
თბილისში, დადიანის ქუჩაზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომელსაც შუახნის ქალი ემსხვერპლა, პოლიტიკური აჟიოტაჟი და ცხარე დისკუსია გამოიწვია. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ დაღუპული ვეტერანი გვარდიელი და სერჟანტი იყო, ხოლო ავტომობილს რუსეთის მოქალაქე მართავდა, სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ვერსია და ინტერპრეტაცია გავრცელდა, მათ შორის ვარაუდებიც შესაძლო უცხოური სპეცსამსახურების კვალზე. თუმცა, ამ ეტაპზე გამოძიება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და სხვა ვერსიებზე არ საუბრობს ოფიციალური გამოძიება.
ავტოსაგზაო შემთხვევა 22 ივნისს მოხდა, თუმცა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები სოციალურ ქსელებში მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გავრცელდა. თავად პროკურატურამ მომხდარის შესახებ ოფიციალური განცხადება 3 ივლისს გააკეთა.
მძღოლი რომელიც დადიანის ქუჩაზე მიმავალ ვეტერან 56 წლის მიმი კაზალიკაშვილს რუსულ ნომრიანი ჯიპის ტიპის ავტომობილით დაეჯახა, რუსეთის მოქალაქე ოლგა სვიატკინაა. შსს-ს ინფორმაციით, ის შემთხვევის ადგილზე დააკავეს და 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას ბრალდება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ადვოკატი: „ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ფსიქოლოგიურად. ჩემთან თქვა - ყველაფერი გაივლის, მაგრამ მე ამ ცოდვით როგორ ვიცხოვრო მთელი ცხოვრებაო."
„რუსეთი ოკუპანტი სახელმწიფოა და შესაბამისად, რუსეთის მოქალაქის მიერ ჩადენილ, ან შესაძლო დანაშაულზე ყოველთვის არის განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება. თუმცა პირველი შთაბეჭდილებაა, რომ მართლა უბედური შემთხვევაა", - ამბობს კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამ ინციდენტზე.
დაკავებულის ადვოკატის თქმით, ოლგა სვიატკინა რამდენიმე წელია მეუღლესთან ერთად იმ ქუჩაზე ცხოვრობს, სადაც უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თავად რუსეთის მოქალაქეა, ხოლო მის მეუღლეს უკრაინის მოქალაქეობა აქვს. ადვოკატის ცნობით, ისინი „დიდი ხანია საქართველოში იმყოფებიან, არავითარი კავშირი არ აქვთ არც რუსებთან და არც უკრაინასთან" და თავად ბრალდებული კი მომხდარს „ძალიან ნანობს".
დისკუსია სოციალურ ქსელებში
სოციალურ ქსელებში მომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ. ნაწილს არ სჯერა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო, რადგან „ვიდეოდან ჩანს, რომ თითქოს განგებ მიაჭყლიტა" რუსეთის მოქალაქემ ქართველი ვეტერანი ქალი. ნაწილი იმასაც ამბობს, რომ უკვე დაკავებული ქალი უშუალოდ ავარიის შემდეგ ფოტოებს უღებდა გარდაცვლილს. სხვა ვერსიით კი, ის სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად რეკავდა.
უამრავ კომენტარსა და პოსტში ამოიკითხავთ იმასაც, რომ ამაში რუსული დაზვერვის ხელი ურევია და რომ რუსული სპეცსამსახურები პირდაპირ ნადირობენ 2008 წლის ომის მონაწილე ყოფილ და მოქმედ სამხედროებზე. თუმცა, სოციალური ქსელების მომხმარებელთა მეორე ნაწილს ამ ვერსიის არ სჯერა.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ტროტუარზე მდგომი ჯიპი მაშინ იძვრება, როდესაც შავებში ჩაცმული ქალი გვერდიდან უახლოვდება მანქანას. ჯიპი მოულოდნელად ეჯახება ჯერ კაზალიკაშვილს და შემდეგ მასთან ერთად იქვე მდგომ სხვა ავტომობილს და შუაში იყოლებს ქალს. მძღოლს უკანა სვლით გაჰყავს ავტომობილი, ქალი უგონოდ ეცემა ასფალტზე, ამის შემდგომ მძღოლი გადმოდის მანქანიდან და იღებს მობილური ტელეფონს.
ჩანაწერში ჩანს, რომ ამ ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს. გავრცელებული ცნობებით, დაშავებული ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, შემთხვევა დილის საათებში მოხდა.
„დაღუპული ქალი სამხედრო პირი ყოფილა, დაკავებული კი - რუსეთის მოქალაქე. გაუფრთხილებლობით ჩაიდინა თუ განზრახ, ახლა საკითხავი ეს არის..."
- პაატა ზაქარეიშვილი: „მესმის ამ ხალხის და პატივს ვცემ მათ დამოკიდებულებას, მაგრამ ჩემს თავს უფრო ვენდობი და მიმაჩნია, რომ სჯობს გამოძიება ჩატარდეს."
„მეოცედ ვუყურებ და მექმნება შთაბეჭდილება, თითქოს იქ სპეციალურად იდგა ელოდებოდა, რომ დასჯახებოდა..."
„არაფრით არ ჰგავს შემთხვევითობას, შეგნებულად მოკლა და ტელეფონით სახეზე გადაუღო დამკვეთთან გასაგზავნად..."
