
ევროკავშირსა და საქართველოს შორის კომუნიკაციის არხები პრაქტიკულად გაუქმებულია, ხოლო ბრიუსელი კვლავ ცდილობს გვერდი აუარის საქართველოს ხელისუფლებას და პირდაპირ „ქართველ ხალხთან“ გამართოს დიალოგი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ გაჟღერებულ ამ სტრატეგიულ იზოლაციას თბილისმა „სუვერენიტეტის უგულებელყოფა“ და აბსურდი უწოდა.
„შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც გასულ წელს შევიმუშავეთ, უკვე არსებობს. ახლა მისი განხორციელების ეტაპზე ვართ. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, შავი ზღვის გარშემო მდებარე სხვადასხვა ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამჟამად სირთულეები გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს - ჩვენი გვსურს ქართველი ხალხის მხარდაჭერა.
ასევე გვქონდა მსჯელობა იმაზე, როგორ შეგვიძლია ეს საუკეთესოდ გავაკეთოთ, რათა ქართველმა ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს“, - განაცხადა ახლახანს კაია კალასმა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში.
ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ახლა კი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ამ განცხადებას თბილისმა მწვავე განცხადებებით უპასუხა.
ვროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული, საუბრობს ქართველ ხალხზე ცალკე და ხელისუფლებაზე - ცალკე, „მაშინ როდესაც ქართველმა ხალხმა საქართველოს ხელისუფლებას ძალიან მყარად გამოუცხადა ნდობა“-განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.
„2024 წელს და 2025 წელს არჩევნებში ხელისუფლებამ მილიონ 100 ათასზე მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა მიიღო. ეს ქართველი ხალხისგან ძალიან ძლიერ მხარდაჭერას ნიშნავს.
„როდესაც ასეთ დროს ცდილობენ, რომ ქართველი ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთისგან ხელოვნურად განაცალკეონ, ეს ის მიდგომაა, რასაც მანამდე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ვიცნობდით, როცა რუსეთის ფედერაცია საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის მიმართ არ ცნობს, ახლა ვხედავთ, რომ ქალბატონო კაია კალასი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიის 100%-ის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო ვერ გაჩუმდება, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია:
„სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რომელიც ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების საფუძველზეა არჩეული, მაშინ როდესაც ამავე ხალხის მხარდაჭერაზე საუბრობს.

შალვა პაპუაშვილი: იქნება თავდასხმა ბრიუსელის ნებისმიერი წარმომადგენლის მხრიდან ქართველ ხალხზე? - იქნება ადეკვატური პასუხი ნებისმიერ ასეთ თავდასხმაზე!
„ნამდვილი პარტნიორობის საფუძველი დიალოგია და არა ურთიერთობისგან დისტანცირება. საქართველო კვლავაც ერთგულია ევროკავშირთან პატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ჩვენი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისათვის“.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა კი აღნიშნა, რომ სადაც თავდასხმაა იქ პასუხიც იქნება:
„ჩვენ ყოველთვის ვიკავებთ თავს კრიტიკული კომენტარებისგან, იქნება თავდასხმა ბრიუსელის ნებისმიერი წარმომადგენლის მხრიდან ქართველ ხალხზე? - იქნება ადეკვატური პასუხი ნებისმიერ ასეთ თავდასხმაზე!“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ გარკვეული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ბოლო დროის განმავლობაში მხოლოდ შანტაჟს და მუქარას ხედავენ:
„გრძელდება მტრული დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია, რა არის ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი. ზოგადად, ამ პროექტის განხორციელება საქართველოს გარეშე წარმოუდგენელი მგონია.
შანტაჟი და მუქარა - ჩვენ მხოლოდ ამას ვხედავთ ბოლო დროის განმავლობაში გარკვეული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია - ვინც არ უნდა იყოს, კალასი იქნება თუ სხვა, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი უნდა სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ქართულ სახელმწიფოებრიობას“, - განაცხადა კალაძემ.
(კაია კალასის განცხადება) მათ ენაზე ნიშნავს, „საქართველოში რევოლუციის მოწყობის ახალ გზებს ვეძებთ, ჯერ ვერ მოვიფიქრეთ, მაგრამ ვცდილობთ, ეს შორეულ პერსპექტივაში არ გადავდოთო“, - ასე შეაფასა დეპუტატმა, თენგიზ კალასის განცხადება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძე თვლის, რომ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ევროკავშირი ცივილიზაციური უფსკრულის პირას დგას. რაც შეეხება შავი ზღვის რეგიონზე თანამშრომლობას, წესით, ევროკავშირის ქვეყნებს საქართველოს მიმართ პრაგმატული მიდგომა უნდა ჰქონდეთ, რადგან ქვეყანას, განსაკუთრებით შუა დერეფანში, მნიშვნელოვანი როლი აქვს.
„შავ ზღვაში საქართველოს გავლით კაბელსაც აშენებენ, თუმცა საქართველოს მთავრობას, რომელიც ამას ახორციელებს, ვერ ხედავენ. ასეთ კურიოზში არიან ჩავარდნილები.
სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მესვეურები ასეთ მდგომარეობამდე მივიდნენ, მაგრამ ეს მათი არჩევანია. დრო იცვლება და აბსურდი, რომ საქართველო უნდა იყოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაერთებელი, ოღონდ საქართველო არ უნდა ჩანდეს, კარგის მომტანი არ არის ევროპისთვის“, - აცხადებს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილი.
მორიგი დაპირისპირების ეპიცენტრში კი კიდევ ერთი ფუნდამენტური უთანხმოება დგას: ევროკავშირი თბილისისგან მკაცრად ითხოვს ანტიევროპული რიტორიკისა შეჩერებას, რასაც პარტნიორობის აღდგენის წინაპირობად მიიჩნევს. თუმცა, თბილისის პერსპექტივიდან, ეს მოთხოვნა რეალობის სრული დამახინჯებაა. მმართველ გუნდში თვლის, რომ რეალური თავდასხმა სწორედ დასავლეთიდან ხორციელდება - დამოუკიდებელ სახელმწიფოზე თავდასხმას კი, ბუნებრივია, ყოველთვის მოჰყვება პასუხი. შედეგად, ვიღებთ ჩაკეტილ წრეს, სადაც ევროკავშირი ქართული მხარის რიტორიკას საბოტაჟად ნათლავს, ხოლო თბილისი საკუთარ მწვავე პასუხებს სუვერენიტეტის ლეგიტიმურ თავდაცვად აფასებს.