რეზონანსი
07.07.2026

ფინანსისტ, ნიკოლოზ შურღაიას განცხადებით, სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი კომპეტენცია, რომ ანაკლიის პორტის მსგავსი მასშტაბური პროექტი დამოუკიდებლად განახორციელოს.

როგორც შურღაიამ გადაცემა „პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში" განაცხადა, კითხვებს აჩენს როგორც პროექტის განხორციელების შესაძლებლობა, ისე მისი შემდგომი მართვისა და იჯარით გადაცემის მოდელი.

„ამ რთული პროექტის [ანაკლიის პორტი] აშენებისთვის კომპეტენციას ვერ ვხედავ. იმ ნაწილში, რომ ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს და გააქირავებს, ბევრი კითხვაა. საუბარია კომპეტენციის პრობლემაზე და კეთილსინდისიერებაზე.

ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის ხელისუფლებასთან საქმე, რომელიც არ ზრუნავს ხალხზე და არ უყვარს ხალხი. მეორე, არაკომპეტენტურია და მესამე, სრულად დაქვემდებარებულია ერთი ადამიანის კონტროლს. კორუმპირებული არისო წინა პრემიერ-მინისტრიო, ამ სიტყვას ვერ ამბობენ. სახელს ვერ არქმევენ, რომ ადამიანი კორუმპირებულია, ამას რომ ვერ ამბობს ადამიანი, მისი როგორ უნდა დაიჯერო?!

სხვა რაღაცებსაც უნდა შევხედოთ. ოლიგარქიაში ვცხოვრობთ. ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული მთელი სისტემა. არაეფექტურობა და კორუფცია - ეს არის ოლიგარქია",- განაცხადა შურღაიამ.

ეკონომიკურ ნაწილზე საუბრისას ფინანსისტმა აღნიშნა, რომ 2022 წლიდან საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი უჩვეულოდ დაჩქარდა, რაც, მისი შეფასებით, ძირითადად რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს უკავშირდება.

მისი თქმით, არსებული ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, მიღებული სარგებელი სრულად არ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

„საქართველოს შიდა პროდუქტი უჩვეულოდ სწრაფად იზრდება. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ჩვენი საშუალო ზრდის ტემპი 5%-ია, 2022 წლიდან კი 10%-ით იზრდება. ამის მიზეზი არის რუსეთის უკრაინაში შეჭრა. ადამიანები გადმოსახლდნენ და ბევრი ბიზნესი გადმოიტანეს. შუა კორიდორი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა. რუსეთთან ვაჭრობა უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ვითომ ყირგიზეთში გადის ავტომობილები, სინამდვილეში რუსეთში გადის. ამ ზრდის ნაწილი რეალურია, ნაწილი ქაღალდზეა და სარგებელი ნაკლებია. როდესაც კონტროლის სისტემები იშლება, დამალვის დიდოსტატები ხდებიან", - განაცხადა შურღაიამ.

მისი შეფასებით, ხელისუფლების პოლიტიკა საზოგადოების გაყოფასა და დაპირისპირებას უწყობს ხელს.

„არც მინდა სინამდვილეში შენთან [ევროკავშირი] შემოსვლა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენ თვითონ თქვა უარი და მერე შენ დაგაბრალო" - ეს არის ამათი არსი. ანუ სურთ ქვეყნის სათავისოდ გამოყენება და ხალხის ხელოვნურად დაჩლუნგება. საბედნიეროდ, ადამიანები უკვე ხედავენ ვისთან აქვთ საქმე. მათი მიზანია დაშალონ, დაქსაქსონ საზოგადოება. ქართველებს ისედაც არ გვაკლია ტემპერამენტი, ეჭვიანობა, ერთმანეთის გაუტანლობა. მრავლად გვაქვს კარგი თვისებებიც და მჯერა, ეს თვისებები გაიმარჯვებს",- განაცხადა შურღაიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×