რეზონანსი
11.07.2026

პაველ ჰერჩინსკი საქართველოს მიმართ კვლავ გამოირჩევა უსამართლო მიდგომით და უსაფუძვლო კრიტიკით და ამბობს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფ სახელმწიფოებს შორის საქართველო არ არის, რაც აბსოლუტური სიცრუეა, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ერთი დღითაც არ შენელებულა და ქვეყანა ზედმიწევნით ასრულებს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

„საქართველო ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. სწორედ ეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია და არა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც, პირველ რიგში, ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს და ამავდროულად ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპებს. პირველ რიგში, აქ ვგულისხმობ გამჭვირვალობის კანონს და იმ ღირებულებების წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მიმართულ მცდელობებს, რომლებიც ავსახეთ ოჯახური ღირებულებების კანონში. ეს არის იმ საერთო დღის წესრიგის ნაწილი, რომლის გამოვლინებაც ვიხილეთ ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციის დეკლარაციის სახით“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, ვინმე თუ არღვევს დემოკრატიის პრინციპებს და სადმე თუ შეინიშნება დემოკრატიული უკუსვლა, ეს არის ევროკავშირი, რომელმაც 2024 წლის ივნისში შეწყვიტა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი.

„სწორედ ეს არის დემოკრატიის თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯი. როგორც ჩანს, ევროკავშირის მესვეურებს არ სურთ, მოისმინონ ოფიციალურ დონეზე გაჟღერებული საქართველოს არგუმენტები, რომელთა უგულებელყოფა მათ არ შეუძლიათ. სწორედ ასეთი არგუმენტები დაუპირისპირა მათ ჩვენმა დელეგაციამ ჰააგაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე. სწორედ ჩვენ მიერ გაჟღერებული განცხადებების შედეგი იყო, რომ როდესაც ეს უსამართლო დეკლარაცია მიიღო ჰააგაში საპარლამენტო ასამბლეამ, ჩვენი დელეგაციის თითოეულ წევრთან მოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და ერთგვარად გვებოდიშებოდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ, რადგან „ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა“. მაგალითად, პირადად მე მქონდა რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებთანაც და ზოგიერთმა მათგანმა ისიც აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ეთანხმებოდნენ საქართველოს პოზიციას, მაგრამ სამწუხაროდ, არ შესწევდათ ძალა ამის შესახებ ხმამაღლა განეცხადებინათ“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბათუმში, ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ქვეყნები, რომლებიც საერთო წესებს იზიარებენ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ და წინ მიდიან, დასანანია, რომ საქართველო მათ შორის არ არის. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ ეს დროებითია“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×