
ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩინეთთან. სწორედ ესაა ის ძირითადი დატვირთვა იმ უკანასკნელი შეხვედრების, ვიზიტების ცენტრალურ აზიაში, რომ ერთი მხრივ, საქართველოს ჰქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა შუა აზიის ცენტრალურ ქვეყნებთან და მეორე მხრივ, ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე ჩვენ კანდიდატი ქვეყანა ვართ და ჩვენ ხიდის როლს ვასრულებთ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ ამ პროცესის გაშარჟებას.
„სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები, განსაკუთრებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ცდილობენ ეს პროცესი გააშარჟონ და რატომღაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, თითქოს შუა აზიის ქვეყნებთან ჩვენი პარტნიორობა აბუჩად ასაგდებია, ან სასაცილოა, რაც რა თქმა უნდა, ასე არ არის. ჩინეთი არის მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკა და აბსოლუტურად ყველა ევროპული ქვეყანა ცდილობს, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას, ურთიერთობების გაღრმავებას, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ეს ჩვენ დიდი ხნით ადრე გავაკეთეთ, თადარიგი დავიჭირეთ. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამას ახლა აკეთებენ. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რადიკალურ ოპოზიციაშია არიან ადამიანები, ვინც იაზრებენ შუა აზიასთან ურთიერთობის მნიშვნელობას, მაგრამ მეორე მხრივ, დიდ ნაწილს ალბათ, უმეცრებითაც მოსდით, რასაც ისინი კამპანიურად აწარმოებენ. ალბათ, თქვენ შეგხვდებოდათ განცხადებები, რომ ცდილობენ, გააშარჟონ ეს პროცესი, მაგრამ ჩვენ თანმიმდევრულად ვცდილობთ, რომ ამ გეოპოლიტიკურ მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, თავისი როლი გამოკვეთოს ამ პროცესში და გვქონდეს ღირსეული გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური როლი დაკავშირებადების კონტექსტში. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი“, - აღნიშნა ფაღავამ.