მარიამ ვეკუა
07.07.2026

უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე იერიშების გეოგრაფია მკვეთრად გააფართოვა და ქვეყნის სიღრმეში, საზღვრიდან თითქმის 4 000 კილომეტრის დაშორებულ რეგიონებს მიაღწია. რუსეთის უმსხვილეს, ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა პირველმა წარმატებულმა თავდასხმამ ადგილობრივ მოსახლეობაში საწვავის დეფიციტის შიში და მყისიერი აჟიოტაჟი გამოიწვია, რაც აჩვენებს, რომ კრემლის საჰაერო თავდაცვა ,ეკონომიკურად კრიტიკულ ზონებშიც კი,სულ უფრო მოწყვლადი ხდება.

ომსკის ოლქში, სადაც წინა დღით უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე პირველი იერიში მიიტანეს, ავტოგასამართ სადგურებთან კილომეტრიანი რიგები გაჩნდა. ინფორმაციას ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებსა და შეტყობინებებზე დაყრდნობით მედია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ აჟიოტაჟი თავდასხმიდან მალევე, 6 ივლისის საღამოს დაიწყო. ავტომობილების ნაკადები შეინიშნება როგორც  ომსკში, ისე ოლქის მასშტაბით.

„ომსკის მცხოვრებლები, დეფიციტის შიშით, მასობრივად მარაგდებიან ბენზინით. თუმცა, ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, არ აჰყვნენ პანიკას და ირწმუნება, რომ რეგიონში საწვავის საკმარისი მარაგი არსებობს“, - წერს ადგილობრივი საჯარო გვერდების ერთ-ერთი პოსტის ავტორი.

პარალელურად, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალები 6 ივლისის საღამოდან 7 ივლისის დილამდე მოსკოვის მიმართულებით მფრინავ უკრაინულ დრონებს ანადგურებდნენ, ამის შესახებ რუსეთის დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა.

საჰაერო თავდასხმის დროს მოსკოვის სამმა აეროპორტმა - „დომოდედოვომ“, „ვნუკოვომ“ და „შერემეტიევომ“ მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადაინაცვლა, ხოლო „ჟუკოვსკი“ სრულად დაიკეტა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში, ქვეყნის 16 რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმში საჰაერო თავდაცვის ძალებმა სულ 452 დრონი ჩამოაგდეს. მათი ნაწილი სამხრეთ რეგიონებში - როსტოვის ოლქსა და კრასნოდარის მხარეში დაფიქსირდა.

ამასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  განაცხადა, რომ ომის ბედს „ცის“ კონტროლი გადაწყვეტს და პუტინს მოსკოვის მიმართულებით ათასი დრონის გაშვებით დაემუქრა

უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს რუსეთის წინსვლის შეჩერება ხმელეთზე და რუსეთის ფლოტის განდევნა შავი ზღვიდან, ახლა კი „გადამწყვეტი ბრძოლა“ ცაში გაჩაღდა, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინამ აჩვენა თავისი ბრძოლისუნარიანობა ჰაერში, ხოლო ასეთ „ზეციურ“ დაპირისპირებაში „გაცილებით ნაკლები მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვისი ტერიტორიაა უფრო დიდი“. „მიმაჩნია, რომ ამ ომში გამარჯვება მას ეკუთვნის, ვინც უფრო ჭკვიანია“, -განაცხადა ზელენსკიმ ორშაბათს Financial Times-თან ინტერვიუში.

„თუ ჩვენი პარტნიორები, ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ, არ დატოვებენ უკრაინას ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, თუ ჩვენი ჯარისკაცები გააგრძელებენ...

აქამდე, გამოყენებული დრონების რაოდენობის მიხედვით, მოსკოვზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა 18 ივნისის ღამეს განხორციელდა. მაშინ დედაქალაქთან მიახლოებისას 194 საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. იმ თავდასხმის შედეგად დრონებმა კაპოტნიაში მდებარე მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე (МНПЗ) მიიტანეს იერიში, რომელმაც, „როიტერსის“ წყაროების ინფორმაციით, მუშაობა 2027 წლამდე შეაჩერა.

პირველი დარტყმა ნოვოსიბისრკიზე

ნოვოსიბირსკის ოლქში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 3,5 ათასზე მეტი კილომეტრითაა დაშორებული, ორშაბათს საღამოს, ისტორიაში პირველად, უპილოტო საფრენი აპარატების მხრიდან თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა. ადგილობრივ მოსახლეობას შესაბამისი შეტყობინებები საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და ლიკვიდაციის ერთიანმა სახელმწიფო სისტემამ (РСЧС) დაუგზავნა.

„უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხე ნოვოსიბირსკის ოლქის ტერიტორიაზე 6 ივლისს, 21:45 საათზე. თავი შეაფარეთ კაპიტალური კედლების მქონე უფანჯრო ოთახს! თუ ქუჩაში ან ავტომობილში იმყოფებით, გადაადგილდით უახლოესი თავშესაფრისკენ ან სხვა უსაფრთხო ადგილისკენ“, - ეწერა გაფრთილებაში.

ნოვოსიბირსკის გუბერნატორის, ანდრეი ტრავნიკოვის ინფორმაციით, ხელისუფლებამ საჰაერო განგაში „მეზობელ რეგიონში შექმნილი ვითარების ანალიზისა და იმ მოქალაქეების განცხადებების საფუძველზე გამოაცხადა, რომლებმაც, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატები შენიშნეს“.

ნოვოსიბირსკის მომიჯნავე ომსკის ოლქში 6 ივლისს, ომის განმავლობაში პირველად, იერიში მიიტანეს ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე - ეს არის ქვეყანაში ყველაზე მძლავრი და ბოლო უმსხვილესი ნავთობქარხანა, რომელიც აქამდე უკრაინულ დრონებს არ დაუზიანებიათ.

ტრავნიკოვის განცხადებით, „ვითარების სრული შემოწმების“ შედეგად დადგინდა, რომ ნოვოსიბირსკის ოლქის ცაზე „არანაირი საფრთხის შემცველი საფრენი აპარატი არ აღმოჩენილა“. დრონების საშიშროების რეჟიმი დაახლოებით შუაღამისას გაუქმდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×