ნატალია ჯვარიძე
07.07.2026

ანკარის სამიტს ნატო აქამდე არნახული გამოწვევევის ფონზე ხვდება -აშშ-ნატოს გამწვავებული ურთიერთობა და დაფინანსების გაზრდის მკაცრი მოთხოვნები ალიანსის ერთობას არყევს. ამას ემატება ცოცხალი ძალის მწვავე დეფიციტი და ჰიბრიდული ომის წინაშე უმოქმედობა. რუსული დრონების შეჭრა წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეში კი ნატოს უმთავრეს გარანტს - მეხუთე მუხლის რეალურ ამუშავებას უპრეცედენტო გამოცდის წინაშე აყენებს.

აშშ-ნატოს ურთიერთობა

ტრანსატლანტიკური სოლიდარობა ყოველთვის ალიანსის არსებობის უმთავრეს საყრდენს წარმოადგენდა, თუმცა დღეს ეს კავშირი სერიოზულ ტრანსფორმაციას და გარკვეულწილად, სტრეს-ტესტს გადის. აშშ ნატოს სამხედრო და ფინანსური ძალის ხერხემალად რჩება, თუმცა ტრამპის ინიციატივით, მოკავშირეთა ურთიერთობებში დიდი ძვრები გამოიკვეთა.

ვაშინგტონის მხრიდან მუდმივად ისმის მკაცრი მოთხოვნა, რომ ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა იზრუნოს და შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაზარდოს დაფინანსება.

სულ უფრო მეტად საუბრობენ, რომ დღეს ამერიკა-ნატოს ურთიერთობა არის ღრმა უნდობლობის ფაზაში. ნატო ფორმალურად არსებობს, ჯარები საზღვრებზე დგანან, მაგრამ მთავარი კომპონენტი - ურყევი რწმენა იმისა, რომ აშშ ომის შემთხვევაში ევროპას ბირთვული იარაღითაც კი დაიცავს, დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ტრამპმა ალიანსი ერთგვარ სადაზღვევო კომპანიად აქცია, სადაც პოლისი მხოლოდ პრემიის დროულად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს.

დაფინანსების პრობლემა

ნატოს ბიუჯეტის დიდი წილი ყოველთვის აშშ-ზე მოდიოდა. ვაშინგტონი წლებია ითხოვს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი დახარჯონ და მთლიანად ამერიკის იმედად არ იყვნენ. პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის მხრიდან ალიანსის ფასეულობის საჯაროდ ეჭვქვეშ დაყენებამ და სამხედრო ვალდებულებების შესაძლო შემცირების მინიშნებებმა ევროპა აიძულა, მოქმედებაზე გადასულიყო.

თუ ადრე ნატოს წევრების მინიმალური ვალდებულება თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2%-ის დახარჯვა იყო, რასაც ბევრი ქვეყანა მაინც ვერ ასრულებდა, ახალი შეთანხმებით, ტრამპისა და გენმდივან მარკ რუტეს ლიდერობით, ეს თამასა 5%-მდე გაიზარდა (3,5% უშუალოდ თავდაცვაზე, 1,5% - კიბერდაცვასა და ინფრასტრუქტურაზე).

  • უკრაინელები წამებში, პირდაპირ ფრონტის ხაზზე, პლანშეტებითა და კოდების გადაწერით ახდენენ ადაპტაციას. ნატოს ბიუროკრატიული სისტემა კი ასე ვერ მუშაობს.

მაშინ როცა გერმანიამ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა შეძლეს ფინანსების მობილიზება, ბევრი ქვეყანა, მათ შორის ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი, თავს ვერ ართმევს და ალიანსს დაფინანსების კუთხით პრობლემები ექმნება.

ამ მოთხოვნების ფონზე, ამერიკამ თითქმის სრულად გაიყვანა თავისი კონტიგენტი ესტონეთიდან, გერმანში კი დისლოცირებული ჯარების შემცირებას გეგმავს.

