
თბილისის საქალაქო სასამართლომ რეჟისორ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა, ტელეკომპანია „ფორმულა“ პატივისა და ღირსების შელახვისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა და ინფორმაციის უარყოფა დააკისრა. ხაინდრავა მიღებული თანხით მედიატერორისგან დამცველი ფონდის დაარსებას გეგმავს, ხოლო „ფორმულა“ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ გოგა ხაინდრავამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გამოყოფიოი თანხისგან ფონდს დაარსებს, რომელიც მედიატერორისგან დაიცავს მოქალაქეებს.
„ყველას არა აქვს შესაძლებლობა, რომ თავის თავი დაიცვას. ყველას არა აქვს შესაძლებლობა, რომ პრესკონფერენციები მოაწყოს და გადაცემა არ არის პრინციპში, რომ მიაყენონ შეურაცხყოფა. ამიტომ, ბუნებრივია, ჩემი მხრიდან, ეს იმისთვის იყო გაკეთებული, რომ ჭკუა ისწავლონ და იცოდნენ, რომ მე გამოვაცხადე და კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ აი, ეს თანხა, რომელიც გამოყვეს, ამ თანხას ჩავდებ, ფონდი უნდა დავაარსოთ, რომელიც მედიატერორისგან დაიცავს მოქალაქეებს, იმ მოქალაქეებს, ვისაც არა აქვთ შესაძლებლობა, რომ თავისი თავი დაიცვან ისე, როგორც ამ შემთხვევაში მე მაქვს“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
- გოგა ხაინდრავა: ამ თანხას ჩავდებ, ფონდი უნდა დავაარსოთ, რომელიც მედიატერორისგან დაიცავს მოქალაქეებს, იმ მოქალაქეებს, ვისაც არა აქვთ შესაძლებლობა, რომ თავისი თავი დაიცვან
დავას მოსამართლე ლიანა კაჟაშვილი განიხილავდა - მან სრულად დააკმაყოფილა სარჩელი.
მისი გადაწყვეტილებით, „ფორმულას“ „მორალური ზიანის მიყენების გამო“ დაეკისრა 10 000-ლარიანი ჯარიმა და დაევალა მოსარჩელისათვის „სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების“ საკუთარი ტელეეთერით უარყოფა.
„ფორმულის“ იურისტი ეთო ქათამაძე აცხადებს, რომ „ამ სასამართლოს პირობებში ეს არ ყოფილა გასაკვირი, - გამომდინარე შექმნილი მდგომარეობიდან”:
„თუმცა მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში თავისუფალი ჟურნალისტიკა, კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკა ასე არ უნდა ისჯებოდეს.
„სრულად ამოვწურავთ ქვეყნის შიგნით არსებულ სასამართლო პროცესებს და, დიდი ალბათობით, სტრასბურგშიც გავაგრძელებთ დავას. მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი“, - განაცხადა ადვოკატმა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და, როგორც მოსალოდნელი იყო, განაცხადა, რომ „მართლმსაჯულების სისტემის მიზანმიმართული გამოყენება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკის მორიგ პრეცედენტს წარმოადგენს”.
- „ფორმულის“ იურისტი ეთო ქათამაძე: „სრულად ამოვწურავთ ქვეყნის შიგნით არსებულ სასამართლო პროცესებს და, დიდი ალბათობით, სტრასბურგშიც გავაგრძელებთ დავას.
„ტელეკომპანია „ფორმულა“, მისი საგამოძიებო გუნდი და, ზოგადად, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები, კოორდინირებული თავდასხმისა და შევიწროების სამიზნეები არიან სწორედ მათი დამოუკიდებელი და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო. საჯარო ინტერესის მქონე თემებზე მუშაობის გამო, სახელმწიფო ინსტიტუტები და „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებლები ერთობლივად ებრძვიან თავისუფალ მედიას, რითაც ცდილობენ დააშინონ ჟურნალისტები და ქვეყანაში დაამკვიდრონ ცენზურა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს ტელეკომპანია „ფორმულასა“ და მის თითოეულ თანამშრომელს, რომლებსაც ამ რთულ პირობებში პროფესიული მოვალეობის შესრულება უწევთ“, - ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში
რატომ დაიწყო გამოძიება
2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს ტელეკომპანიის გადაცემა „შაბათის ფორმულაში” გასულ სიუჟეტებზე გოგა ხაინდრავამ 21 იანვარს განაცხადა, რომ „ფორმულას“ მასთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტის გამო უჩივლებდა.
„ფორმულამ“ საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას სუს-თან შეთანხმებით ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა“.
მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ სიუჟეტში „არაერთი არსებითად მცდარი და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია“ გაჟღერდა. ამის გამო გამოძიება დაიწყო.
ამავე სიუჟეტის გამო, ხაინდრავას ადვოკატების განცხადების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის წესით, „ცრუ დასმენის“ მუხლით აღძრა საქმე ტელეკომპანია „ფორმულის“ წინააღმდეგ.