"სახელმწიფომ უნდა გაამარტივოს პროცედურა, რომელიც შეეხება კერძო საკუთრებიდან უკანონდ მყოფი ადამიანების გამოყვანას"
თამარ ვეფხვაძე
09.07.2026

სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერი მოიჯარეების მიერ დაქირავებული ფართის გათავისუფლება წლობით ჭიანურდება. შედეგად, უძრავი ქონების მფლობელები სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან, რის გამოც იურისტების ნაწილი საპოლიციო გამოსახლების აღდგენას ითხოვს. თუმცა, ამ შემთხვევაში, სპეციალისტების აზრი ორად იყოფა: ერთი ნაწილი ეთანხმება მოთხოვნას, აღდგეს საპოლიციო გამოსახლება, ხოლო მეორე ნაწილი ამის კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არის მანკიერი პრაქტიკა, რაზეც სახელმწიფომ წლების წინ უარი თქვა. 

როდესაც მდგმური წყვეტს ქირის გადახდას და უარს ამბობს ფართის დატოვებაზე, მესაკუთრეს ერთადერთი სამართლებრივი გზა რჩება - მიმართოს სასამართლოს „უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის“ მოთხოვნით, თუმცა სასამართლო სისტემის გადატვირთულობის გამო, სააღსრულებო ფურცლის მიღებას ხშირად ერთი წელი სჭირდება.

სამწუხაროდ, პრობლემა სასამართლოს ეტაპზე არ სრულდება. იურისტ გია ფოლადიშვილის განმარტებით, საქმის აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადასვლის შემდეგ, მესაკუთრეს კიდევ ერთი წელი ლოდინი უწევს. ამის მიზეზი გასულ წლებში მოქმედი ე.წ. მორატორიუმი და დაგროვილი საქმეების დიდი რიგია. ჯამში, საკუთრების დაბრუნებას მინიმუმ ორი წელი სჭირდება.

პრობლემის მასშტაბიდან გამომდინარე, იურისტები გამოსავალს საკანონმდებლო ცვლილებებში ხედავენ. მათი აზრით, ჯერ კიდევ 2015 წელს გაუქმებული საპოლიციო გამოსახლება უნდა აღდგეს ან აღსრულების ბიუროს მიენიჭოს უფლება, რომ გამოსახლების პროცედურა სასამართლოს გვერდის ავლით, პირდაპირ დაიწყოს. 

ამ ინიციატივას მხარს უჭერს ადვოკატი მალხაზ კუნელაური, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ აუცილებელია გამარტივდეს სამართლებრივი სტატუსის არმქონე პირის კერძო საკუთრებიდან გამოსახლების პროცედურა. 

„ეს მნიშვნელოვანია, რადგან კერძო საკუთრება კონსტიტუციით დაცული და მაღალი სტატუსის მქონე უფლებაა. საკუთრების უფლების დაცვაზე დგას ჩვენი ქვეყნის და ზოგადად ყველა განვითარებული ქვეყნის ეკონომიკა. თუ საკუთრების მიმართ არ არის ნდობა და ქვეყანაში დაცული არ არის საკუთრების უფლება, ვერც ინვესტიციას, ვერც დოვლათს ვერ მოიზიდავ და ბიზნესსაც ვერ განავითარებ, ამიტომ საკუთრების უფლების დაცვა ეკონომიკის განვითარების ქვაკუთხედია. 

შესაბამისად, კერძო მესაკუთრის ინტერესი დაცული უნდა იყოს და თუ საჯარო რეესტრის მონაცემებით დასტურდება, რომ პირი არის კერძო მესაკუთრე და იმავდროულად მის საკუთრებაში კერძო ან იურიდიული პირი მისი თანხმობის გარეშე იმყოფება, რა თქმა უნდა, ეს საკითხი ძალიან სწრაფად რეაგირებადი და აღსრულებადი უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან, მესაკუთრის განცხადების საფუძველზე. 

