს. მათ ასევე გამოთქვეს უკმაყოფილება იმის გამო, რომ კანონპროექტი არ გამოუტანიათ საჯარო განხილვაზე და არც საერთაშორისო სტრუქტურებისთვის, კერძოდ, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიისთვის გადაუგზავნიათ.

„ფუნდამენტური უფლების ამგვარი დარღვევა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „სამოქალაქო შეთანხმებას" ადამიანის უფლებებთან საერთო არაფერი აქვს", - განაცხადა ოპოზიციური ალიანსის, „სომხეთის" წევრმა არწვიკ მინასიანმა.

  • საკანონდებლო ცვილელბა სომხეთში მოქმედმა დასავლეთიდან დაფინანსებულმა სამოქალაქო ორგანიზაციებმაც გააკრიტიკეს - მათი შეფასებით, ეს საარჩევნო უფლების არაკონსტიტუციურ და არაპროპორციულ შეზღუდვას წარმოადგენს.

გასულ კვირას გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში კანონპროექტი დასავლეთიდან დაფინანსებულმა რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციამაც მკაცრად გააკრიტიკა. მათ აღნიშნეს, რომ ეს ცვლილება საარჩევნო უფლების არაკონსტიტუციურ და არაპროპორციულ შეზღუდვას წარმოადგენს.

ამია საპასუხოდ პროსახელისუფლებო დეპუტატებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს „სამოქალაქო შეთანხმების" ბრალდებები იმის შესახებ, რომ რუსეთში მცხოვრებ სომხეთის მოქალაქეებს ფული გადაუხადეს, რათა ისინი სომხეთში ჩამოსულიყვნენ და 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში ხმა მილიარდერ სამველ კარაპეტიანის ოპოზიციური ალიანსისთვის მიეცათ. თუმცა, მმართველ გუნდს ამგვარი ამომრჩევლების რაოდენობის თაობაზე კონკრეტული მონაცემები არ წარუდგენია.

მინასიანმა კი მოიყვანა ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც, მისი თქმით, კანონპროექტის ოფიციალურად დეკლარირებულ მოტივს უარყოფს. ამ მონაცემების მიხედვით, იანვრიდან მაისის ჩათვლით ქვეყანაში შემოსული ემიგრანტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ დაახლოებით 3,000-ით იყო გაზრდილი.

  • ოპოზიციის ნაწილი ახალ კანონს სომხეთში მოსალოდნელ რეფერენდუმს უკავშირებს და ამბობს, რომ „ცვლილება მიზნად ისახავს აზერბაიჯანულ-თურქული დავალების შესრულებას".

ალიანს „სომხეთის" კიდევ ერთმა დეპუტატმა, აღვან ვარტანიანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის რეალური მიზანია ფაშინიანისთვის რეფერენდუმის გზით ახალი კონსტიტუციის მიღების გაადვილება, რასაც აზერბაიჯანი ითხოვს. მოქმედი კონსტიტუციით, ცვლილებებს მხარი ქვეყნის დაახლოებით 2.5 მილიონი უფლებამოსილი ამომრჩევლის სულ მცირე მეოთხედმა უნდა დაუჭიროს, რომელთა შორისაც ასობით ათასი რუსეთში მცხოვრები სომეხია. ემიგრანტებისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის შემდეგ კი, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება, რაც რეფერენდუმის ბარიერის გადალახვას გააადვილებს.

„ამ მთავრობამ პირობა მისცა აზერბაიჯანს, რომ შეცვლიდა ჩვენს კონსტიტუციას... ამ მთავრობამ საკუთარი ხალხის შიში დაკარგა, მაგრამ ეშინია აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის. ეს ცვლილება მიზნად ისახავს აზერბაიჯანულ-თურქული დავალების შესრულებას", - თქვა ვარტანიანმა.

ჯერჯერობით, ამ საკანონმდებლო ცვლილებაზე დასავლეთში შეფასებები არ გაუკეთებიათ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×