თამთა ჩაჩანიძე
11.07.2026

ოპოზიციურ სპექტრში გადაჯგუფების პროცესი ახალ ეტაპზე გადადის - ენმ-მა რებრენდინგი დააანონსა და შესაძლოა "ოპოზიციური ალიანსიდან" გამოვიდეს, თავის მხრივ ალიანსი დაშლას არ აპირებს.

"ლელო" დამოუკიდებელ პოლიტიკურ ხაზს ინარჩუნებს, პარტია "გახარია საქართველოსთვის" კი საკუთარ სტრატეგიას მიჰყვება. თუ ეს პროცესები საბოლოოდ იმ სურათამდე მივა, რომ ეს ოპოზიციური ძალები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იმოქმედებენ, მაშინ მთავარი საკითხი შემოდის დღის წესრიგში - შეძლებს თუ არა ოპოზიცია კონკურენციის პირობებში უფრო ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის შექმნას, თუ ფრაგმენტაცია კიდევ უფრო შეასუსტებს მის შესაძლებლობებს?

ოპოზიციურ ფლანგზე არაერთი პოლიტიკური გაერთიანება და პარტია მოქმედებს, თუმცა, უკვე აშკარაა, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი დამოუკიდებელი პოლიტიკური იდენტობის გამოკვეთას ცდილობს.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიციური ველი საბოლოოდ რამდენიმე დამოუკიდებელ ცენტრად ჩამოყალიბდება, ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში რეალური პოლიტიკური კონკურენციის გაძლიერებას და ამომრჩეველს მეტი არჩევანის საშუალება ექნება.

ნაწილი კი ამბობს, რომ არსებული ოპოზიციური სპექტრი რა კონფიგურაციითაც არუნდა გადაჯგუფდეს, ვერ შეძლებს ფლანგზე რეალური პოლიტიკური პროცესის აღდგენას.

ამავე დროს, ქართულ პოლიტიკურ არენაზე ახალი პოლიტიკური ძალებიც ჩნდებიან, რომლებიც ცდილობენ იმ ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებას. სწორედ ამიტომ, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უახლოესი პოლიტიკური პერიოდი ოპოზიციისთვის ერთგვარი გამოცდის ეტაპი იქნება - შეძლებს თუ არა მრავალპარტიული გარემო ახალი პოლიტიკური პროცესის ჩამოყალიბებას, თუ ფრაგმენტაცია კიდევ უფრო გააღრმავებს ოპოზიციური სპექტრის გამოწვევებს.

ოპოზიციაში პოლიტიკური პროცესის აღდგენის პერსპექტივა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღევანდელი ოპოზიცია რა კონფიგურაციითაც არ უნდა გადაჯგუფდეს, რეალური პროცესის აღდგენას ვერ შეძლებს.

"გააჩნია ვინ რას ეძახის ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს. ნორმალურ პოლიტიკურ პროცესად ნორმალურ პოლიტიკურ ოპონირებას მივიჩნევ, რომელიც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაშია.

"სადაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ გარბიან, იქიდან მხარდაჭერას არ ითხოვენ და არ აკეთებენ ისეთ რაღაცეებს, რომელიც მიმართულია ქვეყნის საზიანოდ - საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას არ ადვოკატირებენ და პოლიტიკური ოპონენტების დასანქცირებისკენ არ მოუწოდებენ.

  • ზაალ ანჯაფარიძე: "ეჭვი მეპარება, რომ აღნიშნული კონფიგურაციით ნორმალური პოლიტიკური პროცესის აღდგენა შეძლონ. რაც ენმ-ში ხდება, ის არანაირ პოლიტიკურ ტრადიციებს და წესებს არ ექვემდებარება"

"ვიდრე საქართველოში ნორმალური ცივილიზებული და წესებზე დაფუძნებული პოლიტიკური ოპონირების კულტურა არ ჩამოყალიბდება, არ მგონია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე დადებითი ცვლილებები მოხდეს. ვგულისხმობ, ოპონირება, კონტრ-ოპონირების პრინციპს, რომ ოპოზიციამ საზოგადოებაში რამდენადმე მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მოპოვება შეძლოს.

