საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ღირებულება 30%-ით შემცირდა, იაფდება ბენზინიც და დიზელიც, მაგრამ საქართველოში ამას არავინ ითვალისწინებს
თამარ ვეფხვაძე
07.07.2026

უკვე 1 თვეზე მეტია საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი იაფდება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ტენდენცია საქართველოს ბაზარზე არ ასახულა. არადა, ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასი, უფრო ზუსტად, ტრანსპორტირების ხარჯი ნებისმიერი პროდუქტის ფასწარმოქმნის სისტემაში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. აქედან გამომდინარე, თუ გვინდა, რომ პროდუქტები რეალურად გაიაფდეს და ხალხმა შვებით ამოისუნთქოს, სასიცოცხლოდ აუცილებელია საწვავის გაიაფება. „რეზონანსი“ დაინტერესდა, რა ხდება ადგილობრივ ბაზარზე და გაარკვია, რომ ნავთობკომპანიებმა საწვავი თურმე გააიაფეს, ოღონდ ისე, რომ მომხმარებელი, სამწუხაროდ, ამას ვერ გრძნობს!

საქართველოში საწვავის საცალო ფასები ეფუძნება საერთაშორისო ბირჟებზე დაფიქსირებულ "პლატცის" ინდექსს, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებულია მსოფლიოში არსებულ ნავთობის ფასებზე, ვინაიდან საქართველო საწვავს ევროპის ქვეყნებიდან (რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი) სრულად იმპორტირებულს იღებს. უკვე ორ თვეზე მეტია, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის გაიაფების ტენდენცია შეინიშნება, რაც აშშ-სა და ირანს შორის არსებულ დროებით ზავს და ჰორმუზის სრუტის ნაწილობრივ გახსნას უკავშირდება. საინტერესოა, რა ხდება ამ მხრივ, საქართველოში, ანუ რა ტენდენციებია ადგილობრივ ბაზარზე.

„რეზონანსის“ ინფორმაციით, "პლატცის" მიხედვით, 1 ტონა ბენზინის ფასი საქართველოში 900 დოლარის ფარგლებშია, ხოლო 1 ტონა დიზელის ფასი - 920 დოლარი ღირს.

რაც შეეხება საქართველოში ბენზინის საწვავის თვითღირებულებას, 1 ლიტრი ბენზინის ფასია 2.58 ლარია. ამ დროს კი საცალო ქსელში, მაგალითად, პატარა სადგურებში, 1 ლიტრი ბენზინი 60-70-თეთრიანი სხვაობით, ხოლო დიდ სადგურებში - 1-ლარიანი სხვაობით იყიდება.

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა, მწარმოებელთა და რეალიზატორთა ბიზნეს ასოციაციის დირექტორი ზაალ იაკობიძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დიდ და პატარა ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინისა და დიზელის საწვავი მცირედით გაიაფდა, მაგრამ მომხმარებელი ამ გაიაფებას ვერ გრძნობს.

„რა თქმა უნდა, ბენზინისა და დიზელის საწვავი გაიაფდა, მაგრამ მკვეთრი კლება არ არის. ეს იმიტომ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირება კი დაიწყო, მაგრამ შემდეგ ეს პროცესი გაჩერდა და ფასი ისევ გაიზარდა. "პლატცმა", რომელიც არეგულირებს ამ ფასებს, ბოლო პერიოდში აიწია და ამიტომ საგრძნობი კლება არ გვაქვს, განსაკუთრებით, არაბრენდირებულ სადგურებზე. თუმცა, თუ 2-3 კვირის წინანდელ და ახლანდელ ფასებს შევადარებთ, კლების თვალსაზრისით, სხვაობა შეიმჩნევა. 

ამას თავისი მიზეზებიც აქვს, პირველ რიგში, აუცილებელია მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში და ჰორმუზის სრუტის გახსნა, თუმცა, გარდა ამისა, არის კიდევ ერთი ფაქტორი - რუსეთიდან, პრაქტიკულად, შეწყდა ბენზინისა და დიზელის საწვავის მოწოდება. მიზეზი ისაა, რომ რუსეთშიც არ ჰყოფნით ადგილობრივი საწვავი და იძულებულები გახდნენ, უცხოეთში შეეძინათ საწვავი საკუთარი მოხმარებისთვის, რაც დიდი იშვიათობაა. როგორც ვიცი, ყაზახეთიდან, ბელარუსიდან და ინდოეთიდან ყიდულობენ. აქედან გამომდინარე, რუსეთიდან იმპორტი, პრაქტიკულად, დაიკეტა. ასევე, დაიკეტა ბელარუსის ბაზარიც, რადგან ისინი ძირითადად, რუსეთს აწვდიან საწვავს. ესეც ერთ-ერთი ფაქტორია, რამაც შეაფერხა ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასის კლება და ვერ მივიღეთ საგრძნობი სხვაობა“, - განუცხადა „რეზონანსს“ ზაალ იაკობიძემ. 

