რეზონანსი
10.07.2026

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის ვახო ხუციშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილობრივების ინფორმაციით, ვახო მეგობართან ერთად „ვაზ-2106“-ის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სოფელ ცხაკაიასთან, სავარაუდოდ, ცუდი ხილვადობის გამო, საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა. ახალგაზრდა საუბედუროდ ადგილზე დაიღუპა, მის გვერდით მყოფი პირი კი დაშავდა, ის კლინიკაშია გადაყვანილი და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. ვახო ხუციშვილი თურმე გერმანიიდან ახალი ჩამოსული იყო.

“ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, რა უნდა გითხრათ არ ვიცი, ახალგაზრდა ბიჭია გარდაცვლილი, ვახო ჩემი ნათესავია, განადგურებული ვარ ამ ამბით. დედისერთა იყო, დედას თავისი ერთადერთი შვილი აღარ ჰყავს და აქ რა არის სალაპარაკო, რა უნდა ვთქვათ, განვიცდით ამ ტრაგედიას. გერმანიიდან ახალი ჩამოსული იყო, ერთი თვე იქნება ალბათ. სოფელ არეშფერანში სახლი შეიძინა და დედასთან ერთად სოფელ ბაღდადიდან საცხოვრებლად იქ გადავიდა. არ ვიცი სამძიმარი როგორ უნდა ვუთხრა მის დედას, ირმას. მეტს ვერაფერს გეტყვით, აღარ შემიძლია”, - თქვა ოჯახის ახლობელმა.

კიდევ ერთი ახლობელი განიცდის ვახო ხუციშვილის გარდაცვალებას.

"ჩემი ახლობელი იყო ვახო, გაგვანადგურა ამ ამბავმა. დედისერთა ბიჭი იყო. ძალიან მშრომელი, მეოჯახე, ძალიან კარგი ადამიანი. საუბარს ვეღარ შევძლებ ვახოზე, რადგან ძალიან ახლობელი ადამიანია ჩემთვის. მძიმეა ჩემთვის ეს ტრაგედია, როგორ გული დაგვწყვიტა”, - უთხრა "კვირის პალიტრას" კიდევ ერთმა ახლობელმა.

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×