თამთა ჩაჩანიძე
11.07.2026

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველო ამჟამად ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე იმ ქვეყნების რიგში აღარ არის, რომლებიც ინტეგრაციის პროცესში წინ მიიწევენ. მისი თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უცვლელია, თუმცა წევრობისკენ პროგრესი დემოკრატიული სტანდარტებისა და საერთო წესების შესრულებაზეა დამოკიდებული.

ბათუმში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის ელჩმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმდინარე მდგომარეობა შეაფასა.

აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს მტკიცე პარტნიორად რჩება, თუმცა, გაფართოების პროცესში წინ მიიწევენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და დემოკრატიულ სტანდარტებს იცავენ.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველო დღეს ამ ქვეყნებს შორის აღარ არის, თუმცა ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ეს ვითარება დროებითია.

საქართველოს პერსპექტივა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ არამარტო ევროინტეგრაციას, არამედ საერთოდ ქართულ სახელმწიფლოებრივობას ექმნება საფრთხე.

"სამწუხაროდ, საქართველო იმ ქვეყნების რიგებში აღარაა, რომლებსაც აქვთ პერსპექტივა, რომ ევროკავშირში გაწევრიანდნენ. ეს პირველ რიგში დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ განსაკუთრებულად დადგა პრობლემები დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობასთან, ადამიანის უფლებათა დაცვასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

  • ნიკა ჩიტაძე: "სამწუხაროდ, საქართველო იმ ქვეყნების რიგებში აღარაა, რომლებსაც აქვთ პერსპექტივა, რომ ევროკავშირში გაწევრიანდნენ"

"ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში დემოკრატიასთან დაკავშირებით პრობლემა ყოველ წელიწადს არსებობდა, მაგრამ ეს განსაკუთრებულად პრობლემატური გახდა საქართველო-ევროკავშირთან ურთიერთობის ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში.

"საერთო ჯამში, პრობლემა მარტო ევროკავშირში გაწევრიანებაზე კი არაა, უკვე ქართულ სახელმწიფოებრიობას ექმნება საფრთხე, იმიტომ, რომ რამდენადაც ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები სუსტდებიან, სამართალდამცავი და ძალოვანი სტრუქტურები ექვემდებარებიან "ქართულ ოცნებას" და არა, ვთქვათ, საქართველოს. აი, აქ არის ეს მთავარი პრობლემა",- განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ საქართველო კანდიდატ ქვეყნებს ყველა პარამეტრით უსწრებს, მაგრამ ოკუპაციაა ის მთავარი ხელისშემშლელი, რაც ყოველთვის უკან ხევდა ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე.

"ზუსტად იგივე პერსპექტივა, რაც წლების წინათ იყო, ანუ ნულოვანი პერსპექტივა. იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცის ეს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა და ევროკავშირის მთელმა ხელმძღვანელობამ - მქონია კონტაქტი და ვიცი, რომ მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და საზღვარი დაცული არაა, უფრო მეტიც, თბილისთან ახლოს რუსეთის სამხედრო ბაზები დგას და რუსეთი ცნობს ორ რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, საერთოდ ლაპარაკი არ არის გაწევრიანებაზე.

  • პეტრე მამრაძე:"სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და საზღვარი დაცული არაა, საერთოდ ლაპარაკი არ არის გაწევრიანებაზე"

"გაწევრიანების პერსპექტივა არა, მაგრამ, არის კონკრეტული რაღაცეები - ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, ვაჭრობა და ა.შ. - ეს კი შეიძლება, მაგრამ გაწევრიანება - არა. როცა გაწევრიანებაზე იყო ლაპარაკი, ეს ყოველთვის იყო ის, "სტაფილო", რომელსაც ვირს ცხვირწინ დაუკიდებენ და ეუბნებიან - იარე, იარეო. საქართველო, კანდიდატ ქვეყნებს ბევრად უსწრებს ყველანაირი პარამეტრით, მაგრამ სააკაშვილის მოყვანილი ბაზებია ქვეყანაში",- აღნიშნა მამრაძემ.

რას ამბობს ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ბათუმში „ევროპის დღისადმი"მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირი უკვე 30 წელია როგორც მტკიცე პარტნიორი დგას საქართველოს გვერდით. ელჩის თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უცვლელია, მაგრამ ასევე უცვლელია მისი წესებიც, რაც დემოკრატიულ განვითარებას ეფუძნება.

„მოხარული ვარ, რომ ევროპის დღეს ისევ აქ, ბათუმში აღვნიშნავთ. „Batumi ech Batumi" - ბევრისთვის ცნობილი ეს პოლონური მელოდიაც ბათუმის სიდიადეს უმღერის. „შავი ზღვის მარგალიტი" ბათუმი არის ღია და მრავალფეროვანი ქალაქი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კულტურას, ტრადიციასა და გამოცდილებას.

"ვინ, თუ არა თქვენ, ყველაზე უკეთ იცით ტოლერანტობისა და ჰარმონიული თანაცხოვრების ფასი.ევროპის ძალაც, არის მრავალფეროვნება და საერთო წესებზე თანხმობა. სწორედ საერთო წესების დაცვას მოაქვს ევროკავშირის წევრებისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება უკვე თითქმის 80 წელია.

"მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება. მეტიც, ევროკავშირი ფართოვდება. ქვეყნები, რომლებიც საერთო წესებს იზიარებენ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ და წინ მიდიან. დასანანია, რომ საქართველო მათ შორის არ არის. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ ეს დროებითია.

"30 წელზე მეტია, ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, თქვენ გვერდით, როგორც მტკიცე და საიმედო პარტნიორი.

"ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უცვლელია. ამავდროულად, უცვლელია ჩვენი წესებიც. ევროკავშირის გზაზე წინსვლა ეფუძნება დემოკრატიულ განვითარებას.

"ახლა კი, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, ისიამოვნეთ დღევანდელი დღით. ეს დღე გვახსენებს თუ რა გზა გავიარეთ აქამდე და რამდენს მივაღწიეთ ერთად. წინ საქართველო წინ!"- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×