"ოპოზიციური პარტიები მხარდაჭერას ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეძებენ, აქ ხალხში ნაკლებად დადიან, ნაკლებად ცდილობენ თავიანთი პროგრამებით, პროექტებით მიიმხრონ ადამიანები. ძალიან არაპატრიოტი უნდა იყო, რომ ასეთ პოლიტიკურ ძალას მხარდაჭერა გამოუცხადო. ​

"ეჭვი მეპარება, რომ აღნიშნული კონფიგურაციით ნორმალური პოლიტიკური პროცესის აღდგენა შეძლონ. რაც ენმ-ში ხდება, ის არანაირ პოლიტიკურ ტრადიციებს და წესებს არ ექვემდებარება, გაუგებარი, "რეფორმატორთა საბჭო", ამასთან, ყრილობის შემდეგ არ გვეცოდინება, თუ ვინ არის პარტიის ოფიციალური თავმჯდომარე... შესაბამისად, პარტია რჩება, როგორც უთავო მხედარი.

" რაც შეეხება „ალიანსში" დარჩენილ ხალხს, ისინი საზოგადოებას ჯერჯერობით თავს ვერ აწონებენ, პირიქით, საპირისპირო განწყობებს იწვევენ. ალიანსი საზოგადოებას არაფერს ეუბნება, თუ როგორ შეცვლის ის ცხოვრებას უკეთესობისკენ, რა დადებით ცვლილებებს მოუტანს ქვეყანას, თუკი ხელისუფლებაში მოვა. მათგან არაფერი არ გაგვიგია, გარდა იმისა, რომ, როგორც ერთ-ერთი მათი ლიდერი ამბობს - „სახლში აქციები, გარეთ სანქციები"-ო. და თუ ჰგონია, რომ ამით ამომრჩეველს მიიმხრობს, ძალიან ცდება.

"ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას გახარიას და „ლელოს" პარტიებთან დაკავშირებით. ვნახეთ ბოლო დღეებში მათი წარმომადგენლები ვენასა და სხვა ქალაქებში, ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ როგორმე რაც შეიძლება გაეშავებინათ საქართველოში არსებული ხელისუფლება, აქაური სიტუაცია მუქ ფერებში დაეხატათ, ეს ხომ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ? ბოლო წლებში დავრწმუნდით, რომ გარე მხარდაჭერა საკმარისი არაა, რომ რომელიმე ძალა ხელისუფლებაში მოხვდეს",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ სწორად დაგეგმილმა გადაჯგუფებამ შესაძლოა ოპოზიციაში ნორმალური პროცესების დაწყებას შეუწყოს ხელი.

"სიტუაცია კარნახობდა ოპოზიციას, რომ რაღაცნაირად უნდა გადაჯგუფებულიყო, რომ ოპოზიციური ხმები მაქსიმალურად აითვისონ. სამი ელექტორალური ჯგუფია - ერთი ხელისუფლებას უჭერს მხარს, მეორე ენმ-ს და მის განაყოფებს, მესამეს კი არცერთი არ სურს,

"ჯამურად მათი რაოდენობა სადღაც მილიონ-ნახევარზე მეტია, ამიტომ პრობლემა სწორედ ესაა. ოპოზიციურ ლიდერების გაერთიანებას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ხდება ამ ელექტორატების გაერთიანებაც. ჩვენს შემთხვევაში გვაქვს ისეთი უნიკალური შემთხვევა, რომ ეს ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება ვერ ხერხდება.

