
უკრაინამ საზღვაო დრონის გამოყენებით, გელენჯიკის პორტში, რუსულ საპატრულო გემზე იერიში მიიტანა. აფეთქებების შედეგად ეკიპაჟის რამდენიმე წევრი დაიღუპა, გემი „იზუმრუდ“ კი შუაზე გაიპო.
კიევში ევროკომისიის პრეზიდენტისა და ევროპელი ლიდერების უმაღლესი დელეგაციის ჩასვლის ფონზე, კრემლი უკრაინის ეკონომიკურ გულს უტევს. ოდესის პორტებსა და საცხოვრებელ კორპუსებზე მიტანილი მასშტაბური იერიშებით, რუსეთი დასავლეთს მკაფიო სიგნალს უგზავნის, რომ შავი ზღვის სტრატეგიული დერეფნების სრულ ბლოკირებას გეგმავს.
უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებით, რომელიც დღეს აღინიშნება, უკრაინის დედაქალაქში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და რამდენიმე ევროპული ქვეყნის ლიდერი ჩავიდნენ.
“ახლახან ჩავედი კიევში, რაც ომის დაწყების შემდეგ ჩემი მე-11 ვიზიტია უკრაინაში. ეს განსაკუთრებული მომენტია. უკრაინამ ძლიერი სამხედრო იმპულსი შექმნა, ვითარება კი უკრაინის სასარგებლოდ იცვლება“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში.
ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკავშირისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიების ინტეგრაციის მიზნით ახალი ინიციატივები წარადგენა, მათ შორისაა ევროკავშირი და უკრაინა „დრონების შეთანხმებას“„რათა შევძლოთ უფრო მეტი და უფრო სწრაფად წარმოება“, - აცხადებს იგი.
უკრაინის თავდაცვის ძალების წარმატებები
გუშინ ღამით, უკრაინის ძალებმა შავ ზღვაში რამდენიმე რუსულ გემს შეუტიეს. აშკარაა, რომ კიევი მოსკოვის წინააღმდეგ საზღვაო თავდასხმებს ამძაფრებს
„საზღვაო ბრძოლის პირველი რაუნდი დასრულდა“, - წერს უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ ბროვდიმ. უკრაინამ ბოლო დღეებში აზოვის ზღვაში რუსეთთან დაკავშირებული 100-ზე მეტი გემი დაარტყა. „ახლა რიგში შავი ზღვაა“, - ასე დაანონსა ახალი დარტყმები მან.
უკრაინამ ოთხშაბათს შავ ზღვაში 17 ნავთობტანკერი, ორი გაზის გადამზიდავი და ერთი ბუქსირი დაარტყა. როგორც ცნობილია, შავი ზღვა რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტის მთავარი გადაზიდვის მარშრუტია. ივნისში ყოველდღიურად 980 ათას ბარელზე მეტი ნედლი ნავთობი იტვირთებოდა ნოვოროსიისკში, რაც საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, ეს რუსეთის მიერ თვის განმავლობაში საზღვაო გზით გადაზიდული ნავთობის მთლიანი ექსპორტის 20%-ზე მეტს შეადგენს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ უკრაინამ სამშაბათს, საზღვაო დრონის გამოყენებით, გელენჯიკის პორტში, რუსულ საპატრულო გემზე იერიში მიიტანა. გელენჯიკი პუტინის ერთ-ერთი სასახლიდან 25 კილომეტრზე ნაკლები მანძილით არის დაშორებული .

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, უკრაინის ახალი სახელმწიფო ჯილდო, "ევროპის ორდენი" გადასცა
გემ „იზუმრუდზე“ აფეთქებების შედეგად ეკიპაჟის რამდენიმე წევრი დაიღუპა, სხვები კი დაშავდნენ.
უკრაინის საზღვაო ძალებმა გამოაქვეყნა დაზიანებული გემის თანამგზავრული ფოტო, რომელიც, როგორც ჩანს, შუაზე გაიპო.
რუსეთის პასუხი
ოთხშაბათს, ოდესაზე განხორციელებულ რუსულ თავდასხმებს სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეჰ კიპერის განცხადებით, რუსეთმა რეგიონზე, ზედიზედ მეხუთე დღეა, „მასშტაბური კომბინირებული სარაკეტო და დრონების თავდასხმა“ განახორციელა. მან მოსკოვი ინდუსტრიულ და საპორტო ინფრასტრუქტურასთან ერთად, „სამოქალაქო მოსახლეობის მიზანმიმართულ სამიზნედ ამოღებაში“ დაადანაშაულა.
ერთ-ერთი სარაკეტო დარტყმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე სამი კი დაშავდა. მაშველებმა დაზიანებული შენობიდან სამი მცხოვრები, მათ შორის ორი ბავშვი, უვნებლად გამოიყვანეს.
