
"ნაცმოძრაობაში" მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს როგორც მისი თავმჯდომარეობის, ისე სტრატეგიის შესახებ. ერთ მხარეს დგას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის შესაძლო პოლიტიკური დაწინაურების თემა, რომელსაც უკვე პარტიაშივე წინააღმდეგობა შეხვდა. მეორე მხარეს კი ენმ-ს სტრატეგიული არჩევანი - გააგრძელოს თუ არა ოპოზიციურ ალიანსში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში სწორედ კოალიციური თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობდა.
ორივე საკითხი აჩენს კითხვას, რამდენად თანხვედრაშია პარტიის დღევანდელი გადაწყვეტილებები მისივე წარსულ პოლიტიკურ გზავნილებთან და რა გავლენას მოახდენს ეს ზოგადად "ოპოზიციური ალიანსის" მომავალზე?
თავად ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს გარკვეული იდეები აქვს პარტიასთან დაკავშირებით და რეფორმების ჩატარებასაც აპირებს. ამასთან, მისივე თქმით, თავმჯდომარეობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
უნდა ითქვას, რომ მოქმედ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას და მმართველ ჯგუფს 2-წლიანი ვადა 8 ივლისს ეწურება, ჯერ არც ოფიციალურად დასახელებულა თავმჯდომარეობის კანდიდატები და არც ყრილობის ზუსტი თარიღია ცნობილი. თუმცა, ნელ-ნელა იკვეთებიან შესაძლო კანდიდატები, რომლებმაც არ გამორიცხეს მონაწილეობა არჩევნებში.
ენმ-ში ამბობენ, რომ პარტიის წესდებით, მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა ახალ არჩევნებამდე უხანგრძლივდება. ახალი არჩევნები კი "მაქსიმუმ, უახლეს ორ თვეში ჩატარდება".
თუმცაღა, პარტიაში იმასაც არ გამორიცხავენ, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატი უკონკურენტო იყოს, რის გამოც არჩევნების ჩატარება საერთოდ აღარ გახდეს საჭირო.
"თუ კონკურენცია არ არის, თუ ბევრმა ადამიანმა არ გამოთქვა სურვილი თავმჯდომარეობაზე და კონკურენტული გარემო არ შეიქმნა, მაშინ როგორც წესი და რიგია, ყრილობის დელეგატები ირჩევენ ხოლმე თავმჯდომარეს და არ გამოვრიცხავ, რომ ეს სცენარიც განვითარდეს"- აცხადებს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი.
არის თუ არა საკმარისი ინფლუენსერობა პოლიტიკური ლიდერობისთვის
ნანუკა ჟორჟოლიანი წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური საზოგადოებრივი ფიგურაა, რომელსაც ფართო აუდიტორია ჰყავს, აქტიურად არის ჩართული სოციალურ კამპანიებში და ქველმოქმედებითაც გამოირჩევა და შესაძლოა სააკაშვილის გათვლა სწორედ ამაზე იყო, რომ ამ ფაქტორებს შეეძლო გავლენა მოეხდინა და ის პოლიტიკურად მიმზიდველ კანდიდატად ექცია, თუმცაღა, აღმოჩნდა, რომ ინიციატივას წინააღმდეგობები შეხვდა, ენმ-ს შიგნითაც და მათ შორის პარტიასთან დაახლოებულ პირებშიც განსხვავებული დამოკიდებულებები არსებობს და მისი შესაძლო ლიდერობა ყველასთვის მისაღები არ არის. თავად ჟორჟოლიანიც აცხადებს, რომ მას თავმჯდომარის პოსტის დაკავებისთვის მისი გამოცდილება და კომპეტენცია საკმარისი არაა.
- ნანუკა ჟორჟოლიანი : "მე ვიცი, რა შემიძლია და რაც არ შემიძლია, არ შევალ იქ, მე არ ვარ ყაველაშვილი. თავმჯდომარეობას აქვს სხვა ბევრი ისეთი ტვირთი, რომელიც მე არ შემიძლია, არ მაქვს ამის კომპეტენცია"
"არ ვყოყმანობ, მე მინდა, რომ სწორი კომპეტენციით დალაგდეს სქემა. მე ვიცი, რა შემიძლია და რაც არ შემიძლია, არ შევალ იქ, მე არ ვარ ყაველაშვილი. თავმჯდომარეობას აქვს სხვა ბევრი ისეთი ტვირთი, რომელიც მე არ შემიძლია, არ მაქვს ამის კომპეტენცია, ამიტომ ის ტვირთი მინდა გაინაწილოს კომპეტენტურმა, მცოდნე ადამიანმა და მე რაც შემიძლია, იმას ავიღებ და იდეალურად გავაკეთებ.