ამას არ სჭირდება სასამართლო, რადგან თუ მესაკუთრეს ამ უფლებას შევუზღუდავთ, ეს თავდაყირა დააყენებს საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას. ამიტომ, აუცილებლად უნდა აღდგეს და დაბრუნდეს გამოსახლების პროცესი. მეტიც, სახელმწიფომ უნდა გაამარტივოს პროცედურა, რომელიც შეეხება კერძო საკუთრებიდან სამართლებრივი სტატუსის გარეშე მყოფი პირების გამოყვანას და ეს არის აბსოლუტურად სწორი მიდგომა“, - განუცხადა „რეზონანსს“ მალხაზ კუნელაურმა. 

მისი აზრით, თუკი აღდგება საპოლიციო გამოსახლება, აღსრულების ეროვნული ბიუროს ან პოლიციის კომპეტენციის ფარგლებში, გადატვირთული სასამართლო სისტემაც განიტვირთება.

„ახლა ძალიან გადატვირთულია სასამართლოები. ადამიანები წლობით ელოდებიან სხვადასხვა კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებას. ფაქტია, რომ სასამართლო განიცდის კადრების ნაკლებობას, განსახილველი საქმეები კი ბევრია, ამიტომ რაც უფრო ნაკლებ საქმეს გაუშვებს სახელმწიფო სასამართლოში და რაც შეიძლება, რომ სახელმწიფო ბიუროკრატიაში მოგვარდეს, მით უფრო ეფექტური გახდება მართლმსაჯულება“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ მალხაზ კუნელაურმა. 

ამ მოსაზრებას არ იზიარებს და აბსოლუტურად განსხვავებულ პოზიციაზეა  ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი არჩილ კაიკაციშვილი, აღნიშნა, რომ  საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება საქართველოში დაცულია შესაბამისი კონსტიტუციური ჩანაწერით და სხვა ნორმატიული აქტებით. 

„საქართველომ უარი თქვა პოლიციურ გამოსახლებაზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყოველი ინდივიდუალური დავა კონტროლის მექანიზმის კუთხით უნდა განეხორციელოს ხელისუფლების დამოუკიდებელმა შტომ - სასამართლო ხელისუფლებამ. ეს მიდგომა მომდინარეობს სხვადასხვა ევროპული ქვეყნის პრაქტიკიდან და გამოცდილებიდან. მიმაჩნია, რომ სწორია მიდგომა, სასამართლო იყოს საბოლოო არბიტრი, როდესაც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საკითხზე მიიღებს გადაწყვეტილებას და ჩვენ ამ პროცესში არამც და არამც არ უნდა შემოვიყვანოთ იძულებითი რეპრესიული მანქანა, პოლიციური გამოსახლების სახით. იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელზეც უარი ვთქვით, სახელმწიფო აღარ უნდა დაუბრუნდეს“, - განუცხადა „რეზონანსს“ არჩილ კაიკაციშვილმა. 

საკითხის მეორე მხარეა საერთო სასამართლოებში განსახილველი დავების გაჭიანურება. ამიტომ, არჩილ კაიკაციშვილის აზრით, მთელი ძალისხმევა და პრეტენზია უნდა იყოს მიმართული იქეთ, რომ რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში განიხილონ ასეთი ტიპის დავა. 

„შესაძლებელია დაისვას საკითხი სპეციალიზებული მოსამართლეების გამოყოფასთან დაკავშირებით, რომლებიც სწრაფად განიხილავენ ასეთი კატეგორიის დავებს. საქმეთა გადატვირთულობის მხრივ, პრობლემაა მართლმსაჯულების პირველ ინსტანციაში, ხოლო შედარებით დაჩქარებული წესით განიხილება ზემო ინსტანციებში. 

სახელმწიფო, პოლიცია, შსს... საკუთრების უფლებრივ ინტერესებს დამოუკიდებლად ვერ შეაფასებს და ლეგიტიმურია, რომ სწორედ სასამართლო იყოს მხარეთა სამართლებრივი ურთიერთობების შემფასებელი. აქედან გამომდინარე, ვერ დავეთანხმები რეკომენდაციას, რომ დაბრუნდეს პოლიციური გამოსახლება“, - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას არჩილ კაიკაციშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×