სამშაბათს, რუსეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ მათმა ძალებმა დარტყმები კიევის სამხედრო-სამრეწველო ობიექტებსა და ოდესის მახლობლად, კუნძულ იუჟნიზე მდებარე საპორტო ინფრასტრუქტურაზეც განახორციელეს. მოსკოვის მტკიცებით, აღნიშნული პორტი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საწვავის მისაღებად და შესანახად გამოიყენებოდა.
ბოლო დღეების განმავლობაში კრემლმა საგრძნობლად გაახშირა თავდასხმები „დიდი ოდესის“ საპორტო კლასტერზე, რითაც მიზანმიმართულად უტევს უკრაინის ომისდროინდელი ექსპორტისა და ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანეს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
ბოლო დღეებში რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა მოდიფიცირებული „გერანის“ ტიპის რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება, რომელთა ჩაჭრა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის უფრო რთულია.
სპეციალისტების მონაცემებით, რუსული უპილოტო საფრენი აპარატების მესამე და მეოთხე მოდელებს შეუძლიათ 300-დან 500 კმ/სთ სიჩქარემდე განვითარება, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მათ წინამორბედებს.
ახალი „გერანის“ დრონების ჩაჭრის სირთულე ასევე განპირობებულია მათი მაღალი ფრენის სიმაღლით. რუსეთმა ასევე შეიძინა დისტანციურად მართვადი უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებსაც შეუძლიათ საფრთხეებზე რეაგირება და მარშრუტის შეცვლა.
ოდესის აკვატორიაში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დაშავდნენ
რუსეთის დარტყმებისას, თურქული კომპანია okean maritime-ის კუთვნილი სამოქალაქო სავაჭრო გემი Atlas Bey ოდესის სანაპიროსთან დრონების თავდასხმის ქვეშ მოჰყვა.
საინფორმაციო სააგენტო „ტრენდის“ ცნობით, ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:15 საათზე მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გემის ბორტზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის 11 მოქალაქე იმყოფებოდა. არსებული მონაცემებით, გემის კაპიტნის გარდა, რომელიც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქეა, ეკიპაჟის ყველა დანარჩენი წევრი ნაპირზე, ოდესაშია გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ამ წუთებში გემის კაპიტნის ადგილსამყოფელის დასადგენად აქტიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. უკრაინაში აზერბაიჯანის საელჩო მუდმივ კონტაქტზეა შესაბამის უწყებებთან და ყველა საჭირო ზომას იღებს საკუთარი მოქალაქეებისთვის საკონსულო დახმარების აღმოსაჩენად“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
მანამდე, 7 ივლისს, უკრაინის მიკოლაევის ოლქში, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია SOCAR-ის კუთვნილ ავტოგასამართ სადგურზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. რასაც რუსეთის ელჩის დაბარებაც მოჰყვა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ბაქოს მხრიდან რუსეთის ელჩის დაბარება და საჯარო პროტესტი საკმაოდ ხმამაღალი დიპლომატიური ნაბიჯია, რადგან აზერბაიჯანი, როგორც წესი, ცდილობს მოსკოვთან მიმართებით ფრთხილი და ბალანსირებული პოლიტიკა შეინარჩუნოს. თუმცა, საკუთარ მოქალაქეებზე თავდასხმამ და სახელმწიფო კომპანიის აქტივების განადგურებამ ბაქოს მკაცრი რეაგირებისკენ უბიძგა.
როგორია პუტინის პოზიცია
რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებზე რეაგირება სარკისებური და რამდენჯერმე უფრო ძლიერი იქნება, - განაცხადა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახალხო ფრონტის პროექტების გამოფენაზე.
„ჩვენი პასუხები ყოველთვის სარკისებური იქნება. სადაც არ უნდა სცადონ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, ჩვენც იგივენაირად ვუპასუხებთ, მხოლოდ რამდენჯერმე უფრო ძლიერად. მტერი ამას იგრძნობს. იმედი მაქვს, ისინი უკვე გრძნობენ ამას. და ისინი ამას მუდმივად მზარდი მასშტაბით იგრძნობენ“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
ასევე ივლისის დასაწყისში პუტინმა განაცხადა, რომ რაც უფრო მეტ დარტყმას მიაყენებს უკრაინა ინფრასტრუქტურას, მით უფრო დიდი უსაფრთხოების ზონა უნდა შეიქმნას. მისმა პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, პრეზიდენტის სიტყვები მოიყვანა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს თავდასხმები საზოგადოების „დესტაბილიზაციის“ მცდელობის მიზნით ხორციელდება.
გარდა ამისა, პუტინმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთის არმია ინარჩუნებს სტრატეგიულ უპირატესობას და „ყველა მიმართულებით“ მიიწევს წინ. მისი თქმით, „არც ერთი ჭურვი და არც დრონების დარტყმა ამ სიტუაციას არ შეცვლის“.