მე-5 მუხლის გამოცდა

ნატო-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად ითვლება რუსეთის მიერ ალიანსის მე-5 მუხლის გამოცდა. ეს მუხლი გულისხმობს, რომ თუ ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე განხორციელდება შეიარაღებული თავდასხმა, ალიანსის თითოეული წევრი ამას განიხილავს როგორც თავდასხმას მთლიანად ნატოზე და ყველანი ერთად ვალდებულნი არიან, დაეხმარონ თავდასხმულ მოკავშირეს, მათ შორის - სამხედრო ძალით.

რუსეთმა უკვე რამდენჯერმე გაარღვია წევრი სახელმწიფოების საზღვრები, თუმცა ამ დრომდე ნატო დუმს. მის დუმილზე საერთაშორისო ექსპერტები საუბრობენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, ნატო აზრს დაკარგავს, მომავალში აუცილებელია მყისიერი რეაგირება.

რუმინეთი ამ მხრივ ყველაზე მეტად ზარალდება, რადგან მისი საზღვარი მდინარე დუნაიზე პირდაპირ ესაზღვრება უკრაინის პორტებს, რომლებსაც რუსეთი მუდმივად ბომბავს. რუსული დრონები ან მათი ნამსხვრევები არაერთხელ ჩამოვარდა რუმინეთის ტერიტორიაზე.

ბალტიისპირეთში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ინციდენტი ლატვიაში მოხდა.რუსული სამხედრო დრონი, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებით იყო დატენილი, ბელარუსის ტერიტორიიდან შევიდა ლატვიის საჰაერო სივრცეში და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, რეზეკნეს რაიონში ჩამოვარდა. ლატვიის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეს იყო "შაჰედის" ტიპის დრონი, რომელიც უკრაინისკენ მიფრინავდა, თუმცა კურსიდან გადაუხვია.

  • მარკ რუტე აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლება ცოცხალი ძალის დეფიციტია. ამ დაბრკოლებების გადალახვა „არის საკვანძო საკითხი.

პოლონეთის საჰაერო სივრცე უკრაინაზე მასირებული თავდასხმების დროს რამდენჯერმე დაირღვა როგორც დრონების, ისე რუსული ფრთოსანი რაკეტების მიერ.

უკრაინის ომის დაწყებისას ერთ-ერთი უცნაური და საშიში შემთხვევა მოხდა ხორვატიაში. საბჭოთა წარმოების დიდმა სადაზვერვო დრონმა (Tu-141), რომელიც ბომბით იყო აღჭურვილი, გადაუფრინა რუმინეთსა და უნგრეთს და ჩამოვარდა პირდაპირ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, სტუდენტურ საცხოვრებელთან ახლოს. საოცრება იყო, რომ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ამან ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემის სერიოზული ხარვეზები აჩვენა.

ჰიბრიდული ომის გამოწვევების წინაშე

ნატო, რა თქმა უნდა, ფლობს ძვირადღირებულ, მაღალტექნოლოგიურ შეიარაღებას, მაგრამ მას არ აქვს თანამედროვე, მასშტაბური და დინამიკური ომის გამოცდილება, სადაც ათასობით იაფიანი დრონი წამებში წყვეტს ბრძოლის ბედს.

როგორც მარკ რუტემ აღნიშნა, საქმე მხოლოდ დრონის გამოშვებაში არ არის. უკრაინაში ტექნოლოგია ყოველ ორ-სამ კვირაში ვითარდება.როგორც კი ერთი მხარე ახალ დრონს შექმნის, მეორე მხარე რამდენიმე დღეში უცვლის პროგრამას თავის ელექტრონული ბრძოლის სისტემებს და ახშობს მას.

უკრაინელები წამებში, პირდაპირ ფრონტის ხაზზე, პლანშეტებითა და კოდების გადაწერით ახდენენ ადაპტაციას.

ნატოს ბიუროკრატიული სისტემა კი ასე ვერ მუშაობს. დასავლეთში ახალი იარაღის დამტკიცებას, ლიცენზირებასა და წარმოებაში ჩაშვებას ხშირად წლები სჭირდება. სანამ ნატო ერთ დრონს დაამტკიცებს, ის ფრონტზე უკვე მოძველებული იქნება.

სწორედ ამიტომ „ეხვეწება" ნატოს წევრი ათზე მეტი ქვეყანა უკრაინას ტექნოლოგიების გაზიარებას. ნატოს აქვს ფული, მაგრამ უკრაინას აქვს რეალური ცოდნა და გამოცდილება.