კითხვაზე, როდის გაუმჯობესდება მდგომარეობა ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ზაალ იაკობიძემ გვიპასუხა, რომ ზუსტი დროის დასახელება უჭირს, რადგან ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასის კლება იმ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რაზეც უკვე ვისაუბრეთ:

„როგორც გითხარით, უმთავრესი ფაქტორი საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობაა, ხოლო მეორე ფაქტორია - რუსეთის ბაზრის დახურვა. თუმცა, ერთადერთი დადებითი ფაქტორი ისაა, რომ ლარის კურსი მყარდება, მაგრამ ისეთი მასშტაბის არ არის ეს გამყარება, რომ ამან ზეგავლენა მოახდინოს ფასის შემცირებაზე, მაგრამ ცოტათი გვეხმარება კორექტირებაში“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ ზაალ იაკობიძემ.   

რა ვითარებაა ავტოგასამართ სადგურებზე. აპირებს თუ არა ნავთობპროდუქტების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია „ვისოლი“ საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებას და საწვავის გაიაფებას? კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, რუსუდან კბილაშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ „ვისოლმა“ უკვე ორჯერ გააიაფა საწვავი.

„საერთაშორისო ბაზარზე პლატსის“ ნიშნულის შემცირების ტენდენცია ბოლო ერთი თვის განმავლობაში შეინიშნება, რაც ბუნებრივია, ჩვენს ქსელშიც აისახა. „ვისოლმა“ უკვე ორჯერ - 19 და 30 ივნისს შეამცირა საწვავის ღირებულება და ჯამურად 22 თეთრით გააიაფა საწვავის ფასი. ფასების შემცირება მიმდინარე კვირაშიც იგეგმება“, - განუცხადა „რეზონანსს“ რუსუდან კბილაშვილმა.  

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასი, ანუ ტრანსპორტირების ხარჯი ნებისმიერი პროდუქტის ფასწარმოქმნის სისტემაში ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ინიციტივით შექმნილმა კომისიამ სამთვიანი მუშაობა შეაჯამა და საბოლოოდ, „საოჯახო კალათის“ სახით, უმსხვილესი სუპერმარკეტები აიძულა, გარკვეული პროდუქცია მუდმივად ფასდაკლებით შესთავაზონ მომხმარებლებს, საინტერესოა, რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, საწვავის გაიაფებასთან დაკავშირებით? მით უფრო, როდესაც ეს უწყება თავად იყო ჩართული პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი კომისიის მუშაობაში და სპეციალური ვებ-გვერდიც კი შექმნა - ელექტრონული კალათა, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს.

„რეზონანსის“ კითხვაზე, აპირებს თუ არა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესწავლას, უწყების ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ გვიპასუხა, რომ სააგენტო ამ საკითხზე ანგარიშს ამზადებს: „გვექნება ანგარიში და გაგიზიარებთ. წესით, მალე გვექნება, რადგან უკვე ყველა მონაცემი გვაქვს“.

რამდენიმე დღის წინ ანალიტიკოსმა ნიკა შენგელიამ „რეზონანსთან“ საუბრისას დაბეჯითებით აღნიშნა, რომ საწვავის გაიაფების პროცესი საქართველოს ბაზარზე ჯერ არ დაიწყება, რადგან ჩვენთან მოქმედებს კარტელი, რომელსაც აქვს შეთანხმებული ფასი. როგორც ბოლო ინფორმაციით ირკვევა, ნიკა შენგელიას პროგნოზი მართებულია.

„საქართველოს ბაზარზე არსებობს კარტელი, რომელსაც აქვს შეთანხმებული ფასები. ამიტომ ეს კარტელი არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებს გაიაფებას დროულად. ისინი შეეცდებიან, მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნონ მაღალი ნიშნული, ყოველ შემთხვევაში, ერთ თვემდე პერიოდში საწვავის გაიაფებას არ ველოდები. 

რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრებს, იქაც ნავთობის ფასი, ჯერჯერობით, 75-80 აშშ დოლარის შუალედში იმერყევებს“, - აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×