
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსს, პოლიციის პოლკოვნიკ იოსებ სიგუას, რომელსაც ცოლი ძალადობაში ამხელდა, ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს.
ამის შესახებ ინფორმაცია „ტვ პირველს“ სიგუას ცოლმა, სოფია სიგუა-შატბერავამ მიაწოდა, რომელიც ამბობს, რომ სახლში ელექტრონული სამაჯურის დამაკავშირებელი აპარატი მიუტანეს.
ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნულ სიგუას ელექტორნული სამაჯური შეაბეს, ამას უდასტურებენ „ტვ პირველს“ შსს-შიც.
კანონის თანახმად, ახლა იოსებ სიგუას უნდა ჩამოერთვას ყველა იარაღი, რომელიც მის სახელზეა რეგისტრირებული. თუმცა ეს მოთხოვნა პროკურატურას სასამართლომ ჯერ განჩინებით უნდა დაუდასტუროს.
შეგახსენებთ, რომ იოსებ სიგუას ცოლი სოფია სიგუა-შატბერავა „შაბათის ეთერისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიციიის მაღალჩინოსანი ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა. სოფია სიგუას თქმით, „იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“. ქალი ჰყვებოდა, რომ პოლიციელი მას ორსულობის დროსაც სცემდა.
„შაბათის ეთერში“ გასული ამ რეპორტაჟიდან რამდენიმე დღეში, შსს-სმ იოსებ სიგუა დააწინაურა და ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნა.