
საწვავის კრიზისმა რუსეთში წარმოებასა და ტრანსპორტირების კუთხით საკმაოდ მძიმე ვითარება შექმნა. უკრაინული დარტყმებით დაზიანებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაზიანებამ ბენზინის დეფიციტი გამოიწვია და უკვე სოფლის მეურნეობასა და სურსათის წარმოებას უქმნის საფრთხეს. ამ ყველაფერს ადგილზე პროდუქციის გაძვირება მოჰყვა. ამ დროს საქართველო დიდწილად სწორედ რუსეთიდან მარაგდება, განსაკუთრებით ეს მარცვლეულისა და ზეთის სეგმენტია, რომლიც იმპორტიც შეიძლება შეიზღუდოს და ალტერნატიული ბაზრების მოძიება გახდეს საჭირო. როგორც ქართველი იმპორტიორები აცხადებენ, დეფიციტი არ გვექნება, მაგრამ პროდუქტი გაგვიძვირდება. განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ხორბალი, მზესუმზირის ზეთი, შაქარი და სხვა.
ეკონომისტი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ გლობალური ეკონომიკის პირობებში ერთი ქვეყნის მასშტაბით განვითარებული კრიზისი სხვა სახელმწიფოებზეც აისახება, ხოლო საქართველოსთვის მთავარი რისკი იმპორტზე მაღალი დამოკიდებულებაა.
,,მსოფლიოში ფაქტობრივად, აღარ არსებობს ქვეყანა, რომელიც სრულად თვითკმარია, ამიტომ ნებისმიერი გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური დაძაბულობა საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდას იწვევს.
რუსეთში მიმდინარე ეკონომიკურმა და სამხედრო პროცესებმა, მათ შორის ენერგორესურსებთან, ლოგისტიკასა და სოფლის მეურნეობაში შექმნილმა პრობლემებმა, შესაძლოა, საქართველოზეც უარყოფითი გავლენა იქონიოს“, - აღნიშნა არჩვაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.
მისივე შეფასებით, საქართველო განსაკუთრებით მგრძნობიარეა მსგავსი პროცესების მიმართ, რადგან სასურსათო პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი იმპორტზეა დამოკიდებული.
„წლების განმავლობაში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გვაქვს - მეტი შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს. მარცვლეულზე ადგილობრივი წარმოება მოთხოვნის მხოლოდ 20-22%-ს აკმაყოფილებს. ასევე იმპორტდამოკიდებულებაში ვართ ხორცსა და ხორცპროდუქტებზე. თვითუზრუნველყოფის ზღვართან მხოლოდ რამდენიმე სახეობის სურსათზე ვართ, მაგალითად, კარტოფილითა და კვერცხით. დანარჩენი პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციის დიდი ნაწილი იმპორტით შემოდის.
ამიტომ აგრარული სექტორი კვლავ რჩება ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ რგოლად. საჭიროა მეტი ინვესტიცია, მეტი წახალისება და მხარდაჭერა, რათა ადგილობრივი წარმოება გაიზარდოს“, - აღნიშნა ეკონომისტმა.
ქართველი მწარმოებლები და იმპორტიორები რომელიმე პროდუქციის დეფიციტს გამორიცხავენ. ისინი ჯერჯერობით ვერც განგაშის საფუძველს ხედავენ და აცხადებენ, რომ იმპორტის შეწყვეტა რუსეთიდან ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში, პროდუქტი როგორც რუსეთში, ასევე საქართველოშიც გაძვირდება.
საქართველოში ზეთის ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელი კომპანია ,,ჩირინაა". როგორც კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ აღნიშნა, რუსეთიდან იმპორტის შეწყვეტის საფრთხეს ნაკლებად ხედავს, თუმცა, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ზეთის მომარაგების კუთხით რისკი ფაქტობრივად არ იქნება.
,,ზეთი პირველადი მოხმარების პროდუქტია და უწყვეტი მომარაგება მნიშვნელოვანია აქამდე არ შეზღუდულა და არც მომავალში ველით. რუსეთიდან თუ რაიმე პრობლემა გაჩნდა, ალტერნატიული ბაზრებით ჩანაცვლდება, თუმცა ფასი შეიძლება შეიცვალოს, თვითღირებულება მოიმატებს. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ საკუთარი მარაგი გვაქვს და ამ მხრივ არანაირ პრობლემას არ განვიცდით. თუ რომელიმე მიმართულებით იმპორტი შეფერხდა, გამოსწორდება. გლობალურად არ არსებობს იმის საფუძველი, რომ მიწოდების რისკი გაჩნდეს. თანაც არ მგონია, ამ გაურკვევლობამ დიდხანს გასტანოს.
მე სხვა პრობლემას უფრო ვხედავ. ხალხი შემოვა დიდი რაოდენობით რუსეთიდან, ტურისტებს არ ვგულისხმობ. არ არის გამორიცხული, საცხოვრებლის ძიების მიზნით რუსების შემოდინება გაიზარდოს, ეს უფრო დიდი საფრთხერა, ვიდრე კონკრეტული პროდუქციის იმპორტის კლება“, - აღნიშნა ბიზნესმენმა ,,რეზონანსთან“ საუბრისას.
ანალოგიური მოლოდინია შაქრის ბაზარზეც. მეწარმე თენგიზ ფაცაცია ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში რუსული შაქარი პრიორიტეტული ისედაც აღარაა და იმპორტის შეზღუდვა არსებულ დინამიკას ვერ შეცვლის.
,,რუსეთიდან შაქრის იმპორტი დიდი რაოდენობით აღარ ხორციელდება. ამ სეგმენტში რუსეთზე ნაკლებად ვართ დამოკიდებული, თუმცა თუ გარკვეული პროდუქციის შემოტანა შეფერხდება, ეს მაინც მოახდენს გავლენას როგორც მიწოდების კუთხით, ასევე ფასზეც. ალტერნატიული ბაზრებით ჩანაცვლება ლოგისტიკური ხაზის გადაწყობას გამოიწვევს და ამან შეიძლება სურსათი გააძვიროს. შაქრის ბაზარზე სტაბილურობა მეტ-ნაკლებად გვექნება, რადგან ,,აგარის“ შაქრის ქარხანა დიდი დატვირთვით მუშაობს. ბოლო პერიოდში გარკვეული ფასდაკლებაც დაიწყეს, 1 ტომარა 7 ლარით გაიაფდა.
რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, იქ სულ არის პრობლემა, რუბლიც დრო და დრო უფასურდება, მაგრამ ფასების კუთხით სტაბილურობას მაინც ინარჩუნებდნენ. აქ პირიქითაა, ლარი მყარდება, მაგრამ ყველაფერი გვიძვირდება. ახლა, თუკი რაიმე მიზეზით რუსეთიდან იმპორტი შეიზღუდება, მოგვიწევს სხვა ბაზრებზე გადართვა, თუმცა იაფი ალტერნატივის მოძებნა შეიძლება გაჭირდეს", - განუცხადა ,,რეზონანსს“ თენგიზ ფაცაციამ.
2026 წლის ივლისში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მოცულობა ბოლო 21 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. რუსეთის ქარხნები დღე-ღამეში, საშუალოდ, 4 მილიონ ბარელზე ნაკლებ ნავთობს ამუშავებენ - უფრო დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ 2005 წლის მარტში დაფიქსირდა.
,,როსსტატი" ქვეყანაში ოფიციალურად 5–5,5%-იან ინფლაციას ასახელებს, მაგრამ მოქალაქეები ამბობენ, რომ მათი ყოველდღიური სასურსათო კალათის მიხედვით, ფასები რეალურად დაახლოებით 15,5%-ით არის გაზრდილი.