  • ვახტანგ ძაბირაძე: "არსებული პოლიტიკური ელიტა ყავლგასულია. იმისთვის, რომ ამომრჩეველი მოიზიდო, საჭიროა ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს"

"ნაკლებად მჯერა იმის, რომ რებრენდინგით ან რაღაცით, დავუშვათ, სააკაშვილი უფრო მეტ ხმებს აიღებს, მაგრამ, სწორი იქნება, თუ ამ პრინციპით მოხდება დაჯგუფება - ანუ, ენმ-ს ორი ფრთა იქნება,

"მესამე ჯგუფი - გახარია და „ლელო", ისინი არანაციონალურ ამომრჩეველზე მუშაობენ - აი აქ უნდა ეცადოს ოპოზიცია. თუ ერთმანეთს ეჭიდავებიან და ერთმანეთის ხმების წაღებას, ეს წამგებიანია. თუ ხმების გადაქაჩვაა, უნდა გადაქაჩონ "ოცნების" ამომრჩევლებისგან, მაგრამ, ამას არ სჭირდება ალიანსები, ეს დამანგრეველია და ხმები დაიკარგება",- განაცხადა ძაბირაძემ.

რას შეცვლის დამატებით ახალი პარტიების შემოსვლა

ზაალ ანჯაფარიძეს ეჭვი ეპარება, რომ ახალმა პარტიებმა რაიმე შეცვალონ პოლიტიკურ ველზე.

"იმისათვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი მთლიანად შეცვალო და შენს დღის წესრიგზე გადააწყო, უნდა გქონდეს რესურსები და ეს მარტო ფინანსური არაა. მაგალითად, 2024 წლის არჩევნების წინ, ერთ-ერთმა ბიზნეს-სტრუქტურამ, თუ ბიზნესმენმა, საკმაოდ სოლიდური თანხა მისცა გვარამია-მელია-ხოშტარია-ჯაფარიძის გაერთიანებას. მაგრამ მათ რაიმე სერიოზული ვერ შეძლეს, რადგან არ ჰქონდათ საზოგადოებისთვის არაფერი შესათავაზებელი, ეს რესურსი კი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ მათ შეეცვალათ ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგი. ის აღმოჩნდა საკმარისი მხოლოდ იმისთვის, რომ პარლამენტში რამდენიმე მანდატი მოეპოვებინათ.

"ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა ახალ, აქაურ, შექმნილ პარტიებზე. მათ ჯერ აქაური მხარდამჭერები მოიზიდონ, შექმნან მყარი სოციალური ბაზა, შექმნან ძლიერი და ქმედითი პარტიული ინფრასტრუქტურა რეგიონებში, რომელიც მართლა მუშაობს და არა ქაღალდზე, და ამის შემდეგ უკვე განაცხადო პრეტენზია იმაზე, რომ შეუძლიათ პოლიტიკურ დღის წესრიგში შეიტანონ რაღაცა ცვლილება.

"მანამდე, თუნდაც იგივე „ჯერ საქართველო"-ს ჯერ არავითარი რესურსი არ გააჩნია. არ მგონია, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლას შეძლებენ.ამ კუთხით რამე ისეთი სერიოზული მოლოდინი მე, პირადად, არ მაქვს",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძესაც ეჭვი ეპარება, რომ ახალი პარტიები რაიმე სერიოზულს შეძლებენ.

"არსებული პოლიტიკური ელიტა ყავლგასულია. იმისათვის, რომ ახალი ამომრჩეველი მოიზიდო, საჭიროა ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. ან რაღაც ახალი პლატფორმა უნდა შესთავაზონ ამომრჩეველს - ჯერჯერობით არც ეს არ ჩანს.

"ოპოზიცია დღეს მხოლოდ პროდასავლური კურსის ცვლილებაზე ლაპარაკობს, მაგრამ არ კმარა მხოლოდ ეს იმისათვის, რომ ამომრჩევლის ხმები მიიზიდო. ახალ პარტიებს ელექტორატი მაინცდამაინც დიდად არ სწყალობს, არსებული პოლიტიკური ელიტის გათვალისწინებით, რატომ დაუჭერს მხარს მათ, ეს ყიფიანი თუ სხვა - მნიშვნელობა არა აქვს, თუ ახალი არაფერი გააჩნიათ?"- განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×