"ერთია ხალხის სიყვარული, მაგრამ ის არ კონვერტირდება პოლიტიკაში. მაგრამ აქ საუბარი არ არის, რომ პოლიტიკური ლიდერი უნდა ვიყო. პოლიტიკური ლიდერი არის მიშა, მე უნდა ვიყო სწორი შუამავალი ხალხსა და მიშას შორის. მე მგონია, რომ ამ ხალხის პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს მიშა, პრემიერობის კანდიდატი უნდა იყოს მიშა, ამ რეფორმების ხელმძღვანელი უნდა იყოს მიშა. უნდა დავანებოთ თავი ამ მლიქვნელობასა და აფერისტობას, რომ მოვიგონოთ ვიღაც, მერე ის ვაქციოთ პოლიტიკურ ლიდერად",- განაცხადა ჟორჟოლიანმა "პალიტრანიუსთან".
როგორც ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, ჟორჟოლიანი შეიძლება პოლიტიკოსი არ იყოს, მაგრამ სახალხო პერსონაა, კარგი მენეჯერული უნარები აქვს და ხელაღებით ვერ იტყოდა, რომ თავმჯდომარეობას ვერ შეძლებდა. მისი თქმით, თინა ბოკუჩავა პარტიის "ღვაწლმოსილი წევრია და დამსახურებებიდან გამომდინარე, ამ გუნდში უნდა დარჩეს". მისი თქმით, თუ რამდენიმე კანდიდატი იქნება, შეიძლება არჩევნები ჩატარდეს, თუმცა, "შეიძლება, ეს იყოს ისეთივე ფორმატი, როგორიც დაახლოებით ლევან ხაბეიშვილის არჩევნების შემთხვევაში, შეიძლება იყოს დელეგატების მიერ თავმჯდომარის არჩევა".
"ნანუკა ჟორჟოლიანს გარკვეული უნარ-ჩვევები აქვს. გასაგებია, რომ შეიძლება, კლასიკური გაგებით, პოლიტიკოსი არ იყოს, მაგრამ ძალიან ენერგიული, სახალხო, აქტიური პერსონაა, რომელსაც საკმაოდ კარგი მენეჯერული უნარები აქვს. ამიტომაც ხელაღებით ვერ ვიტყოდი, რომ თავმჯდომარეობას ვერ შეძლებდა. პირიქით, მიმაჩნია, რომ ამისთვის ძალიან კარგი უნარ-ჩვევები აქვს, თუმცა თვითონ თუ არა აქვს სურვილი, ადამიანს ძალით ვერ გახდი თავმჯდომარეს. ეს ისეთი რთული პასუხისმგებლობაა, რომ მისი აღება, პირველ რიგში, იმ კონკრეტული ადამიანის მიერ უნდა მოხდეს",- განაცხადა ფავლენიშვილმა.
- ირაკლი ფავლენიშვილი: "მიმაჩნია, რომ ამისთვის ძალიან კარგი უნარ-ჩვევები აქვს, თუმცა თვითონ(ჟორჟოლიანს) თუ არა აქვს სურვილი, ადამიანს ძალით ვერ გახდი თავმჯდომარეს".
მანამდე ფავლენიშვილმა თქვა, რომ 8 ივლისს ეწურება ვადა პარტიის თავმჯდომარეს და მმართველ ჯგუფს, თუმცა პარტიის წესდებით, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები, მანამდე უხანგრძლივდებათ ეს უფლებამოსილების ვადა და "მაქსიმუმ, უახლეს ორ თვეში ჩატარდება არჩევნები".
ენმ-ს ერთ-ერთი ახალგაზრდა ლიდერი ლევან სანიკიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით პროცესის განვითარებას აკვირდება და მიაჩნია, რომ "პირველი ვერსია, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა შემოთავაზებული, ორი კანდიდატის თანათავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, ყველაზე ოპტიმალური იყო".
თინა ბოკუჩავა და პარტიის წევრი ანა წითლიძეც არ გამორიცხავენ, რომ თავჯდომარეობაზე საკუთარ კანდიდატურას დააყენებენ.
აქვე უნდა ითქვას, რომ წითლიძემ, 30 ივნისს პარტიის ოფისში გამართა შიდაპარტიული რეფორმის გეგმის - „ელექტრუნული რეფორმა - მეტი სახალხოობისა და შიდა დემოკრატიისთვის" პრეზენტაცია. ენმ-ის განცხადებით, ეს არის პარტიის ორგანიზაციული განვითარების ახალი კონცეფცია. რეფორმის მთავარი მიზანია პარტიის გახსნა, გამჭვირვალობის ზრდა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში წევრებისა და მხარდამჭერების უფრო აქტიური მონაწილეობა.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილები იყვნენ ანი წითლიძე, ირაკლი ფავლენიშვილი, ლევან სანიკიძე, გიორგი ბარამიძე და სხვა წევრები, თუმცა მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პრეზენტაციას არ ესწრებოდა.
ალიანსიდან გასვლა - რატომ იცვლის ენმ ძველ პოზიციას
მას შემდეგ, რაც ენმ ოპოზიციაში გადავიდა, ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი და ინიციატორი იყო იმ იდეისა, რომ ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ ფართო ოპოზიციური ერთობითა და კოალიციური თანამშრომლობით იქნებოდა შესაძლებელი. სწორედ ამ მიზნით პარტია არაერთ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობდა, მათ შორის ერთვებოდა ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივებშიც.
განსაკუთრებით ბოლო კვირებში საუბარი დაიწყო იმაზე, რომ პარტია შესაძლოა "ოპოზიციური ალიანსიდან" გავიდეს. ასეთი შესაძლო ნაბიჯი კი აჩენს კითხვებს, რამ იქონია გავლენა ძველი პოზიცია შეცვალა პარტიას და თუ ერთ-ერთი მსხვილი პოლიტიკური ძალა გაერთიანებას დატოვებს, რა მომავალი და პერსპექტივა ექნება თავად "ოპოზიციურ ალიანსს".
ენმ-ს ყოფილი წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ოპოზიცია მოწოდების სიმაღლეზე არაა.
"ოპოზიცია არ არის მოწოდების სიმაღლეზე. „ნაციონალური მოძრაობა" ყოველდღე ლანძღავს „არანაციონალური" წარმოშობის პარტიებს, გახარიას პარტია იქნება ეს, თუ „ლელო", ამავე დროს ზედ მიაყოლებს „ნაციონალური მოძრაობიდან" გამოყოლილ პარტიებს - „ახლები", მელიას ფრთა თუ გვარამიას ფრთა. არც ესენი აკლებენ კრიტიკას, არცერთი მხარე, არც „ნაცური" და არც „არანაცური" წარმოშობის პარტიები და მიდის დიდი დომხალი, ნაცვლად [გაერთიანებისა].
გაერთიანება სისულელე იყო ყოველთვის, რამდენჯერაც გაერთიანება იძახეს, იმდენჯერ დაიშალა, დაიშალა იმიტომ, რომ თავად მიზანი იყო არასწორი, ვინაიდან პარტიები არიან კონკურენტები და ამავე დროს, პარტიებს ძალიან ბევრი რამ აკლიათ. პარტიები დაიცალა, მათი ინტელექტუალური ძალა, ზოგი მექსიკიდან გაიქცა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ზოგი ევროპაში. უზარმაზარი შეცდომები დაუშვეს, ამიტომ ზოგადად ოპოზიციის მდგომარეობა არ არის კარგი", - განაცხადა გოცირიძემ.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესს, რომან გოცირიძე "პალიტრანიუსთან" აცხადებს: „მე ვიცი როგორ დამთავრდება ყველაფერი, არაფერი კარგად არ დამთავრდება".
„ნაციონალურ მოძრაობას" ახლა რეფორმები კი არ სჭირდება, სჭირდება უკან დახევაზე, ჩამოცოცებაზე ბარიერის გაკეთება. „ნაციონალური მოძრაობისთვის" ყოველი წელიწადი არის უარესი, ვიდრე წინა წელიწადი. მომავალი წელიც რომ უარესი არ იყოს, ამ პროცესის შეჩერებაა საჭირო", - განაცხადა გოცირიძემ.
ენმ-ს წევრ ლევან სანიკიძეს მიაჩნია, რომ ენმ-ს ალიანსიდან გასვლის საკითხი პარტიის ყრილობაზე უნდა დადგეს.
"ზოგიერთი შეიძლება თვლიდეს, რომ პარტია არ უნდა გამოვიდეს „ალიანსიდან" ზოგიერთი კი უნდა გამოვიდეს. მე, რომ ვიყო კანდიდატი, ამ საკითხს პარტიის ყრილობაზე დავაყენებდი. იმ კანდიდატებს, რომელსაც ფიქრის პროცესი აქვთ, იყარონ თუ არა კენჭი, ვურჩევდი, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მაღალი ლეგიტიმაციით ყრილობამ მიიღოს, ვიდრე ინდივიდუალურად მოხდეს მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება.
"ალიანსთან" დაკავშირებით ისეთი ტურბულენცია შექმნა, ისე გაღრმავდა ის დაპირისპირება, რომელიც არსებობდა „ნაციონალურ მოძრაობასა" და სხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის, უმრავლესობას ჩამოყალიბებული აქვს აზრი, რომ ამ ფორმატში „ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან გაუჭირდება ხელახლა საკუთარი თავის პოვნა. როდესაც ურთიერთთავდასხმები არ დამთავრდა, როდესაც ამ თავდასხმების ადრესატი უმეტესად არის პარტიის ციხეში მყოფი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი. ჩემი აზრით, ძალიან ვიწროვდება ამ გადაწყვეტილების მიღების შესაძლო ვარიანტი", - განაცხადა სანიკიძემ.