მარიამ ვეკუა
06.07.2026

რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვის, სავაჭრო შეზღუდვებისა და ევროკავშირთან დაახლოების ფონზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვთან დიალოგის განახლებას ცდილობს. ეკატერინბურგში გამართულ შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ ერევანსა და მოსკოვს შორის დაგროვილი „პრობლემური საკითხები" განხილვასა და გადაწყვეტას საჭიროებს, თუმცა, პარალელურად სომხეთი დასავლეთთან ინტეგრაციის კურსსაც ინარჩუნებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ორშაბათს განაცხადა, რომ იმედოვნებს, სამხრეთ კავკასიის ქვეყანა რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებას და იმ „პრობლემური საკითხების" მოგვარებას, რომლებიც ბოლო პერიოდში წარმოიშვა, შეძლებს.

რუსეთმა გასულ თვეს, არჩევნების წინ, სომხეთს ფართომასშტაბიანი სავაჭრო შეზღუდვები დაუწესა. დროებით მრავალი სომხური პროდუქტის იმპორტიც მათ შორის ახალი ხილ-ბოსტნეულის, ყვავილების, თევზისა და ალკოჰოლური სასმელების, აუკრძალა.

ფაშინიანმა ეს განცხადება რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ეკატერინბურგში გააკეთა,. ეს იყო რუსეთში ფაშინიანის პირველი ვიზიტი, მას შემდეგ, რაც ივნისში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ხელახლა მოიპოვა.

ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის ფარგლებში გამართული შეხვედრა იყო, მისი სიტყვებით, „კარგი შესაძლებლობა, როგორც იტყვიან, საათები გავასწოროთ" - ანუ პოზიციები შევათანხმოთ. „ბოლო პერიოდში არაერთი პრობლემური საკითხი დაგროვდა და, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ამ საკითხებს განვიხილავთ და გადავჭრით", -განაცხადა ფაშინიანმა, როგორც ამის შესახებ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Armenpress იუწყება.

სომხეთი რუსეთის სახელშეკრულებო მოკავშირეა, თუმცა, ბოლო წლებში, ფაშინიანმა სომხეთის საგარეო კურსი უფრო პროდასავლური მიმართულებით წარმართა. ამან მოსკოვის უკმაყოფილება გამოიწვია.

რუსეთმა გააფრთხილა, რომ თუ ერევანი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას გააგრძელებდა, შესაძლოა ქვეყანა მოსკოვის ხელმძღვანელობით მოქმედი ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გაერიცხახ ფაშინიანის პარტიამ - სამოქალაქო შეთანხმება - გასულ თვეს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ხელახლა გამარჯვება მას შემდეგ მოიპოვა, რაც რამდენიმე პრორუსული ოპოზიციური პარტია დაამარცხა.

„ჩვენ ერთგულნი ვართ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების შემდგომი განვითარების. და, რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვართ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საქმიანობაში მონაწილეობით", -განუცხადა ფაშინიანმა რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს.

სომხეთი რუსეთზე ენერგომომარაგების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, გარდა ამისა, გასულ წელს სომხეთის საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 35% სწორედ რუსეთზე მოდიოდა. ამავდროულად, არჩევნების შემდეგ გასული ერთი თვის განმავლობაში ევროკავშირმა სომხეთს 52 მილიონი ევროს ოდენობის ეკონომიკური მხარდაჭერა გამოუყო. ასევე, ევროკავშირმა ზოგიერთი საექსპორტო წესი გაამარტივა, რათა სომხური პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანა უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×