თუ ეს პრობლემა ვერ მოგვარდა, ნატო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგება.

შესაძლო სცენარებია - ბალტიისპირეთის პლაცდმების ხელში ჩაგდება, ესტონეთში რუსულენოვანი მოსახლეობის „დაცვა", ინციდენტები პოლონეთში. ფართომასშტაბიანი შეჭრის გარეშეც კი, ამან შეიძლება ძირი გამოუთხაროს ნატოს.

სუვალკის დერეფანი ნატოს ყველაზე სუსტი წერტილია.ეს არის ვიწრო, დაახლოებით 65-100 კილომეტრიანი სახმელეთო ზოლი პოლონეთსა და ლიეტუვას შორის. თუ რუსეთმა ეს მონაკვეთი ბელარუსის ტერიტორიიდან დაარტყა და კალინინგრადის ოლქს (რუსეთის ექსკლავს) დაუკავშირა, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი) მოწყდება ევროპას და "სამხედრო კუნძულად" იქცევა.

ცოცხალი ძალის დეფიციტი

მარკ რუტე ნატოს სხვა გამოწვევბზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლება ცოცხალი ძალის დეფიციტია. როგორც მან აღნიშნა, ამ დაბრკოლებების გადალახვა „არის საკვანძო საკითხი, რომელიც სამიტზე უნდა განვიხილოთ".

ნატოს ოფიციალური გეგმით, რომელიც ვილნიუსისა და ვაშინგტონის სამიტებზე დაამტკიცეს, ალიანსს ესაჭიროება 300,000 ჯარისკაცი მაღალი მზადყოფნის ფაზაში, რომლებიც კრიზისის დროს საზღვარზე 10-30 დღეში უნდა განლაგდნენ.

მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ ევროპული ქვეყნების უმეტესობა ვერ ახერხებს საკუთარი კვოტების შევსებას. გერმანიას ბრიტანეთს და საფრანგეთს სერიოზული ჩავარდნები აქვთ გეგმიურ რეკრუტირებაში. ჯარიდან უფრო მეტი ადამიანი გადის პენსიაზე ან გადადის კერძო სექტორში, ვიდრე ახალი კადრების მოზიდვა ხდება.

სწორედ ამ მიზნით,ბუნდესვერში 24 ივნისს გამოაქვეყნეს სამხედრო სამსახურის ახალი მოდელის წინასწარი შეფასება, რომელიც 1 იანვარს ამოქმედდა. ის ითვალისწინებს 18 წლის ახალგაზრდებისათვის ანკეტების დაგზავნას, რათა მათ წინასწარ მიეწოდოთ ინფორმაცია სამხედრო სამსახურის შესახებ და გრძელვადიან პერსპექტივაში განმტკიცდეს ბუნდესვერის საკადრო მზადყოფნა. ასე მაგალითად, დაიგზავნა თითქმის 300 000 ანკეტა, ხოლო მხოლოდ 530-მა ადრესატმა ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის გავლის ვალდებულება აიღო.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დასკვნების გამოსატანად კიდევ ერთი წელია საჭირო, თუმცა, 2027 წლის პირველ ნახევარში ხელისუფლებას მოუწევს საფუძვლიანად იმსჯელოს იმის შესახებ, მოხერხდება თუ არა მოხალისეების დახმარებით იმ საკმაოდ ამბიციური ამოცანების შესრულება, რომლებიც როგორც მოქმედ ჯარებში, ისე რეზერვისტებს შორის რიცხოვნობის შევსებას ეხება.

საერთაშორისო ექსპერტები სულ უფრო მეტად საუბრობენ იმაზე, რომ სუვალკის დერეფნის დაცვაც კი საბოლოო ჯამში დადის კითხვამდე - ვინ იომებს? თუ ნატომ უახლოეს წლებში დემოგრაფიული და რეზერვების კრიზისი ვერ მოაგვარა, რუსეთის წინააღმდეგ მისი ერთადერთი რეალური შემაკავებელი ფაქტორი მხოლოდ ბირთვული იარაღი დარჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×