
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა 8 ივლისს „ჰააგის დეკლარაციის" მიღებას გეგმავს, რომლის ნაწილიც საქართველოზე მომზადებული რეზოლუციაა. დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და ფუნდამენტურ თავისუფლებებთან შეუთავსებელი კანონმდებლობის გაუქმებისკენ მოუწოდებს, მაშინ როდესაც „ქართული ოცნება" აცხადებს, რომ მსგავს რეზოლუციებს მის გადაწყვეტილებებზე გავლენა არ აქვს.
დოკუმენტი 15 პუნქტისგან შედგება, რეზოლუციის სახელად „საქართველოში საარჩევნო მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ" მთავარი სპონსორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.
რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, "გაათავისუფლოს ყველა ქართველი პოლიტიკური პატიმაარი, გააუქმოს შემზღუდველი კანონები, გამოიძიოს 2024 და 2025 წლების არჩევნების დარღვევები, აღადგინოს დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობა". ხოლო საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, "არ აღიაროს ისეთი არჩევნების შედეგები, რომლებიც თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულად არ იქნება შეფასებული სანდო სადამკვირვებლო მისიების მიერ".
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩასული "ქართული ოცნების" დელეგაცია ცდილობს, საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუციიდან კონკრეტული მუხლები ამოიღონ.
- თაზო დათუნაშვილი: "იმის ნაცვლად, რომ საპარლამენტო ასამბლეაზე პარტნიორებს და მეგობრებს დაჰპირდნენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, როგორც რუსეთის აგენტები ცდილობენ, რომ რეზოლუციიდან ის პუნქტები ამოიღონ, რომელიც საქართველოში არსებულ კოშმარულ რეალობას აღწერს"
"იმის ნაცვლად, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე პარტნიორებს და მეგობრებს დაჰპირდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს და ანტიადამიანურ, ანტიჰუმანურ, ანტიკონსტიტუციურ ცვლილებებს, რასაც ბოლო ორი წელია საქართველოს კანონმდებლობაში ახორციელებენ და რაც ჩვენი მოქალაქეების უფლებებს ზღუდავს, უკან გაიწვევენ, ამის ნაცვლად, როგორც ნამდვილი სამშობლოს მოღალატეები და რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები ცდილობენ, რომ რეზოლუციიდან ის პუნქტები ამოიღონ, რომელიც საქართველოში არსებულ კოშმარულ რეალობას აღწერს",- აღნიშნავს "ლელოს" ლიდერი თაზო დათუნაშვილი.
"იმუნიტეტი მკაცრ რეზოლიუციებზე"
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ რეზოლუციას მხოლოდ გარკვეული პოლიტიკური ზემოქმედების ეფექტი ექნება.
"აუდიტორიის უმრავლესობა კარგადაა გათვითცნობიერებული იმაში, თუ რა ძალა აქვს ასეთ რეზოლუციებს. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დამოუკიდებელი ცალკე სტრუქტურაა, რომლის რეზოლუციებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, მათ არც იურიდიული ძალა აქვთ და არც სავალდებულო შესრულების რაღაც მოთხოვნა - არც ეუთოს სტრუქტურების, არც ეუთო-ს მონაწილე ცალკეული სახელმწიფოების მიერ.
- ზაალ ანჯაფარიძე: "რეზოლუციას ექნება მხოლოდ პოლიტიკური ზემოქმედების ეფექტი, მაგრამ იურიდიული ზეგავლენა ამას არ ექნება. ეს "ოცნებაში" იციან და რა თქმა უნდა ეს პოლიტიკურად არასასიამოვნო პროცესია"
"შესაბამისად, ამ რეზოლუციას ექნება მხოლოდ გარკვეული პოლიტიკური ზემოქმედების ეფექტი, მაგრამ არავითარი იურიდიული ზეგავლენა ამას არ ექნება. ეს "ქართულ ოცნებაში" იციან და რა თქმა უნდა ეს პოლიტიკურად არასასიამოვნო პროცესია, რომ ასეთი შინაარსის რეზოლუციას იღებენ, მაგრამ მათ იციან, რომ ამ რეზოლუციას არ მოჰყვება რაღაც ასეთი მყისიერი ქმედებები რადგან გადაწყვეტილების მიმღები ამ შემთხვევაში არის ეუთოს მინისტრთა საბჭო, სხვა სტრუქტურები და შესაბამისად, რეზოლუცია შეიძლება ცნობად მიიღონ, მაგრამ რამდენად გაითვალისწინებენ ამას, ეს იქნება დამოკიდებული მოცემულ პოლიტიკურ კონიუქტურაზე, იმის მიხედვით, თუ რამდენად აწყობს მათ საქართველოსთან ურთიერთობის გართულება - სურთ თუ არა საქართველოს დასჯა და ა.შ.
"ასეთი სიტუაციაა, ვიცი, რომ ამას 2-3 დღიანი აჟიოტაჟი მოჰყვება ცნობილ მედიასაშუალებებში, მაგრამ რეზოლუციას რა დატვირთვა აქვს ზემოთ უკვე ვახსენე",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
რას აცხადებენ "ოცნებაში"
"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა ეუთო-ს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რომ "ოცნება" არც ერთი ნაბიჯის უკან გადადგმას არ აპირებს.
"ხედავთ ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის ეუთო-ში გაჟღერებულ მესიჯებს. ჩვენ აბსოლუტურად ყველა პლატფორმას ვიყენებთ, რომ დავანახოთ ჩვენს პარტნიორებს, თუ არაპარტნიორებს ჩვენი პოლიტიკური კურსი. იყო საუბარი "მოსკოვის მექანიზმზე", ასევე, ოკუპაციაზე.
"არაერთი მოხსენება გაკეთდა ჩვენი დელეგაციის მიერ. რაც შეეხება რეზოლუციას - ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ ნაბიჯის უკან გადადგამს ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით - რაც შეეხება "გამჭვირვალობის კანონს", "ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონს", თუ "გრანტების შესახებ კანონს". ჩვენ ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა გვაქვს.
"ეს კანონები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, შესაბამისად, არც ერთი ნაბიჯის უკან გადადგმას არ ვაპირებთ. არაერთხელ გვინახავს მათ მიერ მიღებული მკაცრი რეზოლუციები, რომელიც დარჩება ფარატინა ქაღალდად. შესაბამისად, ჩვენ იმუნიტეტი გამომუშავებული გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით," - განაცხადა ჭეიშვილმა.