„მოდი რეალობას შევხედოთ და ვთქვათ სიმართლე. ორივე - დაღუპულიც და დამნაშავეც ცოდოა. არ მგონია რაიმე განზრახ მომხდარიყო. მოხდა შემთხვევით და უცოდინრობით. დიახ, უცოდინრობით..." - წერენ სოც ქსელების მომხმარებლები.
ოფიციალური ვერსია
პროკურატურა 3 ივლისით დათარიღებულ ინფორმაციაში წერს, რომ თბილისში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა.
„22 ივნისს, თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა, სწრაფად დაძრა ავტომანქანა, რის შედეგადაც ტროტუარზე მისი თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ქვეითს და ტროტუარზე მდგარ ავტომანქას შეეჯახა.
„შეჯახების შედეგად დაზარალებულმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანებები მიიღო, რის შედეგადაც კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რას ამბობს ბრალდებულის ადვოკატი
ადვოკატ იმედა ქარქაშაძის ინფორმაციით, ბრალდებული ამბობს, რომ ავარიის მომენტი არ ახსოვს და იმ დღეს, როდესაც შემთხვევა მოხდა, ჩვეულებრივ, სამსახურში მიდიოდა.
„თვითონ იმდენად შოკშია, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ფსიქოლოგიურად. ჩემთან თქვა - ყველაფერი გაივლის, მაგრამ მე ამ ცოდვით როგორ ვიცხოვრო მთელი ცხოვრებაო. ძალიან ნანობს ამ ყველაფერს. იმ მომენტში რა მოხდა, თვითონაც არ ახსოვს. ჩვეულებრივ რუტინა ჰქონდა, სამსახურში მიდიოდა და მოხდა ასეთი ამბავი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არც ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფილა, არც სხვა გარემოება იყო", - განაცხადა ადვოკატმა.
ქარქაშაძის თქმით, ეს იყო ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და არა განზრახ ჩადენილი ქმედება. ავტომობილის დაძვრისას ქალს შეეშალა „პედალი", რამაც შეჯახება გამოიწვია.
„არ არის ის გარემოება, რასაც სოციალურ ქსელებში წერენ. ჩვეულებრივი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რის გამოც ადამიანი გარდაიცვალა. მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. რა თქმა უნდა, ძალიან რთული სიტუაციაა, ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ავტოსაგზაო შემთხვევა. არ არის ისეთი, რომ ვთქვათ სპეციალურად მოხდა დაჯახება, ან სხვა მიზანი იყო. ეს გამორიცხულია.
„არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი, არ მითქვამს, რომ დაზიანება იყო მანქანის რომელიღაც ნაწილში. გადაცემათა კოლოფს დაზიანება ჰქონდა, თვითონ შეამჩნია. სხვა ყველაფერი ნორმალურად მუშაობდა. ეს იყო ისეთი მომენტი, რომელიც შეიძლება ბევრს დაემართოს. სახეზე გვაქვს არაგანზრახი დანაშაული. უბრალოდ მანქანის დაძვრისას აერია და შემთხვევით სხვა პედალს დააჭირა ფეხი, აქედან გამომდინარე მოხდა შეჯახება",- განაცხადა ადვოკატმა „პალიტრანიუსთან".
რამ გამოიწვია აჟიოტაჟი
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რთული სათქმელია ურევია თუ არა მომხდარში რუსული სპეცსამსახურების ხელი, თუმცა ეს ყველაფერი ნამდვილად ტოვებს უბედური შემთხვევის შთაბეჭდილებას.
„პირველი შთაბეჭდილებაა, რომ მართლა უბედური შემთხვევაა - ასე მგონია და ასეთი განცდა მაქვს. დანარჩენი ყველა ეჭვი, რაც აღიქმება თუგინდ ემოციურ ფონზე, გამოძიების მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს - ან უარყოფილი, ან დადასტურებული. შესაძლოა ადამიანებმა თქვან, რომ ისინი ამ გამოძიებას არ ენდობიან და ბევრ შემთხვევაში მეც არ ვენდობი, მაგრამ მაშინ, მაგალითად, ჟურნალისტური გამოძიება უნდა ჩატარდეს, რაც ჭეშმარიტების დადგენის ძალიან აპრობირებული ფორმაა.
„ამ ხალხის მესმის, ეს ემოციური ფონი ძალიან მაღალია, საქართველოში რუსეთი ყოვლად მიუღებელია გასაგები მიზეზის გამო. ის, როგორც სამართლებრივად, ისე საზოგადოებაში არსებული აბსოლუტურად სამართლიანი განწყობით, ოკუპანტი სახელმწიფოა და შესაბამისად, რუსეთის მოქალაქის მიერ ჩადენილ ან შესაძლო დანაშაულზე ყოველთვის არის განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება.
„მესმის ამ ხალხის და პატივს ვცემ მათ დამოკიდებულებას, მაგრამ ჩემს თავს უფრო ვენდობი და მიმაჩნია, რომ სჯობს გამოძიება ჩატარდეს. ხალხის დამოკიდებულებაში ვითარებას ამძიმებს ის, რომ მსხვერპლი არის ვეტერანი, შესაბამისად, ემოციურად განწყობილ ადამიანებს ასეთი დამატებითი ფაქტორები კიდევ უძლიერებს თავიანთ მოსაზრებას. მე მათ პატივს ვცემ, თუმცა აპრიორი არ ვიზიარებ, თუ გამოძიება არ ჩატარდა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.